"ძალიან მოსწონთ და წაშლა აღარ უნდათ" - მასწავლებელი, რომელიც დილით მოსწავლეებს საოცრად მოხატულ დაფას ახვედრებს
"ძალიან მოსწონთ და წაშლა აღარ უნდათ" - მასწავლებელი, რომელიც დილით მოსწავლეებს საოცრად მოხატულ დაფას ახვედრებს
ასმათ კუპატაძე 17 წელია პედაგოგია - ის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის. მოსწავლეებისთვის მოტივაციის ამაღლებისა და დღის გახალისების მიზნით, ფერადი ცარცებით დაფაზე ხატავს და ასე ახვედრებს ბავშვებს. ამბობს, რომ ეს მეთოდი ამართლებს და ხატვის სურვილი მათაც უჩნდებათ. ასმათ კუპატაძეს არაერთი საინტერესო ნამუშევარი აქვს.

mshoblebi

- სექტემბერში, როდესაც სწავლა იწყება, ყველა მასწავლებელი ცდილობს, რომ თავისი კლასი გაალამაზოს
და სასიამოვნო გარემო შეუქმნას მოსწავლეებს. მე-6 კლასი ჩემი სადამრიგებლო კლასია და ვეცადე, ამ ფორმით გამეხალისებინა ისინი. აქედან გამიჩნდა იდეა, რომ ხანდახან ლამაზად მოხატული დაფით მოტივაცია მიმეცა ბავშვებისთვის და ორშაბათს რომ მოვიდოდნენ ხოლმე, ხალისიანად დაეწყოთ სასწავლო კვირა.ყოველდღე ამასვერ ვახერხებ, რადგან რთულია და ბევრ დროს მოითხოვს, მაგრამ როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, ყოველთვის ვცდილობ მათ წახალისებას.

mshoblebi

- რა რეაქცია აქვთ ბავშვებს, როდესაც თქვენ მიერ მოხატულ დაფას ხედავენ?

- ძალიან უხარიათ, მოსწონთ და წაშლა აღარ უნდათ, მაგრამ როდესაც გაკვეთილები იწყება, ბუნებრივია, დაფის გამოყენება სჭირდებათ. რამდენჯერმე წაუშლელიც კი დამხვდა. ვეუბნები ხოლმე, წაშალეთ და გამოიყენეთ, მე კიდევ შემიძლია დახატვა-თქო. მასწავლებლებსაც ენანებათ ნახატები წასაშლელად. მე ხომ ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ დღე ხალისიანად დაიწყონ ბავშვებმა.

mshoblebi

- რაში გეხმარებათ ეს მეთოდი?

- გარდა იმისა, რომ ბავშვებს ძალიან უხარიათ, როცა მოხატულ დაფას
ხედავენ, უჩნდებათ სურვილი, თავადაც გააკეთონ მსგავსი რამ. ხელოვნების გაკვეთილზე უფრო მეტი მოტივაცია აქვთ. მეც ვეხმარები. თეორიული მასალის გარდა, თითქმის ყოველ გაკვეთილზე გვაქვს პრაქტიკული მეცადინეობა, რაც დადებით ემოციებს იწვევს. ასევე, სურვილი უჩნდებათ, რომ სხვისი ნამუშევრებიც ნახონ, გაარჩიონ და ამაზე ისაუბრონ. სულ ვეუბნები, შეიძლება მხატვრები არ გამოხვიდეთ, მაგრამ ხატვის შესწავლა მინიმალურ დონეზე მაინც შეიძლება-თქო. ეს კი საკუთარი გრძნობებისა და ემოციების გამოხატვაში ეხმარებათ.

- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვებთან ურთიერთობისას?

- ბავშვებთან ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია დამოკიდებულება. უნდა ვაგრძნობინოთ მოსწავლეებს, რომ ისინი არიან მთავარი. ყოველთვის ვცდილობ, შევაქო, წავახალისო და კარგისკენ წავაქეზო. შეიძლება იდეალურად არ გამოუვიდა ნამუშევრის შესრულება, მაგრამ, იმიტომ, რომ საკუთარ თავში არ ჩაიკეტოს და სტრესი არ მიიღოს, ვცდილობ წავახალისო, ვეუბნები, რომ ძალიან კარგია, შემდეგში უკეთესს გავაკეთებთ, მეც დაგეხმარები და ყველაფერი გამოგივა-თქო. ესძალიან კარგი მოტივაციაა.

- ხატვის ნიჭი ბუნებრივად ბევრ ბავშვს არ აქვს, თქვენ როგორ ცდილობთ მათში ნიჭის განვითარებას?

- თუ ხატვა არ გამოსდის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეუძლია. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ზოგზე წახალისებაც მოქმედებს. ბავშვების 90%-ს მაინც შეუძლია,რაღაც დახატოს, თუ ყურადღებით იქნება. ყოველთვის ვაკვირდები ბავშვებს და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, თუ სწორად მიიტან სათქმელს და მარტივად აუხსნი, მერე ყველაფრის გაკეთებას შეძლებენ. საკუთარ ემოციებს მშვენივრად გადმოსცემენ არა მარტო ხაზებში, არამედ ფერებშიც. მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლები იყვნენ. ხელოვნება ძალიან დიდ როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი ბავშვის განვითარებაში, რდგან საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო დარგია. გარდა ამისა, ხატვა საუკეთესო თერაპიაა და ბევრი რამის ამოცნობა შეიძლება იქიდან, თუ რას დახატავს მოსწავლე.

mshoblebi

- ხატვის გარდა, ასწავლით ხელოვნების ისტორიას, რატომაა მისი სწავლა მნიშვნელოვანი?

- დაწყებითი კლასებიდან ისწავლება ეს საგანი და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გარშემო ყველაფერი ხელოვნებაა. სწავლობენ უდიდეს მხატვრებს და მათ შემოქმედებას, საგანს კავშირი აქვს გეოგრაფიასთან, ისტორიასთან, ლიტერატურასთან, არქიტექტურასა და ქანდაკებასთან, ფიზიკასთანაც კი. ვეხებით რელიგიას და განვიხილავთ სხვადასხვა საკითხს სხვადასხვა კუთხით.

- ბავშვებს თუ მოსწონთ ხატვის პროცესი და რამდენად აქტიურად არიან ჩართულნი?

- სკოლის ფარგლებში ვაკეთებთ ხოლმე გამოფენებს, რაც ძალიან მოსწონთ ბავშვებს. ახლა პროექტს ვგეგმავთ საქართველოს ცნობილ არქიტექტურულ ძეგლებზე და აქაც აქტიურად არიან ჩართულნი. ასე, რომ ეს საგანი ბევრი უნარის განვითარებაში ეხმარება მათ.

mshoblebi

- საკუთარ შემოქმედებაზეც რომ ისაუბროთ...

- როგორც მახსოვს, ღრმა ბავშვობიდან ვხატავ. ერთხელ მამამ სტუმრად წამიყვანა მამიდასთან. როგორც ჩანს, უყურადღებოდ დამტოვეს, მეც ვიხელთე დრო და მთელი კედელი მოვხატე. აქედან დაიწყო ჩემი პროფესიული საქმიანობა. რაც შეეხება ჩემს შემოქმედებას, სულ ძიებაში ვარ, ახლაც ვსწავლობ. სურვილი მიჩნდება ყველანაირ მასალას შევეხო. ვძერწავ, ვქსოვ, ვკერავ, ვმუშაობ ზეთში, პასტელში, გუაშში, აკვარელსა და გრაფიკაში. დაახლოებით, 500-მდე ნამუშევარი მაქვს. მქონდა რამდენიმე გამოფენა. ნებისმიერი ჟანრის ნამუშევრებს ვქმნი. მაქვს ყაისნაღით ნაქსოვი თოჯინები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ გამოფენაზე გავიტანე. ძირითადად, მიყვარს ზეთში და ფანქარში მუშაობა. უამრავი პორტრეტი მაქვს შექმნილი გრაფიკული გამოსახულებით.

mshoblebi

- სკოლის ეზოც თქვენი გაფორმებულია, როგორც ვიცი...

- სკოლის ეზოს "ქვის ბაღი" დავარქვი. მხოლოდ ორი სახის მასალა გამოვიყენე - ქვა და პოლიეთილენის ბოთლები. რიყის ქვებით კალათები ავაშენე და სულ მუდამ ყვავილებით რომ ყოფილიყო გალამაზებული, პოლიეთილენის ბოთლებისგან გამოვჭერი და შევღებე, ასევე ქვის ცხოველების გამოსახულებებით გავაფორმე პატარა ბაღი. მუდმივად ძიებაში ვარ. არ მიყვარს ერთი ადგილის ტკეპნა. ბევრი იდეა მაქვს განსახორციელებელი. ამისათვის მთავარია მონდომება და დრო.

mshoblebi

თამარ იაკობაშვილი

5542
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ალექს
0
ღმერთო, გავანძრევთ ხელს და გვიშველე,რა ?!
19:50 / 18-02-2020
222
0
დიდი ბედნიერებაა ასეთი მასწავლებლის ყოლა!
15:56 / 18-02-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი