განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის თქმით, სკოლაში მისვლის უფლება უნდა მიეცეთ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრამდე უსრულდებათ.
"ინიციატივა არაერთხელაა გაჟღერებული და მეც დავეთანხმები იმ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ: სკოლამდელი მზაობის პრინციპები გათანაბრებული უნდა იყოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე. ეს მიზნები ამბობს, რომ სწავლება ხარისხიანი და თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის. სამწუხაროდ, საქართველოში სკოლამდელი განათლება ბევრისთვის არათანაბრადაა ხელმისაწვდომი. იმისათვის, რომ ბაღებმა ავტორიზაცია დაიბრუნონ, შვიდი სხვადასხვა საკითხია მოსაწესრიგებელი, რაც საკმარისად დიდ მზაობას მოითხოვს. ეს იქნება კვება, ჯანდაცვა, ადამიანური რესურსები, ინფრასტურქტურა, ოთახების სიდიდე, სადაც ზოგ შემთხვევაში ბევრი ბავშვია, ასევე, 5-6 წლის ბავშვებისთვის განათლების კომპონენტის შემოტანა. ეს კომპლექსური საკითხია. მთავარია, ბავშვი სოციუმთან კომუნიკაციას ახერხებდეს. ზოგ შემთხვევაში 7 წლის ბავშვსაც უჭირს სკოლასთან შეგუება, 5 წლის ბავშვი კი კარგად ახერხებს ამას. ერთიანი სისტემის არქონა მსგავს პრობლემებს იწვევს. თუ ეს საკითხი მოწესრიგდებოდა, სკოლამდელი მზაობის პრობლემა ამოიწურება, ალბათ ყველაზე კარგი დრო 31 დეკემბერი იქნება იმიტომ, რომ წელიწადი იცვლება. მაგალითად, თუ 15 სექტემბერი ორშაბათი არ არის, მაშინ გამოდის, რომ ზოგ შემთხვევაში 16 სექტემბერს დაბადებულ ბავშვებს მივცემთ სკოლაში წასვლის უფლებას, ზოგ შემთხვევაში კი არა. ამიტომ, იმ პირობების გათვალისწინებით, რაზეც უკვე ვისაუბრე, კარგი იქნება, თუ ერთიანი თარიღი განისაზღვრება." - განაცხადა Mshoblebi.ge-სთან საუბრისას გენადი მარგველაშვილმა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ამბობენ, რომ საკითხის შესახებ ჯერ-ჯერობით ცვლილება არ იგეგმება და პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები უკვე განსაზღვრულია.
თამარ იაკობაშვილი