რამდენიმე დღეა მოსწავლეების დისტანციური სწავლების ერთ-ერთ გზად ტელესკოლა იქცა. მართალია, ეს პროექტი სულ ახალი დაწყებულია, ამის მიუხედავად შეიძლება ითქვას, რომ პირველივე დღეს ფურორი მოახდინა გოგი ლაზრიშვილის, იგივე "ცვანციკა მასის" მათემატიკის გაკვეთილმა. ასეულობით მშობელი წერს, შვილების აღფრთოვანებაზე და იქვე ამატებენ, - თურმე მათემატიკა რა ადვილი და
საინტერესო ყოფილა, გაკვეთილს ჩვენც ვერ მოვწყდითო...
- არა მხოლოდ ბავშვები, უამრავი მშობელიც გწერთ, - რა ბედნიერებაა, რომ თურმე რა მარტივი და რა კარგი ყოფილა მათემატიკა, გაკვეთილის დამთავრება არ გვინდოდაო...
- ეს შეფასებაა ჩემთვის პრემიაც არის და ღირსების ორდენიც. მთელი ცხოვრებაა იმის დამტკიცებას ვცდილობ, რომ მათემატიკა სულაც არ არის რთული და ყველამ შეიძლება ისწავლოს! და უნდა ისწავლოს იმიტომ, რომ მათემატიკა გვასწავლის ლოგიკურ აზროვნებას, რაც ასე საჭიროა ცხოვრების პრობლემების გადასალახად.
მაგრამ საქმე იმაშიც არის, რომ დღეს მათემატიკის სწავლას და არა მხოლოდ, ხელს უშლის ის სირთულეები და წიაღსვლები, რაც ჩვენს სახელმღვანელოებშია. გენიალობა სიმარტივეშია! როდესაც თუნდაც მეხუთეკლასელებისთვის ვწერდი ონლაინკაგვეთილებს და რამდენიმე სახელმძღვანელოს ერთად გადავხედე, უფრო მძაფრად ვიგრძენი, რომ ასეთ "წიაღსვლებში" ბავშვი იკარგება. სჯობს, ბავშვმა ცოტა იცოდეს, მაგრამ ის ძირითადი იცოდეს, რაც ყველგან გაუღებს კარს. არ არის სავალდებულო ყველა მათემატიკოსი გამოვიდეს, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს მათემატიკის "ანი" და "ჰოე"!
- არადა, მათემატიკა ტრადიციულად რთულ საგნად მიიჩნევა...
- ეგ მითია და მთელი ცხოვრება ვცდილობ, მაგ მითის დამსხვრევას. რას ჰქვია, რომ მათემატიკას ყველა ბავშვი ვერ ისწავლის! ვინ იცის, რამდენი მშობელი მოსულა ჩემთან და დაახლოებით ასეთი რამ დაუჩივლია, - მე მხატვარი ვარ, ჩემი მეუღლე მუსიკოსი, აბა, ჩვენს შვილს მათმატიკის შესწავლის ნიჭი საიდან ექნება, გენეტიკა არ უწობს ხელსო... არადა, ეს აბსურდია. მთავარია, მასწავლებელი "ჩაუჯდეს" და ბავშვი გაიყოლოს მათემატიკის ძალიან საინტერესო გზაზე. უთხრას, - მოდი აქ, ნახე რა საინტერესოა, ჩემთან ერთად დაიწყე ფიქრი, ჩემთან ერთად "იფუსფუსე" და ერთად ვნახოთ, რამხელა აზარტია, როდესაც სწორ პასუხს მიიღებო! აი, როდესაც ბავშვი მათემატიკაში სწორ პასუხს იღებს და სახე უბრწყინავს, სწორედ ეს გვაძლევს ყველაზე ლამაზად პასუხს იმაზე, რა არის მათემატიკას და რაში გვჭირდება, რას ნიშნავს მისი სწავლა.