შეცვლიან თუ არა კერძო სკოლები თანხის გადახდის პირობებს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე - "ბევრი კერძო სკოლა დაკარგავს მოსწავლეებს ამ მიდგომით..."
შეცვლიან თუ არა კერძო სკოლები თანხის გადახდის პირობებს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე - "ბევრი კერძო სკოლა დაკარგავს მოსწავლეებს ამ მიდგომით..."
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების და მისგან გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამო, რა ხანია, სასწავლო პროცესი შეჩერებულია და ონლაინსწავლების რეჟიმზეა გადასული განათლების სისტემა. ამ ფონზე, ზოგიერთი კერძო სკოლა იღებს გადაწყვეტილებას, რომ მოსწავლეებს გადასახადის ნაწილი დაუქვითოს, ნაწილი კი კვლავ იმ თანხას ახდევინებს, რაც ვირუსის გავრცელებამდე, სკოლის ნორმალური ფუნქციონირებისას იყო განსაზღვრული. ამ ფაქტს მშობლები აპროტესტებენ და ამბობენ, რომ სკოლამ გარკვეული შეღავათი უნდა გაუწიოს. გთავაზობთ რამდენიმე მშობლის მოსაზრებას, რომლებმაც მოგვწერეს:

  • "ჩემი აზრით, დიდი უნამუსობაა, როცა ამ პირობებში, როცა გარშემო ადამიანების უმრავლესობა უმუშევარია ფაქტობრივად და როცა შენ,
    სკოლას, მხოლოდ მასწავლებლების ხელფასი გაქვს გასასტუმრებელი და სხვა სახის ხარჯი არ გაქვს, მშობლებს იგივე თანხებს ახდევინებ, თანაც, არც ისე ცოტას. ეს არის სრულიად არასოლიდარული და მომხმარებლური დამოკიდებულება და ვფიქრობ, ბევრი კერძო სკოლა დაკარგავს ბავშვებს ამ მიდგომის გამო..."
  • "ჩვენს სკოლაში, "ოპიზაში" დამყავს ბავშვები და მინდა ვთქვა, რომ ისედაც არ არის მაღალი გადასახადი, სხვა სკოლებთან შედრებით, კიდევ 20% დაგვიკლეს მშობლებს - მარტი, აპრილი, მაისი ასე უნდა გადავიხადოთ და ნამდვილად კარგი ნაბიჯი იყო. თანაც, ონლაინსწავლება ნამდვილად კარგ დონეზეა და ბავშვები სრულფასოვნად სწავლობენ, ანუ ამითაც კმაყოფილი ვარ. ასევე ჩემი მეგობრის შვილები სწავლობენ "ალბიონში" და იქაც ძალიან კარგი შეღავათი
    დაუწესეს მშობლებს. ასეთ დროს თუ არ გაითვალისწინებ შექმნილ მდგომარეობას, ნამდვილად არასწორი იქნება ეს".
  • "ჩვენს სკოლაში სრულიად არაფერს ცვლიან. ზუსტად იგივე, თანაც ძალიან მაღალი გადასახადია და ერთი წუთითაც არ ფიქრობენ დაკლებას. სავარაუდოდ, გავწყვეტ კონტრაქტს და გამოვიყვან, იმდენად გამაღიზიანა ამ მიდგომამ".
  • "ჩემს ნათესავს სკოლა "გენიოსში" დაჰყავს ბავშვები და იქ მშვენიერი შეღავათები გაუკეთეს, მხოლოდ 35%-ს ახდევინებენ. სხვაგან, ჩემს საახლობლოში, არ გაუკეთებიათ შეღავათები".
  • "ჩვენ "მთიებში" დავდივართ და ჩვენთან 20% მოგვიკლეს, რაც ნამდვილად მისასალმებელია".
  • "ჩვენი სკოლა არ აპირებს შეღავათის დაწესებას, არადა იაფს ნამდვილად არ ვიხდით. გასაგებია, რომ ონლაინგაკვეთილები ძალიან სწრაფად დაიწყეს და სწავლებით უკმაყოფილო არ ვარ, თუმცა მათგან რაღაც სიმბოლურ ჟესტს მაინც ველოდი, თუნდაც სოლიდარობის ნიშნად, რაღაც პროცენტი რომ დაეკლოთ. იმედგაცრუებული დავრჩი და განწყობაც შემეცვალა ამ სკოლის მიმართ".

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სამინისტრო კონკრეტული თანხის დარეგულირებაში არ იღებს მონაწილეობას და მხოლოდ ამოწმებს იმ სტანდარტებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს თითოეული სკოლა, რომ ავტორიზაცია მიიღოს.
"სახელმწიფოს მხრიდან კერძო სკოლები ვაუჩერით ფინანსდება. დანარჩენი გადასახადი სკოლას თავად აქვს დაწესებული და მოსწავლის მშობელსა და კონკრეტულ კერძო სკოლას შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრება, რაზეც თავად აგებენ პასუხს." - ამბობენ განათლების სამინისტროში.

ასევე დავუკავშირდით რამდენიმე კერძო სკოლას და გავიგეთ, შესთავაზებენ თუ არა საშეღავათო პირობებს მოსწავლეების მშობლებს.

"ჩვენთან თანხას სემესტრის დასაწყისში იხდიან, შესაბამისად, ახლა შეღავათით ვერ ისარგებლებენ. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ბავშვები აღარ იყენებენ ტრანსპორტს, კვებას, თემატურ ექსკურსიებსა თუ სხვას, ინდივიდუალური დაანგარიშებით გარკვეული თანხა მომავალი სასწავლო წლის ბალანსზე დაუჯდებათ." - განგვიცხადეს "ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში".

სკოლა-ლიცეუმ "ცოდნაში" გვითხრეს, რომ ჯერჯერობით სწავლის გადასახადის ცვლილებაზე არ ფიქრობენ, თუმცა ინდივიდუალურად, თუ რომელიმე მოსწავლის მშობელი სამსახურის გარეშე დარჩა და შეექმნა ფინანსური პრობლემები, მათი საქმე ცალკე განიხილება.

"ქართულ ამერიკულ უმაღლეს სკოლაში" ამბობენ, რომ გადასახადს 20% დააკლდება.

მოსაზრების გამოთქმა ვთხოვეთ აღნიშნულ საკითხზე ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" თანადამფუძნებელს მეგი კავთუაშვილს:

- უნდა გააიაფონ თუ არა სწავლის გადასახადი კერძო სკოლებმა? მე მგონია, რომ უნდა გააიაფონ. სულ მცირე კვების და ტრანსპორტის თანხა უნდა გამოაკლონ. თუმცა ერთიც არის. კერძო სკოლებში მხოლოდ ძალიან მდიდრების შვილები არ დადიან. ისეთ ხალხსაც დაჰყავს ბავშვები, ვინც ფულს ითვლის. სტაბილური სამსახური და ხელფასი აქვს (ჰქონდა), ან თვითდასაქმებულია.. ასეთი ადამიანების ნაწილი საერთოდ შემოსავლის გარეშე დარჩა და დიდი შანსია, რომ ბევრი მათგანი მარტი, აპრილი, მაისი, ივნისის თანხას საერთოდ ვერ გადაიხდის.
ამიტომ კერძო სკოლამ გადასახადი უნდა შეამციროს, თუმცა არა იმდენად, რომ იმ ბავშვების გაშვება მოუხდეს, ვინც ამ პერიოდში ვერ ფარავს გადასახადს. ასევე, არა იმდენად, რომ მასწავლებლების და სხვა პერსონალის ხელფასს შეექმნას საფრთხე.
კერძო სკოლებმა ამ პერიოდში უარი უნდა თქვან მოგებაზე, დასჯერდნენ ხელფასებს (თუ ააიპ-ია ისედაც არ ექნებათ მოგება), ჯანსაღი კომუნიკაცია დაამყარონ მოსწავლეთა მშობლებთან. ორგანიზებულად ჩაერთოდ დისტანციური სწავლების ფორმატში. და თუ რისკის ქვეშ დადგა მისი არსებობა (დავუშვათ, ვერ მოიძიეს დამატებითი თანხები სხვა წყაროებიდან), ეს სკოლები უნდა შეინარჩუნონ იმ მშობლებმა, ვისაც კრიზისის მიუხედავად, შემოსავალი მაინც აქვს. ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაა. იხდი შენი შვილის სწავლის გადასახადს და იცი, რომ ზოგიერთი მეგობრის ყოფნა მის კლასში, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება. და კიდევ ერთი, მაისში რომ იღებდნენ შემდეგი სასწავლო წლის ღირებულების ნაწილს, ეს თანხაც უნდა გადაავადონ ივლის-აგვისტომდე.

1504
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
????
0
კერძო სკოლებმა უნდა გააკეთონ დიდი შეღავათები.სკოლას არაფერი ხარჯი არ აქვს პედაგოგის ხელფასის გარდა.ჩვენ კი კერძო სკოლაში იმიტო დაგვყავდა, ესწავლათ კარგ გარემოში და თან წრეებზე ეარათ.ახლა ბავშვები სახლში სხდანან და სკოლამ სრული ფული რაში უნდა აიღოს?
20:39 / 20-04-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?