მასწავლებლის წერილი მშობლებს, რომლებიც სულ სკოლისკენ იშვერენ თითს - "თავად დგახართ მოწოდების სიმაღლეზე? ნახევარი კლასი არ ესწრებოდა გაკვეთილებს... ახლა ხომ შინ გყავთ ბავშვები?"
მასწავლებლის წერილი მშობლებს, რომლებიც სულ სკოლისკენ იშვერენ თითს - "თავად დგახართ მოწოდების სიმაღლეზე? ნახევარი კლასი არ ესწრებოდა გაკვეთილებს... ახლა ხომ შინ გყავთ ბავშვები?"
ეს წერილი ერთმა ჩვენმა მკითხველმა მოგვწერა, რომელიც პროფესიით მასწავლებელია. როგორც თავად ამბობს, ბევრი დაუგროვდა სათქმელი და გაგვიზიარა, თუმცა ანონიმურად ამჯობინა მისი გამოქვეყნება:

"12 წელია სკოლაში ვმუშაობ. საკმაო გამოცდილება დამიგროვდა. ამდენი წლის განმავლობაში სკოლა გამუდმებული ცვლილებებისა და რეფორმების საცდელი პოლიგონია. რა თქმა უნდა, გაზრდილი მოთხოვნები პირველ რიგში მასწავლებლის კისერზე გადადის. ჩვენ უნდა ვიყოთ უშეცდომონი, უპრინციპონი, უთავმოყვარენი, ნამდვილი ფიანდაზი მოსწავლისთვის, მშობლისთვის, განათლების მაღალჩინოსნებისთვის. ვცდილობთ, ბატონო, და გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა. ამაზე საწუწუნოდ ნამდვილად არ დამიწყია წერილის წერა, მაგრამ ბოლოდროინდელმა შექმნილმა ვითარებამ მიიქცია ჩემი
ყურადღება და მინდა ჩემი სათქმელი ვთქვა.

ბოლო დროს სოციალური ქსელი ე.წ. მშობლების სერთიფიკატების ტალღამ მოიცვა. განსაკუთრებით მშობლები აფრიალებენ სერთიფიკატებს, თუ როგორი ჩართული, როგორი წარმატებული მშობლები და თავდადებულნი არიან შვილის სწავლის საქმეში.
სინამდვილეში აი, როგორი რეალობის წინაშე დავდექით: ბავშვი სკოლაში აღარ მოდის, ფიზიკურად სახლშია. სახლშია მისი მშობელიც და მთელი დღის განმავლობაში სწორედ მის თვალწინაა ბავშვი და არა სკოლისა და მასწავლებლების. წესით, ყველა ბავშვი უნდა იყოს გაკვეთილზე და ყველა - მომზდებული. თუმცა, ახლა ნამდვილად უფრო გამოჩნდა, რომელ მშობელს აღელვებს მეტად შვილის განათლება და რომელს აქვს სინამდვილეში მისი აღზრდაცა და განათლებაც მთლიანად სკოლისთვის მინდობილი, ამიტომ სულ სკოლას
ავსებს საყვედურებით, თავად კი საკუთარ როლს ამ საკითხში სრულიად ვერ ხედავს...

აბა, როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება, რომ კლასის თითქმის ნახევარი ალაგ-ალაგ ესწრება ონლაინგაკვეთილებს, ზოგიერთი საერთოდ არ შემოსულა (და ეს მხოლოდ ჩემთან არა, მასობრივად). აქ გაჭირვებასა და უინტერნეტობაზე საუბარი არაა. ეს ბავშვებიც და მათი მშობლებიც სოციალურ ქსელში ფოტოს ფოტოზე დებენ და პოსტებს პოსტებზე უშვებენ. სახლში მყოფ მშობელს როგორ უნდა გამოეპაროს ან არ იცოდეს, რომ ბავშვი ან არ შედის გაკვეთილზე, ან შესული თუა, კამერა გამორთული აქვს და საერთოდ ხმას არ იღებს. ან დავალებების შეუსრულებლობას რატომ არ აკონტროლებდნენ მთელი ამ თვეების განმავლობაში? ხომ აქვთ წლობით სალაპარაკო, რომ მასწავლებლები, სკოლები ვერ უზრუნველყოფენ სათანადო გარემოს. ახლა ხომ შინ ჰყავთ, ძალიან კარგ და მზრუნველ გარემოში, რატომ არ ესწრება ბავშვი გაკვეთილებს, რატომ არ ასრულებს დავალებებს? ახლა კარგად გამოჩნდა, რამდენია პასუხისმგებლიანი და ყურადღებიანი მშობელი და რამდენი - უპასუხისმგებლო... ზუსტად ისეთი მშობლებისგან მესმის, თურმე რა სისულელეა ეს ონლაინსწავლება და რა ძალა ედგა განათლების სამინისტროს, რომ ეს ზომები მიიღო, რომლების შვილებიც საერთოდ არ ესწრებიან ამ გაკვეთილებს. და ალბათ ასეთი მშობლებისა და მოსწავლეების გამო სულაც რომ უარი გვეთქვა ონლაინსწავლებაზე, აკადემიურად გამოგვეცხადებინა წელი, ისევ ისინი აყვირდებოდნენ, რაებს ბედავთ, წელს გვაკარგინებთო...

მე პირადად და ბევრ მასწავლებელს, შემდეგი წლის ნახევარი მაინც დაკარგული გვექნება, რადგან იმ ბავშვებს ხელახლა უნდა დვაძლევინოთ პროგრამა, ვინც ონლაინგაკვეთილები წარმატებით გააცდინა. ერთ უპასუხისმგელობას ხომ მეორე მოსდევს და როგორც ზრდასრულების შემთხვევაში, კანონმორჩილი ადამიანები რომ უფრო იჩაგრებიან ხოლმე, სკოლაშიც ასე მოხდება კვლავაც - მოწესრიგებული და პასუხისმგებლობის მქონე მოსწავლეები უფრო დაიჩაგრებიან ამ ყველაფრის გამო.

ასე რომ, ჩემო კარგებო, სანამ მასწავლებელს და სკოლას დაადანაშაულებთ რამეში, კარგად დაფიქრდით, თავად დგახართ მოწოდების სიმაღლეზე? სკოლა და ოჯახი ერთად უნდა ვცდილობდეთ, მაქსიმუმს ვაკეთებდეთ, რომ ბავშვებს სათანადო ცოდნა მივცეთ, მოვამზადოთ მომავალი არცთუ იოლი ცხოვრებისთვის და ვაგრძნობინოთ, რომ მათზე ზრუნავენ, უფრთხილდებიან და აძლიერებენ".
4359
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
ირინა
0
წარსულში - პედაგოგი,აწმყოში - მშობლის კომენტარზეა ნათქვამი : " რეჩი დაარტყა, კუდი მოიქნია და გავიდა".
23:42 / 02-07-2020
ლელა
2
ყველაფერი ცუდი, მაგრამ კომუნისტებს შესანიშნავი განათლების სისტემა ჰქონდათ, ამას ვერ დავუკარგავთ, შემოიღეთ ისევ ძველი და ვარგისი, ხომ ხედავთ, ექსპერიმენტებმა არ გაამართლა.
11:24 / 02-07-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?