15 სექტემბერს 2084 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი კოვიდსაწინააღმდეგო რეგულაციების დაცვით განახლდება. დავინტერესდით, კონკრეტულად რა ცვლილებები დახვდებათ მშობლებსა და მოსწავლეებს სკოლებში. ამ კითხვით რამდენიმე სკოლას მივმართეთ. აღმომჩნდა, რომ ონლაინსწავლება კვლავ ძალაში რჩება,, თუმცა კლასების მიხედვით კვირის გარკვეულ დღეებში.
თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გვითხრეს, რომ საკლასო ოთახების ფართობის გათვალისწინებით, ბევრი ბავშვის მოთავსება დისტანციის დაცვით შეუძლიათ:
"კლასები არ დაიყოფა იმიტომ, რომ დიდი საკლასო ოთახები გვაქვს. შესაძლებელია 30-35 ბავშვი ერთად დავსვათ იმ სტანდარტის გათვალისწინებით, რაც რეკომენდებულია და ოფიციალურადაა მოწოდებული. მასწავლებლის დატვირთვა არ იზრდება, არ ვამატებთ არაფერს. მერხების რესურსიც გვაქვს. შერეული მეთოდით ვიწყებთ სწავლას და ესეც გვაძლევს შესაძლებლობას, გამოვიყენოთ მხოლოდ დიდი საკლასო ოთახები. პირველიდან მეოთხე კლასამდე სულ ივლიან სკოლაში. მოსწავლეს პირბადე დერეფანში უნდა ეკეთოს, საკლასო ოთახში არა, ხოლო მასწავლებელს თუ ბავშვისგან დისტანციას ვერ იცავს, გაკვეთილის პროცესშიც უნდა ეკეთოს. მშობელი სკოლის შენობაში არ დაიშვება. პირველკლასელთა მიღება ვფიქრობთ, რომ წინა დღეს გავმართოთ და მხოლოდ ისინი იქნებიან სკოლაში." - გვითხრა თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა თამარ კაპანაძემ.
"არ ვყოფთ კლასებს, გვაქვს შესაძლებლობა, რომ 29 ბავშვი დისტანციის დაცვით დავსვათ და ასევე, გვაქვს დაახლოებით 4 ოთახი, სადაც 35 მოსწავლის მოთავსება შეგვიძლია, რა თქმა უნდა, აქაც დისტანციის დაცვით. მასწავლებლის დატვირთვა და შესაბამისად, ანაზღაურება არ იზრდება. არც დამატებითი მერხები გვჭირდება, საკმარისი რესურსი გვაქვს. პირველი - ოთხი კლასი სულ სკოლაში ივლის, მე-5 - მე-7 კლასის მოსწავლეებს ერთი დღე ექნებათ ონლაინ, მე-8-მე-11 კლასის მოსწავლეებს 2 დღე, ხოლო მე-12 კლასის მოსწავლეები 3 დღე ისწავლიან ონლაინ. მოსწავლეებს პირბადე არ უნდა ეკეთოთ, მასწავლებლებს კი იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებთან ახლოს მივლენ და დისტანციის დაცვას ვერ შეძლებენ. სკოლის ტერიტორიაზე მშობლები არ დაიშვებიან, გარდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებისა, რომლებსაც სპეციალური საშვი ექნებათ და ყველა წესის დაცვით შეძლებენ სკოლის ტერიტორიაზე შემოსვლას. პანდემიის ფონზე, სასკოლო ღონისძიება არ გაიმართება."- გვითხრეს 177-ე საჯარო სკოლაში.
15 სექტემბერს სწავლის სრული წესების დაცვით აღდგენას გეგმავს თბილისის 161-ე საჯარო სკოლაც და ყველა საჭირო რესურსს იყენებს:
"კლასების დაყოფა არ ხდება, იმ საკლასო ოთახებში ვსვამთ ბავშვებს, რომლებშიც 54 კვადრატულზე მეტია და შესაძლოა დისტანციის დაცვა. ორი ცვლა გვექნება, თუმცა მასწავლებლის ანაზღაურების ცვლილებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია. დამატებითი მერხები არ დაგვჭირვებია. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პირველი- მეოთხე კლასი აუცილებლად სკოლაში ივლის. სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვექმნება. პირბადე მოსწავლეებს არ ეკეთებათ. მშობლის შენობაში შესვლა კი აუცილებლად გაკონტროლდება, რასაც აქამდეც ვაკეთებდით. სასკოლო ღონისძიება ვერ გაიმართება, დამრიგებლები ინდივიდუალურად ეცდებიან, რომ პირველ კლასელებს პირველი დღე თავად გაულამაზონ კლასში." - გვითხრეს 161-ე საჯარო სკოლაში.
პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაშიც მზად არიან, რომ სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განაახლონ:
"ყველანაირი წესის დაცვით განვაახლებთ სწავლას. საკლასო ოთახების ფართი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კლასები არ გავყოთ და დავიცვათ აუცილებელი ერთმეტრიანი დისტანცია. მასწავლებლების დატვირთვა არ გაიზრდება, დამატებითი მერხები არ გვჭირდება, იმიტომ, რომ გვაქვს საჭირო რესურსი. მშობლები სკოლის შენობაში არ შემოვლენ, ხოლო მოსწავლეები შერეული მეთოდით შეძლებენ სკოლაში სიარულს, რაც განათლების სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა. სასკოლო ღონისძიებები არ გაიმართება, თავს ვიკავებთ ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე." - აღნიშნა თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ, ქეთი მიქანაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:
მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა; შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა; შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა; პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა; სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ; ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება; სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა; ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე; ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება; სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა. თამარ იაკობაშვილი