ნუ ჩააგონებთ ბავშვებს, რომ ონლაინსწავლება არაფრის მომცემია... "სხვა გამოსავალი არ გვაქვს" - რას ფიქრობენ მასწავლებლები ონლაინ სწავლებაზე
ნუ ჩააგონებთ ბავშვებს, რომ ონლაინსწავლება არაფრის მომცემია... "სხვა გამოსავალი არ გვაქვს" - რას ფიქრობენ მასწავლებლები ონლაინ სწავლებაზე
თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში დაიწყება, 1-ლი ოქტომბრიდან კი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება. გადაწყვეტილება მშობელთა და მოსწავლეთა პროტესტის მიზეზი გახდა. მშობლები ძალიან ღელავენ იმ დანაკლისების გამო, რაც ბავშვებს დისტანცირებული სწავლებისგან ელოდებათ. სწორედ ამიტომ, ბევრისთვის ცნობილ და საყვარელ მასწავლებლებს: დაჩი ნანობაშვილს, ლადო აფხაზავასა და მანანა კაპეტივაძეს ვკითხეთ, რას ფიქრობენ სწავლების ონლაინ ფორმაზე და რა რესურსების გამოყენება შეუძლიათ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს პროცესის გამრავალფეროვნებისთვის:

mshoblebi

დაჩი ნანობაშვილი: მე, როგორც მასწავლებელს, ონლაინ სწავლება არ მომწონს, რადგან
გაკვეთილის გეგმის შედგენისას ბევრი კომპონენტი მაქვს გათვალისწინებული და, ამ გზით, მოსწავლეებთან ურთიერთობა გართულებულია. შესაძლოა კონკრეტული კითხვის დროს ბავშვს ხმა გაეთიშოს ან საერთოდ გავიდეს პროგრამიდან და მერე თავიდან უნდა დავიწყოთ პროცესი. მოსწავლეებს კარგად ვერ ვხედავ და ვერც მათ ემოციებს ვიგებ ისე, როგორც კლასში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია, ვიყოთ საკლასო სივრცეში, ვიდრე ონლაინ. თუმცა, ამასაც აქვს თავისი პლუსები. მაგალითად, შემიძლია, რომ კლასი ერთდროულად გავაჩერო და ერთ კონკრეტულ ბავშვს მივცე თქმის უფლება. მორიდებული და ნაკლებად აქტიური ბავშვებისთვის ეს კარგი შანსია, რომ საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნონ და უფრო გაყოჩაღდნენ, რადგან საკლასო ოთახში ძალიან აქტიური მოსწავლეების ფონზე, შეიძლება "დაიჩაგრონ". მოსწავლეებისთვის, რომლებიც საგნის შესწავლით ისედაც დაინტერესებულები იყვნენ, დიდად არაფერი შეცვლილა.
ზუსტად ასეთები იყვნენ ონლაინაც, გაკვეთილის დასრულებისას რჩებოდნენ და მეკითხებოდნენ. თუმცა, კლასში ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა მაქვს. აუცილებელია ყველა მასწავლებელმა, მოსწავლემ და დირექტორმა გაითვალისწინოს გაკვეთილის ხანგრძლივობა. დაწყებით კლასებში მაქსიმუმ 20 წუთი საკმარისია, ცოტა უფროსებთან მაქსიმუმ 30 წუთი, ხოლო დამამთავრებელ კლასებში შეიძლება 40-45 წუთი გაგრძელდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დღეში გადაბმულად რამდენიმე გაკვეთილი დამღლელია. ასევე, ვფიქრობ, თუ კვირის განმავლობაში მათემატიკისთვის 5 საათი იყო გამოყოფილი, არაა საჭირო ონლაინაც ზუსტად ეს დრო გამოვიყენოთ. რაოდენობა ამ შემთხვევაში ხარისხს აფუჭებს. რაც შეეხება დავალებების შერჩევას, მასწავლებლებს ვურჩევდი, რომ ბევრი იმუშაონ საკუთარ თავზე, მოიძიონ რესურსები, რომლებსაც ბავშვებს გაუზიარებენ. ამის საშუალება არის და ესეც შეიძლება პლუსად ჩავთვალოთ, რადგან ყველა საჯარო სკოლაში და, მით უმეტეს, ყველა კლასში პროექტორის გამოყენების საშუალება არ არის. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია უფრო სახალისო ფორმით შევთავაზოთ ბავშვებს დავალებები პრეზენტაციების, ფოტომასალისა თუ სხვა მრავალფეროვანი ვიზუალური მასალით. მოსწავლეებს კი ვურჩევ, რომ უფრო მეტი ყურადღებით ჩაერთნონ სასწავლო პროცესში იმიტომ, რომ ესაა დღევანდელი რეალობა, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. ჩემს დროს კლასებში სიცივე იყო და წერისას ხელები გვეყინებოდა, ახლა ეს პრობლემა გვაქვს. ასე თუ შეხედავთ საკითხს, ბევრად მარტივი იქნება. ძალიან ბევრ ბავშვზე ცუდ გავლენას ახდენს მშობლის ნათქვამი, რომ ონლაინ სწავლება არაფრისმომცემია. ამიტომ, ვურჩევ ბავშვებს, რომ დამოკიდებულება შეცვალონ და კარგ შედეგს მიიღებენ.

mshoblebi

ლადო აფხაზავა: პანდემიის ფონზე, სულ სახლში ჯდომას და არაფრის კეთებას, ონლაინ სწავლება, რა თქმა უნდა, ჯობს. მასწავლებლებმაც ბევრი ვისწავლეთ და ბევრი ონლაინ რესურსი ავითვისეთ. აღზრდის კომპონენტზე სწავლების ეს ფორმა გავლენას ვერ მოახდენს, რადგან უშუალო ურთიერთობა არ გვაქვს ბავშვებთან, მაგრამ სხვადასხვა დავალებისა თუ პროექტის საშუალებით ცოდნის მიღება შესაძლებელია. სამომავლოდ, როდესაც ისინი უნივერსიტეტებში ჩააბარებენ ან გაცვლითი პროგრამით სხვა ქვეყნებში წავლენ, დაესწრებიან ონლაინ კონფერენციებს, ეს უნარები გამოადგებათ. ამიტომ, მშობლების მხრიდან წამოსული აგრესია არ მგონია, რომ მთლად სწორია, რადგან მთელი მსოფლიო გასაჭირშია. სხვა გამოსავალი არ გვაქვს და ერთადერთი ალტერნატივა სწავლების ონლაინ ფორმატზე გადატანაა. ციფრული კომპეტენცია გაიზარდა როგორც მოსწავლეებში, ასევე მასწავლებლებში. ჩვენ ადრე ვერასდროს წარმოვიდგენდით, თუ ამას შევძლებდით. ბავშვები არ იყვნენ შეჩვეულნი ონლაინ რესურსებით ცოდნის მიღებას, აქიდან გამომდინარე, ვფიქრობ, თუ მეორე სემესტრში გაგვიჭირდა და დაკავებული ვიყავით, რომ პლატფორმა შეგვესწავლა, გაგვეგო, როგორ შეგვესრულებინა დავალება, სექტემბრიდან უფრო შედეგიანი იქნება იმიტომ, რომ ძირითადი საკითხები უკვე ვიცით.
ყველა პასუხისმგებლობითა და უფრო მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს ამ პერიოდს. მასწავლებლებმაც უფრო მხიარული და მრავალფეროვანი გაკვეთილები დაგეგმონ. საგაკვეთილო პროცესს სალექციო სახე არ უნდა მივცეთ იმიტომ, რომ ძალიან რთულია. ონლაინ სწავლების დროს მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილები გავაერთიანოთ. შეიძლება სამი გაკვეთილის თემა ერთად წარვადგინოთ და ბავშვებს დოკუმენტური ფილმი ან სხვა ონლაინ რესურსი შევთავაზოთ იმისათვის, რომ ამ კონკრეტული გაკვეთილის დავალებების შესრულება უხაროდეთ. პირველ დღეს რომ გაკვეთილი ჩავატარეთ, მეორე დღეს ზუსტად ისეთი აღარ უნდა გავიმეოროთ, რადგან ბავშვებს სწრაფად ბეზრდებათ და შესაძლოა, არც მოგვისმინონ. ორმაგი დატვირთვა ავიღეთ საკუთარ თავზე.

mshoblebi

მანანა კაპეტივაძე: ონლაინ სწავლების ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გამართულია ინტერნეტი და ტექნიკა. გარდა ამისა, რამდენად მონდომებულია როგორც მასწავლებელი, ასევე მოსწავლე. ადამიანზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური პრობლემები მოგვარებულია. ახლა მშვიდობის კორპუსის ბანაკს ვატარებ ონლაინ, ბავშვები მონდომებულები არიან, მაგრამ არასათანადო ინტერნეტრესურსის გამო, ძალიან უჭირთ სრულფასოვნად ჩართვა. ესაა მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც რომ აღმოიფხვრას და ორივე მხარეს ჰქონდეს მონდომება, მაშინ შედეგის მიღწევა შესაძლებელია. რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, როდესაც მოსწავლეს ვერ უყურებ და ეკრანიდან გიწევს ურთიერთობა. ეს პროცესი პატარებთან და, განსაკუთრებით პირველკლასელებთან, ძალიან რთულია. მშობელთა ჩართულობის გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია პროცესის წარმართვა. აქ კიდევ ერთ სირთულეს ვაწყდებით, რადგან ზოგჯერ მშობელს არ აქვს ტექნოლოგიური უნარები. ამიტომ, ჯერ გიწევს მათთვის ახსნა, როგორ ჩართონ და რა უნდა გააკეთონ, მერე უკვე ბავშვებისთვის სწავლება, რაც ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ოჯახები, სადაც ორი და მეტი შვილი სკოლის მოსწავლეა, ან მშობლები, ვინც მუშაობს და პატარებთან არ ჰყავთ დამტოვებელი, ძალიან გაუჭირდებათ. თუ გამართული ინტერნეტი და შესაბამისი ხელსაწყოები გაქვთ, მასწავლებლებს ვურჩევ, რომ უფრო მეტი ისეთი დავალება მისცენ ბავშვებს, რაც კეთებით სწავლებას გულისხმობს. როდესაც მოსწავლე თავად აკეთებს რაღაცას, გაცილებით მეტს სწავლობს, ვიდრე ახსნილითა და მოსმენილით. მაგალითად, თავად შექმნან პრეზენტაციები, გადაიღონ ვიდეოები. ეს უფრო მეტის მომცემია, ბავშვები თავად ეძებენ, თავად სწავლობენ და უკეთესი შედეგი აქვთ. 

თამარ იაკობაშვილი


3042
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ტოტო
2
წლების განმავლობაში,სწავლების უაზრო, სხვადასხვა ფორმებმა მიგვიყვანა იქამდე,რომ ნორმალური სპეციალისტები და უბრალოდ განათლებული ადამიანები ძალიან ცოტა გვყავს. ონლაინ სწავლება კიდევ უფრო უარესია,მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გზა არ გვაქვს. სამარცხვინო,არაფრის მომცემი სამაგისტრო ნამუშევრები,დისერტაციებზე არაფერს ვამბობ.
22:19 / 13-09-2020
მსგავსი სიახლეები