ქეთევან ლომინაძე 20 წელია თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის. 10 წელია კერძო სკოლა "გრაალის" დირექტორია და ბავშვებთან ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილებაც დაუგროვდა. როგორც თავად გვიყვება, მოსწავლეების კარგად ესმის და ცდილობს ასაკობრივი თუ სხვა ტიპის პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს მათ. გვიზიარებს საკუთარ დაკვირვებას, თუ რომელი კლასიდან ეწყებათ ბავშვებს ასაკობრივი პრობლემებით გამოწვეული გულგრილობა სწავლისადმი და ამ დროს როგორი უნდა იყოს მშობლისა და მასწავლებლის მიდგომა:
- ვფიქრობ, ბავშვებს ასაკობრივი პრობლემები ძირითადად მე-9 კლასიდან ეწყებათ. თუმცა, ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია. ამ დროს მნიშვნელოვანია, გავიზიაროთ ბავშვების აზრი, მოვუსმინოთ და ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენი ურთიერთობა ღირებულია. ნელ-ნელა, საუბრით და არა ჩხუბით, უნდა ავუხსნათ მათ, რამხელა მნიშვნელობა აქვს სწავლას. დავეხმაროთ საკუთარი თავის უკეთ აღქმაში. რა თქმა უნდა, მასწავლებლის როლი ძალიან დიდია. მან უნდა იზრუნოს, რომ ბავშვებს მისი საგანი უყვარდეთ და შემდეგ პატივს სცემდნენ. როდესაც ბავშვს ასაკობრივი პრობლემები ეწყება და სწავლისადმი ინტერესს კარგავს, მშობელმა და მასწავლებელმა ერთად უნდა მართონ პროცესი. ითანამშრომლონ ისე, რომ ზოგჯერ შესაძლოა ბავშვმა არც არაფერი გაიგოს, რადგან პროტესტი უჩნდებათ ხოლმე იმის გამო, რომ მშობელი მასწავლებელთან მივიდა. ისინი შეთანხმებულად ისე უნდა მიუდგნენ ბავშვს, რომ მისი დამოკიდებულება სწავლისადმი და პრობლემებისადმი შეიცვალოს.
- თქვენ როგორ იქცევით, როდესაც ამჩნევთ, რომ იმ ბავშვს, რომელიც კარგად სწავლობდა წინა წლებში, ასაკის მატებასთან ერთად, სწავლისადმი დამოკიდებულება შეეცვალა?
- ჯერ უნდა გავიგოთ, რა პრობლემა აქვს ბავშვს. რატომ აღარ უნდა სწავლა, რადგან აუცილებლად ექნება ამას მიზეზი. ბავშვი ძალიან სათუთია და ყველაფერს გრძნობს. ამიტომ, თითოეულ სიტყვას დიდი დაკვირვება და სიფრთხილე სჭირდება, რომ მოგიყვეს, რა აწუხებს. შემდეგ კი მნიშვნელოვანია მასთან ლაპარაკი და პრობლემის გაზიარება. აუცილებლად უნდა მივცეთ სკოლაში ბავშვებს თვითგანვითარების უნარი.
- ბავშვებისთვის რომელია ყველაზე რთული და გარდამტეხი პერიოდი სკოლაში?
-ვფიქრობ, მე-9 კლასი ყველაზე რთულია. ბიოლოგიურადაც მათ ორგანიზმში ძალიან ბევრი რამ იცვლება. ამ დროს ძალიან ფრთხილად უნდა მოვეპყროთ ბავშვებს, რადგან, სწავლის პარალელურად, მათ სხვა საზრუნავი და პრობლემა უჩნდებათ. ზოგს არ უნდა, რომ მკერდი უჩანდეს და ათას სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ დასამალად, ბიჭებს ერიდებათ წვერის გაზრდის, სახეზე ასაკობრივი გამონაყრის. ეს, რა თქმა უნდა, უდიდეს გავლენას ახდენს სწავლისადმი დამოკიდებულებაზე. უჩნდებათ ინტერესი, რომ საკუთარ თავს უფრო მეტი დრო დაუთმონ, ვიღაცების თვალში თავის წარმოჩენას ცდილობენ და თუ ეს არ გამოსდით, აგრესია უყალიბდებათ და ასე შემდეგ. ამიტომ, აღნიშნული პერიოდი მართლაც რთულია ბავშვებისთვის.
- რა არის თანამედროვე მოსწავლის ძირითადი გამოწვევა სკოლაში, რისი დაძლევა უჭირთ ყველაზე ხშირად და რა არის მათი ძლიერი მხარე?
- თანამედროვე ბავშვებს სტანდარტული გაკვეთილები აღარ მოსწონთ. მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში კომპიუტერისა და ინტერნეტის ჩართვა, პრეზენტაციის მომზადება და სხვადასხვა თემის ამ ფორმით წარდგენა. ისინი ყოველთვის ამჩნევენ, როდისაა პედაგოგი ძლიერი და კარგად მომზადებული. უინტერესო გაკვეთილის დროს, მასწავლებელი კლასის დაწყნარებას ცდილობს და მოითხოვს, რომ მოუსმინონ. ეს არასწორი მიდგომაა, რადგან თანამედროვე მოსწავლეებს, როგორც ვთქვი, ერთფეროვანი გაკვეთილები არ მოსწონთ. გარდა ამისა, ის უნდა ეცადოს და ბავშვები სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეები გახადოს. სთხოვოს დახმარება მას, ვინც ხმაურობს, მისცეს სტიმული და პასუხისმგებლობა. ჰიპერაქტიურ ბავშვებს გაკვეთილზე დიდხანს გაჩერება არ შეუძლიათ. თუმცა, ზოგს ხატვა უყვარს. შეიძლება ვუთხრათ, რომ რასაც ვხსნით, დახატონ. ეს მათ გაახარებს და ჩაერთვებიან პროცესში. ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია და ყველა მათგანს განსხვავებული მიდგომა სჭირდება. ყვირილითა და ჩხუბით შედეგი არ მიიღწევა. ასევე, თანამედროვე მოსწავლეებს ძალიან უჭირთ დილით ადგომა იმის გამო, რომ გვიანობამდე კომპიუტერთან თუ ტელეფონთან არიან. კერძო სკოლებს უფრო თავისუფლად შეუძლიათ ცვლილებების შეტანა სასწავლო პროცესში, სწორედ ამიტომ, ჩვენ სწავლას 10-ის ნახევარზე ვიწყებთ. კლასში მხოლოდ 10 ბავშვია, რადგან გაკვეთილი პრაქტიკული იყოს და ყველა ჩაერთოს. როდესაც საკლასო ოთახში 20-25 მოსწავლეა, შეუძლებელია ყველას სათანადო ყურადღება დაუთმო, მოსწავლეებიც ცდილობენ, თავიდან აირიდონ გამოკითხვის პროცესი. როცა კლასში ცოტა ბავშვია, უკეთესად გისმენენ და უფრო მოტივირებულები არიან. 10-ბავშვიან კლასში მყოფ მოსწავლეს რეპეტიტორი ნამდვილად არ სჭირდება. მასწავლებელი რომ გაკვეთილს ახსნის, აუცილებელია, შეამოწმოს, მოსწავლეებმა გაიგეს თუ არა. მაგალითად, ჩაატაროს ტესტირება და თუ გამოიკვეთება, რომ რომელიმემ ვერ გაიგო, კვლავ მიუბრუნდეს მას. ჩვენთან ასე იქცევიან მასწავლებლები, არავინ ეჩხუბება ან დასცინის ბავშვს იმის გამო, რომ რამე ვერ გაიგო და დავალება არ აქვს შესრულებული. ვფიქრობ, მსგავსი მიდგომა ყველგან გაამართლებს.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია საშინაო დავალება მოსწავლისთვის და რა დროს უნდა ანდომებდეს ის მის მომზადებას?
- საშნაო დავალება აუცილებელი კომპონენტია მოსწავლისთვის. მაგრამ, როდესაც ბავშვი სახლში მიდის, უნდა დაისვენოს და მერე შეუდგეს დავალების მომზადებას. თუნდაც, 15 წუთი წამოწვეს და თვალები დახუჭოს. რა თქმა უნდა, საჭმელი უნდა ჭამოს, რომ ენერგია აღიდგინოს. სკოლაში უხსნიან და აკეთებინებენ მაგალითებს, მაგრამ მას შემდეგ განმტკიცება და განვითარება სჭირდება. თუ სახლში არ იმუშავე და რამდენიმე მაგალითი არ გააკეთე, არ წაიკითხე და არ მოუყევი თუნდაც საკუთარ თავს, ვერ გექნება კარგი შედეგი. რაც შეეხება დავალებების მომზადების ხანგრძლივობას, ეს ინდივიდუალურია, რადგან ზოგიერთი სწრაფად ითვისებს და სწრაფადვე ასრულებს დავალებას, ზოგი - პირიქით. მყოლია მოსწავლეები, რომლებიც ზუსტად ისე ყვებოდნენ გაკვეთილს, როგორც მე ვუხსნიდი მათ და სახლში აღარ კითხულობდნენ. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ შესაძლოა მნიშვნელოვანი რამ გამორჩეთ წიგნიდან. გარდა იმისა, რომ სახელმძღვანელოში უამრავი დავალებაა მითითებული, მათ უნდა მოიძიონ ხოლმე კიდევ დამატებით ინფორმაცია, თუ სურთ, რომ საკითხი კარგად აითვისონ.
- რას ფიქრობთ რეპეტიტორის საჭიროებაზე და რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ ბავშვმა თავისით მიაღწიოს შედეგს?
- მშობელმა ბავშვი ყოველდღიურად უნდა შეამოწმოს. ელექტრონულ ჟურნალებს ვიყენებთ და ისინი ინფორმირებულები არიან, მათმა შვილებმა რა დავალება შეასრულეს და რა - არა. ისინიც გვეხმარებიან მონიტორინგში, მომზადებულია თუ არა ბავშვი. შესაძლოა, მშობელი არაფერს ამოწმებდეს და სკოლაში მისვლის შემდეგ აღმოაჩინოს, რომ მის შვილს ძალიან დაბალი შეფასებები აქვს. მერე მასწავლებლებთან გაუჩნდეს პრეტენზია, მაგრამ, დედამ შეამოწმა ბავშვს ჩანთაში რვეული უდევს თუ არა? ნახა, რა დაწერა და წაიკითხა? პროცესში მშობელიც უნდა იყოს ჩართული და ბავშვს რეპეტიტორი აღარ დასჭირდება. თავს ვდებ, რომ ჩვენთან ბავშვებს რეპეტიტორი არ სჭირდებათ. როდესაც ბავშვი კერძო სკოლაში მიგყავს, მას რეპეტიტორი არ უნდა ეხმარებოდეს, რადგან თანხის გადახდისას, სკოლა იღებს პასუხისმგებლობას, რომ მოსწავლეები ყველაფრით უზრუნველყოფილნი იქნებიან. ზოგიერთ ბავშვს საერთოდ არ უნდა სწავლა. ამ შემთხვევაში, კარგმა დირექტორმა და პედაგოგმა უნდა უთხრას მშობელს, რომ მის შვილს არ აინტერესებს და ტყუილად ნუ გადაიხდიან ფულს. მშობელიც ცოდოა, ხომ უნდა იცოდეს, რაში იხდის თანხას, მით უმეტეს, როგორი მძიმე სოციალური მდგომარეობა გვაქვს. ამიტომ, მინდა მივმართო მათ, მესმის, რომ მუშაობთ და სხვადასხვა პრობლემა გაქვთ, მაგრამ, ცოტა მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს შვილებს, მოეფერეთ და მოუსმინეთ მათ.
თამარ იაკობაშვილი