მათემატიკა ძნელი აღსაქმელია, როცა მასწავლებელი "გიყვება", მაგრამ როცა ამას ეკრანზე ხედავ, ყველაფერი მეტად თვალსაჩინო ხდება დღესდღეობით, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის სკოლა აღჭურვილია კომპიუტერებით. განათლების სამინისტრო წარმატებულად თვლის ინტერნეტიზაციის პროგრამას, მით უმეტეს, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ყოველ წელს ურიგდებათ ე.წ. ნეთბუკები. მაგრამ ერთია აღჭურვა და მეორე - გამოყენება. ამიტომ ბუნებრივია კითხვა: რამდენად ეფექტიანად იყენებენ სკოლაში კომპიუტერს, მიუწვდებათ თუ არა ხელი მოსწავლეებს მასზე? ამ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად, თბილისის ორი მოწინავე სკოლის დირექტორს ვესაუბრეთ.
მიხეილ მინდაძე, 161-ე საჯარო სკოლის დირექტორი:
- გამოყოფილი გვაქვს დიდი ოთახი, სადაც ინტერნეტში ჩართული კომპიუტერები დგას. თუ, დავუშვათ, მასწავლებელმა ისეთი დავალება მისცა მოსწავლეებს, რომლის გასაკეთებლადაც ინტერნეტი სჭირდებათ, მათ შეუძლიათ, ნებისმიერ დროს შევიდნენ კომპიუტერების ოთახში და კომპიუტერით ისარგებლონ. მიუხედავად ამისა, ბავშვები მაინც სახლში, საკუთარ კომპიუტერზე მუშაობას ამჯობინებენ.გარდა ამისა, სკოლაში მხოლოდ 65 კომპიუტერია და, სამწუხაროდ, მათ გამოყენებას ყველა ვერ შეძლებს. სასწავლო საათებში ინფორმატიკის გაკვეთილზე მეცადინეობენ და გაკვეთილის შემდეგაც სარგებლობენ. ჩვენი რამდენიმე კლასი ტელევიზორითაა აღჭურვილი, რომლის ეკრანზეც ნებისმიერ გაკვეთილზე კომპიუტერიდან სხვადასხვა ფილმს ან მასალას უჩვენებენ თვალსაჩინოებისთვის. აღარაფერს ვამბობ იმ ნეთბუკებზე, რომლებითაც ძირითადად, დაბალი კლასის მოსწავლეები აქტიურად სარგებლობენ. საერთოდ, ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ ვუსწრებთ სხვა სკოლებს, რადგან მაღალ კლასებშიც ვიყენებთ ნეთბუკებს. თუმცა, მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრი ნეთბუკი არ გვაქვს. სამწუხაროდ, სკოლებში ლაბორატორიები არ არის, ამიტომ კომპიუტერების დახმარებით ვატარებთ ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის გაკვეთილებს. მოსწავლისთვის ეს უფრო საინტერესოა.
- რამდენად აქტიურად იყენებთ კომპიუტერს სხვადასხვა საგნის სწავლების პროცესში?
- ამასთან დაკავშირებით, გარკვეული გეგმები მაქვს. დავუკვეთეთ პროგრამები საბუნებისმეტყველო საგნებში. ჯერ ისეთი მდიდრები არ ვართ, რომ ყველა გაკვეთილი, ვთქვათ, მათემატიკაში, ფიზიკაში ასე ჩავატაროთ, მაგრამ სწავლის დროს რაიმე თემის, პარაგრაფის გავლის შემდეგ, ბავშვებს მასალას ვირტუალურად ვაჩვენებთ და ასე ვამეორებინებთ. ვთქვათ, მათემატიკა ძნელი აღსაქმელია, როცა მასწავლებელი "გიყვება", მაგრამ როცა ამას ეკრანზე ხედავ, ყველაფერი მეტად თვალსაჩინო ხდება. ეს პროგრამა ფიზიკასა და მათემატიკაში გავაკეთეთ. ახლა ბიოლოგიასა და ქიმიაში ვნერგავთ. წესით, ლაბორატორიები უნდა გვქონდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ხელმისაწვდომი არ არის. ჩავატარეთ ექსპერიმენტული გაკვეთილი, რომელიც ბავშვებს ძალიან მოეწონათ და ვვარაუდობთ, რომ ინტერესი საგნების მიმართ გაიზრდება.
- ზოგს მიაჩნია, რომ კომპიუტერები სკოლებში ბავშვებს აზარმაცებს...
- გეტყვით, რომ ზუსტად ასეთი მიდგომა ჰქონდათ წიგნების მიმართ დაახლოებით 300 წლის წინ, როდესაც გრიფელის დაფა დაბეჭდილმა წიგნმა შეცვალა. რა მნიშვნელობა აქვს, რა ფორმატში წაიკითხავ?! წიგნს ვერაფერი შეცვლის, არა როგორც ნივთს, არამედ - შინაარსის თვალსაზრისით. კომპიუტერს თავი დავანებოთ და პლანშეტი ვახსენოთ: მე ვთვლი და ამაში ჯერჯერობით ვერავინ დავარწმუნე, რომ სახელმძღვანელოებს ჯობია, ბავშვებს მივცეთ "ქინდლი", რომელშიც მთელი ბიბლიოთეკა ეტევა. ყველა სახელმძღვანელო ერთად იმდენი ჯდება, რომ "ქინდლი" ხელმისაწვდომი ხდება.