"პირველ კლასში შევიდა ჩემი შვილი, ამ დრომდე არ გვაქვს ყველა წიგნი და მათ შორის, არ გვაქვს დედა ენა. რაც შეეხება გაკვეთილებსა და დავალებებს, ონლაინ უტარდება და ქაოსია გაკვეთილის დროს, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად ვერ ასრულებს დავალებას ბავშვი." "ნეტავ შემეძლოს დავალებებზე დახმარება..." "მესამე კლასშია და დამოუკიდებლად არ ცდილობს, რომ ისწავლოს. მის წინ ვზივარ და მივუთითებ, როგორ იანგარიშოს და იაზროვნოს და ასე ხალისით აკეთებს. მე თუ ავდექი, ისიც თავს ანებებს." "სამი მოსწავლე შვილი მყავს. პირველკლასელს, რა თქმა უნდა, სჭირდება ჩემი დახმარება. უფროსებს კი - ძალიან იშვიათად." "რაც შეეხება ჩართულობას, ცოტა მძიმედაა საქმე. პირველკლასელს მე ვუზივარ გაკვეთილზეც და მერეც, რადგანაც დიდად არ ინტერესდება ეკრანიდან მოსაუბრე მასწავლებლით და კლასელებით. შესაბამისად, კარგად ვერ იაზრებს პედაგოგის ნათქვამს და ამ შემთხვევაში მშობელს უწევს დედობაც, მასწავლებლობაც, სკოლის თემატიკის ახსნაც და კლასელობაც. თავად ვერ იყენებს ბუკს, ვერ რთავს თიმსს და ა.შ. მესამე კლასელთან ბევრად მარტივადაა საქმე. უკვე იცის მოსმენაც, საშინაო დავალების პრინციპიც და გაკვეთილზე მოქცევის წესებიც. მას მხოლოდ დავალების გაგზავნაში და ონლაინ მასალის მოძიებაში ვეხმარები." "ისედაც მთლიანად ვიყავი ჩართული ბავშვების სასკოლო ცხოვრებაში, დავალებების დაწერაში იშვიათად ვეხმარებოდი, მაგრამ ყოველთვის ვუმოწმებდი - მე-7 და მე-4 კლასის მოსწავლეები მყავს და ასე მგონია, მესამედ გავდივარ მათთან ერთად სკოლის წლებს... ახლა, რაც ონლაინსწავლებაა, მთლად უარეს დღეში ვარ, უმცროსის ჩათშიც მომიწია ჩართვა, რომ არ გამომრჩეს ონლაინგაკვეთილის დრო, დავალება, ასევე უნდა ვაკონტროლო ორივე, რომ არ დაავიწყდეთ გაკვეთილზე ჩართვა, გამართული ჰქონდეთ ინტერნეტი... წიგნების ყიდვაც მოგვიწია. ერთი სიტყვით, სრულად ვარ ჩაფლული ამ ყველაფერში და პარალელურად, ჩემს სხვა საქმეებსაც ვაკეთებ. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, მაგრამ რომ მოვადუნო ყურადღება, მოდუნდებიან თვითონაც, ნამდვილად ვიცი".
არასამთავრობო ორგანიზაციამ "მშობლები განათლებისთვის" მოსწავლის ყოველდღიურ ცხოვრებაზე საშინაო დავალების გავლენა და მშობლების დამოკიდებულება შეისწავლა. კვლევაში მონაწილეობა 405-მა რესპონდენტმა საქართველოს 10 მუნიციპალიტეტიდან მიიღო. კვლევაში მონაწილე მშობლების 60.8% აღნიშნავდა, რომ მათ შვილს იშვიათად სჭირდებოდა საშინაო დავალების შესრულებაში დახმარება. აღნიშნულ კვლევაში გამოიკვეთა ისიც, რომ მოსწავლეების ძირითადი ნაწილი საშინაო დავალების შესრულებას ორ ან სამ საათს ანდომებს. საინტერესოა ისიც, რომ მოსწავლეების 84.9%-ს არ აქვს ძილის შეფერხება საშინაო დავალების გამო.კვლევაში მონაწილე მშობლების 91.5%-ს მიაჩნია, რომ მოსწავლისთვის საშინაო დავალება აუცილებელია, ხოლო 37.8% საშინაო დავალების ყოველ გაკვეთილზე მიცემას საჭიროდ არ მიიჩნევს.
ამავე კვლევაში მშობლები საშინაო დავალების მოცულობასა და შინაარსზე საუბრობდნენ. გთავაზობთ რამდენიმეს კომენტარს:
"საშინაო დავალებას უარყოფითი მხარეც აქვს. მაგალითად, დაღლილობის გამო მოსწავლის მოტივაცია იკლებს; ხშირად დაძაბულობის და უსიამოვნების მიზეზი ხდება მოსწავლესა და მშობელს შორის; ამ რისკების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ არ არის აუცილებელი ბავშვებს ყველა საგანში ყოველდღიურად ჰქონდეთ საშინაო დავალება. ან თუ ეს მნიშვნელოვანია, დაავალონ ბავშვებს ღირებულებითი განათლების პროექტების შესრულება, მაგალითად, სიკეთის გაკეთება და შემდეგ ამის აღწერა. ან პრაქტიკული პროექტები: ეზოში სპორტული მოედნის აზომვა, მისი პერიმეტრის გამოთვლა და ა.შ. ესეც საშინაო დავალებაა, მაგრამ ხალისით შეასრულებდა ბავშვი." "საშინაო დავალებით ცოდნის განმტკიცება ხდება და აუცილებელია, მაგრამ ასევე, აუცილებელია, სკოლამ შეიმუშაოს მიდგომა, რომ მასწავლებლები კოორდინირებულად მუშაობდნენ და აძლევდნენ იმ რაოდენობის დავალებებს სხვადასხვა საგანში, რომ ბავშვს თავისუფალი დროც რჩებოდეს თამაშისა და გართობისთვის". "ჩემი აზრით, მოსწავლისათვის საშინაო დავალების მიცემა აუცილებელია, თუმცა მისი მოცულობა უნდა იყოს გონივრული. ამასთან, რა თქმა უნდა, თემა წინასწარ უნდა იყოს ახსნილი და დამუშავებული. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა მასწავლებელი კლასს დავალებას აუხსნელად აძლევს. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა საშინაო დავალება შეამოწმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვს იმედგაცრუება ეპარება და მოტივაცია ეკარგება." "არ აქვს აზრი უამრავი სავარჯიშოს კეთებას სახლში, რომელსაც სკოლაში არავინ ამოწმებს და გაუგებარია, რას ემსახურება. თუ მასწავლებელი არ შეამოწმებს საშინაო დავალებას, როგორ უნდა მიხვდეს, რა გაიგეს ბავშვებმა და რა - არა. მეორე მხრივ, თუ ბავშვს მშობელი ან რეპეტიტორი ეხმარება დავალების დაწერაში, კვლავ გაუგებარია, რა ასწავლა მასწავლებელმა და რას ისახვს მიზნად მის მიერ მოცემული საშინაო დავალება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დავალებას მშობლებს აძლევენ, რომ მშობლებმა ასწავლონ ბავშვებს."
ფსიქოლოგი დიანა ნიკოლაიშვილი გვესაუბრება იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს მშობლის ჩართულობას შვილების წარმატებაში, უნდა ეხმარებოდეს თუ არა მშობელი და რა დოზით და რამდენად უნდა იყოს დატვირთული ბავშვი სასკოლო დავალებებით და სკოლის შემდგომ - წრეებით:- ყველა მშობელი შვილის წარმატებაზე ოცნებობს და დარწმუნებულია, რომ თუ ბავშვი პირველი კლასიდან ბევრს იმეცადინებს, უამრავ წრეზე ივლის, ინგლისურს და სხვა უცხო ენებს ისწავლის, ის აუცილებლად წარმატებას მიაღწევს. რა თქმა უნდა, სწავლა და სხვა სფეროებში განათლება ადამიანის წარმატებას ხელს უწყობს და ამაში დიდ როლს თამაშობენ როგორც მშობლები, ასევე სკოლა და სოციუმი, თუმცა არის სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ბევრად უფრო ადრეულ ასაკში ყალიბდება, ვიდრე ბავშვი სკოლაში წავა. ეს არის ქვეცნობიერი ცოდნა საკუთარი თავის და საკუთარი შესაძლებლობების შესახებ, რომელიც დაახლოებით 3 წლის ასაკში ყალიბდება და ბაზისური ნდობა სამყაროს მიმართ, რომელიც ჩასახვიდან ერთ წლამდე უყალიბდება ბავშვს. დამეთანხმებით, ძალიან ძნელია მიაღწიო წარმატებას სწავლაში, იმ შემთხვევაში, თუ ქვეცნობიერად დარწმუნებული ხარ, რომ არაფერი შეგიძლია ან უარესი, "სულელი", "ზარმაცი" ხარ. პატარაობიდან ჩვენ ვასწავლით ბავშვს საკუთარი თავის უნდობლობას და ვუყალიბებთ დაბალ თვითშეფასებას ისეთი უწყინარი ფრაზებით, როგორიცაა: - დედას სულელი, ჩემი შტერი, დაბდურა... ეს ვერბალური ანუ სიტყვიერი ნაწილია, ასევე არავერბალურ ნაწილსაც აქვს მნიშვნელობა: ეს ყველა ისეთი ქცევაა, რომელსაც დედა ან სხვა ადამიანი, რომელიც ბავშვზე ზრუნავს, ახორციელებს იმისთვის, რომ თითქოს დაიცვას, დაზოგოს დრო და საკუთარი "ნერვები". მაგალითად, არ აცლის დამოუკიდებლად ფეხსაცმელზე თასმების შეკვრას, ტანსაცმლის ჩაცმას, საჭმლის ჭამას.
კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც ხშირად უშვებენ მშობლები, არის შეცდომების და მარცხის აღნიშვნა და სწორი საქციელის არშემჩნევა.
თამარ იაკობაშვილი