დიდ ქალაქებში, აჭარის რეგიონის გარდა, სკოლაში სიარულს მხოლოდ დაწყებითი საფეხურის ბავშვები შეძლებენ. მე-7 კლასიდან კი მოსწავლეები კვლავ ონლაინ რეჟიმში დაესწრებიან გაკვეთილებს. ამ ფონზე, ბევრმა მშობელმა, რომლებსაც შვილები კერძო სკოლაში დაჰყავდათ და ყოველთვიურად უწევდათ ფულის გადახდა, გადაწყვიტა, რომ კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში გადაეყვანათ ბავშვები. პანდემიის ფონზე, მოსწავლეთა გაზრდილ მობილობას ასახავს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული ინფორმაცია:
„2019-2020 სასწავლო წლის პირველ 6 თვეში - 2019 წლის სექტემბერიდან 2020 წლის თებერვლის პერიოდში, მობილობის უფლების მოსარგებლე მოსწავლეების 53%-ს შეადგენს კერძო სკოლების მოსწავლეები, რომლებმაც შეიცვალეს სკოლა და გადავიდნენ საჯარო სკოლებში. შემდგომ პერიოდში - 2020 წლის მარტიდან 2020 წლის სექტემბერის ჩათვლით, ეს რიცხვი გაიზარდა 80%-მდე. დროის ამ შუალედის განმავლობაში, კერძო სკოლებიდან საჯარო სკოლებში გადავიდა 3695 მოსწავლე, ხოლო საპირისპირო მიმართულებით სკოლა შეიცვალა 825 მოსწავლემ.“ - აღნიშნულია მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ჩვენ ვკითხეთ მშობლებს, რა იყო ბავშვების კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში გადაყვანის ძირითადი მიზეზი. ასევე, მოვისმინეთ მათი აზრიც, ვინც სკოლის შეცვლის გადაწვეტილება არ მიიღო და რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ:
ჩემმა მეგობრებმა გადაიყვანეს - სახლში ჯდომაში ამხელა თანხების გადახდა აღარ უნდოდათ, თან შემოსავალიც შეუმცირდათ, პანდემიის გამო. ჩვენს სკოლაში ჩვეული პროცესი იყო, რაღაც ნაწილი, უფრო დაბალ კლასებში, გადავიდა, ნაწილი გადმოვიდა საჯაროდან და პირველი კლასიც ჩვეულად, შეივსო. მე პირადად არც მიფიქრია გადაყვანა, კიდევ უფრო ამ ონლაინსწავლების ხილვის შემდეგ. ჩემს გარემოცვაში ვინც იყო საჯაროში, ფაქტობრივად არ ყოფილა ონლაინსწავლება, დღეში ერთი გაკვეთილი თუ უტარდებოდათ და ხან ისიც არა. ჩემს შვილებს გაკვეთილებიც ყოველდღე ჩვეულებრივ უტარდებოდათ და სკოლამ გადასახადიც დააკლო პანდემიის გამო. ამიტომ ნამდვილად არ მიმიღია გადაწყვეტილება საჯაროს სასარგებლოდ. მე დიდ მადლობას გადავუხდი ჩემი შვილების მასწავლებლებს ონლაინსწავლებაში გაწეული შრომისთვის. საჯარო სკოლაში არც ერთი გაკვეთილი არ გაცდენიათ არც შარშან და არც წელს. ვფიქრობდი, მაგრამ არ გადავიყვანე... ჯერჯერობით, არ ვნანობ. იმედია, აღარ ჩაგვკეტავენ და საქმე და შემოსავალი მექნება და შევძლებ გადახდას. ზოგჯერ მშობლები თავის თავთანაც არ აღიარებენ, რომ ახლა კერძოდან საჯაროში გადაყვანა შემოსავლის შემცირებამ განაპირობა. ალბათ მთავარი მიზეზი შემოსავლის შემცირებაა, თორემ თუნდაც ონლაინსწავლებამ აჩვენა, რომ კერძო სკოლებმა მაინც უკეთ გაართვეს თავი ამ გამოწვევას. ბევრმა საჯარო სკოლამ "ტელესკოლის" იმედად დატოვა ბავშვები და მეტი არც შეუწუხებიათ არაფერზე თავი. გადავიყვანე, მაგრამ ძალიან ვნანობ. როცა ჩემი შვილის ყოფილ კლასელებს, კერძო სკოლიდან, უკვე ჩვეულებრივი სრულფასოვანი გაკვეთილები უტარდებათ ონლაინ, ჩვენ დღეში ერთი 20-წუთიანი გაკვეთილი თუ ჩაგვიტარდა, მადლობლები უნდა ვიყოთ.
ჯერჯერობით, უცნობია, როდის აღდგება სასწავლო პროცესი სრულად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
თამარ იაკობაშვილი