შესაბამისი ასაკის ყველა მოსწავლეს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს აღელვებთ, როდის დაიწყებენ სწავლას დიდ ქალაქებში მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია და მინისტრის ხელმოწერილი ოფიციალური დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, მათ 29 დეკემბრამდე ელექტრონული ფორმით უნდა ისწავლონ. ამ ინფორმაციამ ბევრი მშობელი ააღელვა. ჩვენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მივმართეთ განმარტებისთვის:
"ბრძანებაში მითითებული ვადა პირობითია და შეიცვლება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ ბრძანება ეხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ჰიბრიდული მოდელის გამოყენების შესაძლებლობას. როგორც ცნობილია, პირველი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლებში სწავლა პირველიდან მეექვსე კლასებში გაგრძელდა საკლასო ოთახებში, მაგრამ მოსწავლეთა ინტერესებისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, მშობლებს მიეცათ არჩევანის საშუალება, დისტანციურ სწავლასა და საკლასო ოთახში სწავლას შორის. ამისთვის, სამინისტროს მიერ შეიქმნა ახალი ელექტრონული პორტალი - online.emis.ge, სადაც I-VI კლასის ჩათვლით მშობლებს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაარეგისტრირონ შვილები დისტანციური სწავლების მიზნით. სწორედ აღნიშნულ ბრძანებაში განისაზღვრა I-VI კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის დასწრებით სწავლების ვადები, რაც შეეხება VII -XII კლასებში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში განახლებას, ბრძანებაში მითითებული ვადა პირობითია და შეიცვლება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბრძანება საშუალებას აძლევს სკოლებს, VII-XII კლასებში სწავლის სასკოლო ოთახებში განახლების შემდეგ, მოსწავლეებს, მათი სურვილის შემთხვევაში შესთავაზონ დისტანციური სწავლების მოდელი. აქვე უნდა განვაცხადოთ, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა არაერთგზის აღნიშნა, რომ სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, ყველა მოსწავლე ამ სემესტრში დაუბრუნდეს სასკოლო გარემოს და მიმართა საზოგადოებას, ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რათა მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა, საკლასო ოთახებში გააგრძელონ სწავლა." - განაცხადეს სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მხოლოდ დაწყებით საფეხურებზე მიმდინარეობს. ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაუბრუნდებიან სკოლას უფროსკლასელები.
თამარ იაკობაშვილი