12-16 ოქტომბერს მე-5 და მე-7 კლასის მოსწავლეებს საცდელი ტესტირება ქართულსა და მათემატიკაში ჩაუტარდებათ. ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება და 100-მდე სკოლის 2000-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება.
"სკოლებს პროექტის შესახებ წინასწარ გაეგზავნათ ინფორმაცია და მათ შეეძლოთ, გამოეთქვათ სურვილი და ჩართულიყვნენ. გარდა სურვილისა, უნდა დაეკმაყოფილებინათ ინფრასტრუქტურული საჭიროებები. შესაბამისად, ვინც გამოთქვა სურვილი და ასევე, ჰქონდათ საჭირო რაოდენობის კომპიუტერები, იმ სკოლებში განხორციელდება საცდელი ტესტირება."- გვითხრეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
პროექტი "შეფასება განვითარებისთვის" მიზნად ისახავს მეოთხეკლასელთა და მეექვსეკლასელთა მიღწევების შეფასებას ქართულსა და მათემატიკაში. პირველ ოთხ კლასში მიღწეული შედეგები მე-5 კლასის დასაწყისში შეფასდება, პირველი ექვსი კლასის მანძილზე მიღწეული წარმატებები კი - მე-7 კლასელების ტესტირების შედეგად.
"გვინდა, სამომავლოდ, მე-4 და მე-6 კლასებისთვის სრულად დავგეგმოთ გამოცდა. გამოცდაში მიღებული შედეგი შეფასებაზე არ აისახება. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, ნახოს მოსწავლემ, რა ნაწილში უჭირს და სადაა მისი ძლიერი მხარე. მშობელსაც ექმნება წარმოდგენა, რა კუთხით სჭირდება მის შვილს დახმარება, ხოლო მასწავლებელს აძლევს შესაძლებლობას, სამომავლოდ, გაკვეთილის დაგეგმვისას შედეგები გაითვალისწინოს. გარდა ამისა, ახლა ტესტირების მიზანია შემოწმდეს ელექტრონული პლატფორმა. ბავშვების შედეგები დამუშავდება და ნახვას ელექტრონულ პლატფორმაზე შეძლებენ", - განმარტეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
თამარ იაკობაშვილი