დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი ოფიციალურად დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. სამაგიეროდ, რეგიონებსა და სოფლებში სკოლების უმეტესი ნაწილი ჩვეულებრივ აგრძელებს სასკოლო ცხოვრებას. სოციალურ ქსელშისწორედ ასეთი სკოლის პედაგოგის პოსტი გავრცელდა, რომელიც ფიქრობს, რომ სწავლების ნაწილობრივი გადაყვანა ონლაინრეჟიმზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მასწავლებელთ დისკრიმინაცია უფროა, ვიდრე ლოგიკური გადაწყვეტილება.
"ვასწავლი რაიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში და ყოველდღიურად ასობით ბავშვთან მაქვს კონტაქტი. ჩემს სკოლაში 300 ზე მეტი მოსწავლეა. სკოლამდე მივდივარ ტრანსპორტით, სადაც მგზავრთა ნახევარს პირბადე ნიკაპზე უკეთია, აღარაფერს ვამბობ ზოგიერთ ჩემს კოლეგაზე, რომელთაც დღესაც არ სჯერა კორონას არსებობის....
ვცდილობ, გავითვალისწინო ყველა რეკომენდაცია, მაგრამ ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც ელემენტარულ წესებსაც არ იცავენ.
ქალაქის სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, რა დავაშავეთ რაიონის სკოლის პედაგოგებმა? რაიონებშიც ძალიან გავრცელებულია უკვე კორონა. კანონებში ვერ ვერკვევი, მაგრამ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დისკრიმინაცია უფროა, ვიდრე ლოგიკური გადაწყვეტილება. გამოდის, რომ კორონა მხოლოდ ქალაქის სკოლის მასწავლებლებისთვის არის საშიში!
ვიცი, რომ საკლასო ოთახში სწავლება ვერ შეედრება ონლაინ სწავლებას, მაგრამ განა რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე მეტად მნიშვნელოვანი?" - წერს პერაგოგი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, თუმცა პირად საუბარში აღნიშნა, რომ უმეტესად მოსწავლეთა მშობლებში და ოჯახის სხვა წევრებშია გავრცელებული, თუმცა რამდენიმე მოსწავლეც იყო.
"მასწავლებლებშიც გახშირდა ბოლო დროს. მოსწავლეებიდანაც ბოლოს საკმაოდ ბევრი აცდენს. მშობლების ნაწილი ორად იყოფა - ნაწილს უნდა დისტანციური სწავლება, ნაწილს - არა. ალბათ ამიტომ ყოყმანობდა სამინისტრო. ძალიან მიყვარს სკოლა, მაგრამ სახლში ასაკიანი ადამიანები მყავს და სულ შიშის ქვეშ ვარ. ძალიან ბევრი კოლეგა ფიქრობს ჩემსავით, უბრალოდ, არ გვინდა ადმინისტრაციის განაწყენება. ამიტო გადავწყვიტე ანონიმურად დამეწერა" - ამბობს პოსტის ავტორი.