სკოლებში სწავლება სრულად აღდგება თუ ნაწილობრივ ონლაინ და ექნებათ თუ არა არჩევანი მშობლებს - რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს
სკოლებში სწავლება სრულად აღდგება თუ ნაწილობრივ ონლაინ და ექნებათ თუ არა არჩევანი მშობლებს - რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს
პირველი თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისისა, მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან განაგრძობენ. აღნიშნულ სამ ქალაქში კი სასწავლო პროცესის სკოლებში აღდგენა პირველი მარტიდან იგეგმება. ამასთაანავე, სამინისტროში გვითხრეს, რომ 15 თებერვალს კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდსიტუაცია და მიიღებენ გადაწყვეტილებას, პირველი მარტიდან სრულად განახლდება თუ არა პროცესი.

გუშინ კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ასეთი განმარტება გააკეთა:
"თუ პირველ მარტამდეც, 7 დღის განმავლობაში, ინფიცირების მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე, რასაკვირველია, ჩვენ განვიხილავთ რეგულაციის კიდევ უფრო შემსუბუქებას და კიდევ უფრო ადრე
გახსნასაც."- განაცხადა მან.
როგორც კი გაჟღერდა სკოლების გახსნის თემა, ძალიან ბევრმა მშობელმა მოგვმართა კითხვით - სწავლა ყველა კლასში სრულფასოვნად აღდგება თუ იქნება ე.წ. შერეული მოდელის სწავლება, რომელიც სექტემბერში იყო დაგეგმილი. 
როგორც იცით, 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სწავლების შერეული მოდელის დანერგვა იგეგმებოდა. კერძოდ, გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განისაზღვრა, ხოლო შემდეგ კლასებში მოსწავლეებს გარკვეული დღეები გაკვეთილები სკოლაში ან ონლაინ უნდა ჩატარებოდათ. თუმცა, დიდ ქალაქებში სწავლის განახლება მხოლოდ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა შეძლეს. ამ ფონზე, მშობლებს გაუჩნდათ კითხვა, როდესაც სასწავლო პროცესი აღდგება, მოსწავლეებს კვლავ შერეულ მოდელს შესთავაზებენ თუ სრულად საკლასო ოთახებში წარიმართება პროცესი. ასევე, მათ ნაწილს აინტერესებს, გაიხსნება თუ არა სასადილოები და შეეძლებათ თუ არა
აირჩიონ ონლაინ ან დასწრებული სწავლება. ამ კითხვებზე პასუხის მიღება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ვცადეთ:

"პირველ თებერვალს ვინც საკლასო ოთახებში დაიწყებს სწავლას, მათთვისაც მზადდება ახალი რეკომენდაციები. მოგეხსენებათ, შეცვლილი რეალობა და მოცემულობაა და ის რეკომნდაციები, რაც აქამდე მუშაობდა, ამ ახალ რეალობას არ ერგება. შესაბამისად, მისი გადამუშავება ხდება. პირველ თებერვლამდე სამინისტრო ამ სიახლეებს დეტალურად გამოაქვეყნებს. როგორც იცით, განათლების სამინისტროს რეკომენდაციები ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, პირველი მარტისთვის კონკრეტულად რა სიახლეები იქნება, ამაზე ჯერ არ გვაქვს პასუხი, რადგან მუშაობის პროცესშია. იგივე ეხება სასადილოებსა და არაფორმალურ განათლებასაც. იცით, რომ სკოლებში არაერთი წრეა, ამიტომ ახლა განხილვის პროცესშია, რა წესების დაცვით შეიძლება მათი გახსნა." - გვითხრეს სამინისტროში.

თამარ იაკობაშვილი

870
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი