15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებში განახლდება. მშობლებს გაუჩნდათ კითხვა, გაიხსნება თუ არა ბუფეტები, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, კვების პროცესში ვირუსის გავრცელების რისკები საგრძნობლად მაღალია. ამ კითხვით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მივმართეთ. აღმოჩნდა, რომ ჯერჯერობით სკოლაში არსებული სასადილოები არ გაიხსნება და ამასთან დაკავშირებით სამინისტრო დამატებით განმარტებას გააკეთებს. ვინაიდან კვების საშუალება არ იქნება, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ხომ არ შემცირდება გაკვეთილების რაოდენობა ან ხანგრძლოვობა. სამინისტროში გვიპასუხეს, რომ არც გაკვეთილთა რაოდენობა და არც ხანგრძლივობა არ შემცირდება.
ჯერჯერობით მუშაობას ვერ განაახლებს სპორტული და სახელოვნებო წრეები. მათ აღდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს.
გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ სკოლაში მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება ნებაყოფლობითია. მასწავლებლებისთვისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის კი სავალდებულო.
"თუ ბავშვს პირბადე არ აქვს ან ახალი სჭირდება, სკოლაში მისცემენ. სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლა უზრუნველყო პირბადით, სადეზინფექციო ხსნარებითა და სხვა საჭირო საშუალებებით."- გვითხრეს სამინისტროში.
თამარ იაკობაშვილი