15 თებერვალს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. არსებობს აუცილებლად შესასრულებელი რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ყველა სკოლას გაუგზავნა და მათი შესრულება მნიშვნელოვანია მოსწავლეებისა თუ სკოლის თანამშრომლებისთვის.
დოკუმენტის მიხედვით:
სკოლის შესასვლელთან აუცილებლად უნდა იყოს დეზობარიერი, რომლის გავლაც ყველასთვის სავალდებულო იქნება. იქვე განხორციელდება თერმოსკრინინგი. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეს, მასწავლებელს ან სკოლის სხვა თანამშრომელს ტემპერატურა დაუფიქსირდება, მოსაცდელი ოთახი უნდა მოეწყოს, სადაც ტემპერატურის ხელმეორედ გადამოწმების მიზნით მოიცდიან. საიზოლაციო ოთახს კი თავის მხრივ უნდა ჰქონდეს ოპტიმალური ბუნებრივი ვენტილაცია, უნდა იყოს აღჭურვილი დასაჯდომი ან მოსასვენებელი საშუალებით, იქვე უნდა იყოს ხელის ჰიგიენის საშუალებები და ყოველი გამოყენების შემდეგ ოთახი სველი წესით დამუშავდეს. სკოლებმა ხელის დეზინფექციისთვის არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებები უნდა გამოიყენონ. თითო სართულზე მინიმუმ 2 ცალი დისპენსერი უნდა განთავსდეს.
სკოლაში მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ არის. ხოლო სხვა დანარჩენისთვის აუცილებელი მოთხოვნაა.
უნდა იყოს ხელსაბანი ნიჟარა წყლით, თხევადი საპნით და ხელის გასამშრალებელი საშუალებებით (სასურველია ერთჯერადი ხელსახოცები). არ არის რეკომენდირებული ხელის ე.წ. ელექტრო-საშრობების გამოყენება. სკოლას უნდა ჰქონდეს პირბადეების რეზერვი. ასევე უნდა არსებობდეს სპეციალური დახურული კონტეინერები, რომლებშიც ბავშვები გამოყენებულ პირბადესა თუ სხვა ჰიგიენურ ნარჩენებს მოათასებენ.
თუ სკოლაში ორზე მეტი ცვლაა, ცვლებს შორის არანაკლებ ნახევარსაათიანი დასვენება უნდა იყოს, რომ საკლასო ოთახები და საერთო სივრცეები დასუფთავდეს. აუცილებელია სკოლების სველი წესით დალაგება.
იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეს ან სკოლის თანამშრომელს 37 ან მასზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდა, 15 წუთიანი შუალედით ვერცხლისწყლიანი თერმომეტრით უნდა გადამოწმდეს. თუ გადამოწმების შემდეგ ტემპერატურა კვლავ მაღალია, მაშინ მოსწავლე სპეციალურ საიზოლაციო ოთახში გადაჰყავთ და დაუყონებლივ უკავშირდებიან მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს. ის ვალდებულია, რომ ბავშვი სკოლიდან წაიყვანოს, ხოლო თუ მშობელს არ მიჰყავს, მაშინ სკოლის ადმინისტრაცია 112-ს უკავშირდება.
სკოლაში არ დაიშვებიან ის პირები, რომლებსაც ახველებთ, აცემინებთ, სურდო და საერთო სისუსტე, ზოგადად, რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ. ხოლო, თუ მსგავსი სიმპტომები მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესში გამოუვლინდება, მაშინვე უნდა გადაიყვანონ საიზოლაციო ოთახში და მშობელს დაუკავშირდნენ.
სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეები ისე უნდა გადაანაწილოს საკლასო ოთხებში, რომ როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული სწავლებისთვის განკუთვნილ სივრცეებში არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა იყოს შესაძლებელი. ხოლო საჭიროების შემთხვევაში სკოლამ ცვლებში სწავლება უნდა გამოიყენოს.
სკოლა ინდივიდუალურად ადგენს სწავლის დაწყების განსხვავებულ დროებს და/ან საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობას.
სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს, გარდა მოსწავლეებისა, უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში; გაკვეთილებს შორის შესვენებები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის განსხვავებულ დროს უნდა დაიგეგმოს. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სკოლის შენობის დაგეგმარება იძლევა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სივრცეების ფიზიკურად გამიჯვნის შესაძლებლობას; შესვენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს; შესაძლებელია სკოლის ეზოებში/ღია სივრცეებში გაკვეთილების ორგანიზება, შესაბამისი დისტანციის დაცვით; ერთი და იმავე ოთახში მოსწავლეთა სხვადასხვა ნაკადის გადაადგილებისას, დაცული უნდა იყოს 30 წუთიანი შუალედი, განიავდეს საკლასო ოთახი მაგიდები და საერთო გამოყენების ზედაპირები უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით; ყოველი შესვენების დროს სავალდებულოა საკლასო ოთახის განიავება
იმ შემთხვევაში, თუ საკლასო ოთახის ფართი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დაცული იყოს შესაბამისი დისტანცია, სკოლას უფლება აქვს გადავიდეს შერეულ/ჰიბრიდულ მოდელზე. ასეთი შემთხვევისთვის, სკოლის ადმინისტრაციამ უნდა შეიმუშაოს შერეულ მოდელზე გადასვლის გეგმა - გრაფიკი და შეუთანხმდეს საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
დოკუმენტის მიხედვით, სკოლებს ბუფეტის/სასადილოს ფუნქციონირება ეკრძალებათ, თუ შეუძლებელია მოსწავლეთა რიგში დგომის დროს უსაფრთხო დისტანციის დაცვა. გარდა ამისა, საკვების შესაძენად მოსწავლეთა გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, მიზანშეწონილია საკვების კონტეინერით (ლანჩ-ბოქსი) ტარება, ასევე, კვების შესვენების ორგანიზება სასწავლო ოთახებში. ბუფეტში ყველა ონკანი გამართულად უნდა მუშაობდეს.
თუ მოსწავლეებს ტრანსპორტი ემსახურება, მაშინ თერმოსკრინინგი ასვლამდე უნდა ჩატარდეს. ხოლო ტრანსპორტირებისას მოსწავლესაც, მასწავლებელსაც და მძღოლსაც პირბადე უნდა ეკეთოს.
მოსწავლის, მასწავლებლის ან სხვა თანამშრომლის დაინფიცირების შემთხვევაში სკოლა უნდა დაუკავშირდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალურ სამსახურს და შესაბამისი რეკომენდაციები მიიღოს. ხოლო ვირუსის გადატანის შემდეგ სასწავლო პროცესში დაბრუნება ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მოხდეს.
უფრო ვრცლად რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
თამარ იაკობაშვილი