მსახიობი ნანა ბუთხუზი საკუთარი შვილების მაგალითზე დღევანდელი განათლების სისტემის პრობლემებს ახმოვანებს და წუხს, რომ სწავლების მეთოდები თანამედროვე ბავშვებისთვის აბსოლუტუტად შეუფერებელია.
- 1977 წელს დავიბადე. როგორც მე მასწავლიდნენ, შეუძლებელია, 21-ე საუკუნის ბავშვსაც იმ მეთოდით ასწავლო. თანამედროვეებს სულ სხვა ტვინი, აზროვნება აქვთ... როცა ბავშვი სკოლაში დადის, პრობლემებს მაშინ ვაწყდებით და ონლაინსწავლებისას - მით უმეტეს. პედაგოგი ყოველდღიურად უნდა ცდილობდეს, რომ მოსწავლეს ის საგანი აინტერესებდეს, რასაც ასწავლის... მერე, იმაზე საუბრობენ, რომ მასწავლებლებს შესაბამისი ანაზღაურება არა აქვთ. კერძო სკოლების გამოცდილებაც მაქვს (სადაც პედაგოგებს შესაბამისი გასამრჯელო აქვთ). შეიძლება, იქ უკეთესი სიტუაცია იყოს, მაგრამ თითო-ოროლა პედაგოგს თუ იპოვი, რომლის შესახებაც იტყვი: აი, ეს არის, როგორიც უნდა იყოსო. ხანდახან მიფიქრია - ნეტავ, უჩინმაჩინის ქუდი მქონდეს, გაკვეთილზე შევიდოდი-მეთქი. მაინტერესებს, როგორ ტარდება. თუ მეც ვერ დავინტერესდი და ვერ გავიგე, ბავშვმა როგორ უნდა გაიგოს?
- ახლა ხომ გაქვთ შესაძლებლობა, მონიტორთან ახლოს იყოთ და ონლაინგაკვეთილის მსვლელობას თვალყური ადევნოთ?
- კი, ბატონო. გაკვეთილი ძალიან უინტერესოდ მიმდინარეობს. პირადად მე, ამ გაკვეთილზე დასწრების სურვილი არ მექნებოდა, ვერც გავიგებდი, გამაწვალებდა... ამიტომაც წვალობენ ბავშვები: ცოტა დრო აქვთ, ერთმანეთს ვერ ხედავენ... პედაგოგები სწავლის შედეგზე კი არა, გეგმის შესრულებაზე არიან ორიენტირებული. კლასში ყველა ბავშვი ერთნაირი ხომ არ არის? ზოგი ახსნილს გვიან იგებს, ზოგი - უცბად. სკოლებში ხშირად დავდივარ და მასწავლებლებს სულ ამას ვეუბნები: ყველა ადამიანში არის მზე, ოღონდ - მიეცით საშუალება, რომ ანათოს. დამიჯერეთ, თითოეული თქვენი მოსწავლე გენიოსია-მეთქი. ბავშვში ინდივიდს ნუ დააკნინებთ, მათ მიერ წარმოთქმულ ყველაზე სულელურ აზრსაც მოეჭიდეთ, ხალხო, სრული თავისუფლება მიეცით. თავისუფლებაში ისინი ბევრად მეტს შეიმეცნებენ, შექმნიან და განავითარებენ, ვიდრე რაღაც გეგმაში...
- "ტელესკოლაზე" რას გვეტყვით, იყენებენ თქვენი შვილები?
- არა, სამწუხაროდ, არ აინტერესებთ. იმიტომ კი არა, რომ ცუდია. საერთოდ, ტელევიზორი არ აინტერესებთ. ინგლისურენოვან დოკუმენტურ ფილმებს უყურებენ - ალბათ, ინფორმაციას იქ უფრო საინტერესოდ აწვდიან. ჩემმა მეორეკლასელმა შვილმა მათემატიკა ინგლისურად უფრო კარგად იცის, ვიდრე ქართულად. ეს პრობლემაა: ქართული ენა და ლიტერატურა აღარ უნდათ. მიზეზი ისაა, რომ ინგლისურ ენაზე ინფორმაცია საინტერესოდაა გადმოცემული - მულტფილმებით, მიუზიკლებით... ბავშვმა ერთხელ მითხრა: - სულელი უნდა იყო, რომ ვერ გაიგო, ინგლისურად ისე გიხსნიანო. მერე, ქართულენოვან სახელმძღვანელოში ჩაიხედავ და აღარ გაინტერესებს, ინფორმაციას ისე რთულად გაწვდიან...
იხილეთ სრულად