სკოლებში პირბადის სავალდებულოდ გამოცხადებას პროტესტი მოჰყვა. ამბობდნენ, ბავშვები თავს ცუდად იგრძნობდნენ მთელი დღე პირბადით სიარულის გამო, თუმცა, როგორც ჩანს, მოზარდებმა პირბადეშიც სცადეს პოზიტივს დანახვა.
სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში ბევრმა მოზარდმა დაწერა, რომ მოსწონს პირბადით სიარული. თუ რატომ, ამის თაობაზე ქვემოთ მოცემული პასუხები მოვისმინეთ. აი, რატომ მოსწონთ მოზარდებს პირბადე:
„ყოველ დილით კორექტორის და ტონალური წასმას მთელ საათს ვანდომებდი, რომ სახეზე გამონაყარი დამეფარა. რაც სკოლაში პირბადით სიარული დავიწყე, დავისვენე. ყველაზე კარგად ფარავს ჩემს მუწუკებს“ „ასე ნაცნობებს კარგად ვემალები. ბევრი ვერ მცნობს პირბადეში და ეს ძალიან კომფორტულია.“ „მე ვფიქრობ, რომ ულამაზო ვარ. რაც პირბადე მიკეთია, აღარ ვფიქრობ ამ საკითხზე, აღარც ვნერვიულობ და უფრო თამამად ვარ. ვიცი, ბევრ თინეიჯერს არ მოსწონს საკუთარი თავი და ასეთებს ყველას სიამოვნებს პირბადით სიარული. მინდა, პანდემიის მერეც მოდაში იყოს პირბადე“ „თუ ცუდ ფორმაში ვარ, ქრაში ვერ დამინახავს და ძალიან მაგარია. პირბადეში უფრო თავისუფლად ვარ“ „ჩემი ქრაშის დანახვაზე ისეთები მემართება, ყველაფერი სახეზე მეტყობა. პირბადე მეხმარება, რომ ქრაშმა ვერ დაინახოს, რა მომდის მის დანახვაზე.“ ზოგიერთი ორისიტყვიანი კომენტარებით შემოიფარგლა:
"ფარავს ღაბაბს", "ფარავს კეხიან ცხვირს", "მაკიაჟი აღარ გჭირდება" "როცა ცივა, სახის ნახევარი თბილად გაქვს" "კორონა რომ დამთავრდება, მომენატრება".
ალბათ ეს პასუხები კარგად გვაჩვენებენ, რა პრობლემები აწუხებთ ყველაზე მეტად და რატომ გრძნობენ შვებას დაფარული სახით.
მოზარდს თავისი შეცვლილი სხეულის მიღება უჭირს ცდილობენ დამალვას და სწორედ აქედან მოდის კომპლექსები.
ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი:
- ყველა მოზარდი სხვადასხვანაირად იტანს ამ დიდ ცვლილებებს და ყველასთვის განსხვავებული მიდგომაა საჭირო. თუმცა, არსებობს ერთი საერთო, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სხეულის ჩამოყალიბებასა და რთული პერიოდის გადალახვაში, ხშირ შემთხვევაში, მოზარდებს ფიზიკური აქტივობა ეხმარება. თუკი მოზარდი სპორტული აქტივობითაა დაკავებული, ცეკვავს, ხატავს, ის ამ პერიოდს ადვილად იტანს და შეიძლება მშობელმა ვერც კი იგრძნოს სერიოზული ცვლილებები მასში. მაგრამ, თუ ეს ენერგია შეზღუდულია და მოზარდი პასიურია, პირიქით ხდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი სწრაფი საკვებით იკვებებიან, რაც ჯანმრთელობასა და გარეგნობაზეც აისახება. ჩნდება აკნე, თმის გამოფიტვა და სხვადასხვა ცვლილება, რაზეც მოზარდები რეაგირებენ.
- რა უნდა გაითვალისწინოს ამ დროს მშობელმა, როგორი უნდა იყოს მისი ქცევა, რომ მოზარდი დაიცვას თუნდაც იმ საფრთხეებისგან, რაზეც თქვენს საუბრობთ?
- პირველ რიგში, მშობელი ამ ეტაპისთვის მომზადებული უნდა იყოს. თუკი მშობელი შვილთან ახლოსაა და არ არის მუდმივი მითითებები, დირექტივები, მოზარდს ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ მასთან გაიხსნას და ისაუბროს. არ შეეშინდეს იმის, რომ მშობელი განიკითხავს და რაღაცის გამო დაიტუქსება. აკრძალვებით ქცევის მოწესრიგება ძალიან იშვიათადაა მიღწევადი და ამ შემთხვევაშიც, თუ მუდმივად ვარეგულირებთ მოზარდის ქცევას, როგორც კი თავისუფლებას ნახავს, ის ყველაფერს მაშინვე დააშავებს, რაც ახლა ვერ დააშავა. ამიტომ, სასურველია, რომ მშობელი ამ პერიოდისათვის ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ადრე მოემზადოს და შვილთან ახლოს იყოს, ნუ შეიცხადებს და გაიკვირვებს ყველაფერს. იმიტომ, რომ მოზარდები ჩვენგან განსხვავებულები არიან და რომ არ იყვნენ განსხვავებულები, სადარდებელი მაშინ უნდა გვქონდეს. ახალგაზრდობაში რომ მუსიკა, ჩაცმის სტილი მოგვწონდა, მათ აღარ მოსწონთ და ხშირ შემთხვევაში, ჩვენს გემოვნებაში არ ჯდება მათი ვიზუალი, მათ მიერ შერჩეული ტანსაცმელი. ხანდახან მათაც ვკითხოთ რჩევა, მოსწონთ თუ არა ჩვენი გარეგნობა, ჩაცმულობა და მერე ისინიც მიიღებენ ჩვენგან ამ რჩევებს. ჩემს პრაქტიკაში ძალიან ხშირად მხვდება შეცდომები, რომლის თანახმადაც, მშობლები ყველა წვრილმანზე ქმნიან მოზარდებთან ძალიან დიდ პრობლემას, აქვთ სერიოზული კონფლიქტი, ჩხუბობენ და ედავებიან მაგალითად, თუნდაც იმაზე, რომ მოზარდმა ბიჭმა თმა მოიზარდა. ეს შეიძლება მთელი ოჯახისთვის ძალიან დიდი განხილვისა და დავის საგანი გახდეს. არადა მოზარდისთვის უბრალოდ საკუთარი პიროვნების განაცხადისა და თავისი ვიზუალის შელამაზების ხერხია, რისი საშუალებითაც ხშირ შემთხვევაში ფარავს იმას, რაც არ მოსწონს.
იხილეთ ინტერვიუ სრულად:
როცა მოზარდს კომპლექსები აქვს, არ მოსწონს თავისი გარეგნობა, საკუთარ თავში იკეტება... - თინეიჯერული პრობლემები და ფსიქოლოგის პასუხები