როდის იწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია
როდის იწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ ისაუბრა. რეგისტრაცია, წინა წლების მსგავსად, რამდენიმე ეტაპად წარიმართება და 2021-2022 სასწავლო წლისთვის დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება.

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 26 მარტის ჩათვლით სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები. მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენის
პერიოდია 2021 წლის 29 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით.
ხოლო იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ.

რეგისტრაციის II ეტაპი, 27 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:
  • და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში;
  • მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია;
  • ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

III ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია
- 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად
აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
თამარ იაკობაშვილი

3943
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები