სკოლის მოსწავლეებისა თუ საბავშვო ბაგა-ბაღის მშობლებს ხშირად აქვთ სოციალურ ქსელში საერთო ჩათი, სადაც გარკვეულ საკითხებს განიხილავენ. დღეს ელექტრონული კომუნიკაციის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ბევრი მშობელი სკოლაში მისვლის გარეშე ამ ფორმით აყენებს პრობლემურ საკითხს და ერთმანეთს აზრს უცვლიან. თუმცა, საინტერესოა, რას ფიქრობს ამაზე მასწავლებელი:
მე-7 კლასის დამრიგებელი, ირინა: "სასწავლო წლის დასაწყისში ჩათში ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდე მშობლებს, დეტალურად განვუმარტე ყველაფერი, შეფასების სისტემიდან დაწყებული, ოფიციალური დასვენების დღეებით დამთავრებული, მაგრამ, მაინც სვამენ უამრავ შეკითხვას. ბავშვებზე უარესები არიან. პატარებისთვის ბევრი შეკითხვის დასმა და ის, რომ შესაძლოა რაღაცები დაავიწყდეთ, ბუნებრივი მაინცაა. ამიტომ, მინდა მშობლებს ვურჩიო, იმისათვის, რომ არ დახარჯოთ ზედმეტი ძალისხმევა, არც მასწავლებელს წაართვათ დრო და არც საკუთარი თავი დაღალოთ, აუცილებლად შეინახეთ ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რასაც მასწავლებელი გიზიარებთ."
გაუფრთხილდით დროს
"ჩვენი წესების შესაბამისად, მშობლებს ჩათში საღამოს 9 საათამდე შეუძლიათ გვკითხონ დავალებები თუ სხვა საკითხები, რომლებიც აინტერესებთ. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც მსგავს შეკითხვებს ღამის 12 საათზე გვისვამენ. მართლა მინდა ხოლმე ვკითხო მათ, ღამის 12 საათზე აწყებინებენ შვილებს მეცადინეობას? დროის განსაზღვრა ძალიან უჭირთ, შვილებს კი ამის გამო სულ შენიშვნას აძლევენ. ნეტავ, ვის ჰგვანან ბავშვები? ამიტომ, ყველას მინდა ვუთხრა, რომ როგორმე გამოიმუშაონ გარკვეული გრაფიკი და მაქსიმალური ვადა, რა დროსაც დავალებებთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებს დასვამენ და ეს საღამოს 8 საათიდან 9 საათამდე ინტერვალში მაინც მოახერხონ."
დაუსრულებელი კამათი
ნინო, მე-5 კლასის დამრიგებელი:"მშობლები ხშირად იწყებენ ისეთ დისკუსიას, რომელიც შესაძლოა ერთი დღე კი არა, რამდენიმე დღე გაგრძელდეს და თან ისე, რომ საკამათო საკითხები აღარ ილევა. ერთი თემიდან მეორეზე გადადიან და როცა მგონია, რომ გადაჭრეს საკითხი, უცებ გამოჩნდება მშობელი, რომელიც რამდენიმე დღე თვალს ჩუმად ადევნებდა მიმოწერას და თავიდან იწყებს. ამიტომ, მინდა მშობლებს ვურჩიო, რომ მოკლედ გამოხატონ თავიანთი აზრი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საერთო ჩათი არ არის თქვენი დაუსრულებელი ფიქრების გამოსახატავად შექმნილი სივრცე."
პირადი ურთიერთობების განხილვა
"ზოგიერთ მშობელს საერთოდ არ რცხვენია პირადი ურთიერთობებისა თუ მდგომარეობის საერთო ჩათში განხილვის. მაგალითად, შეიძლება იკითხონ და დაინტერესდნენ, როგორ გრნობენ ბავშვები თავს, მაგრამ ბევრი მათგანი დეტალურად განიხილავს, რომ მის შვილს დიარეა აწუხებს, ტუალეტში რამდენჯერ მიდის და ასე შემდეგ. ხანდახან, ვფიქრობ, მსგავსი ფორმა განათლებულ ადამიანს არასდროს მოუვა თავში. ამიტომ, მინდა ყველა მშობელს ვუთხრა, თუ თქვენი შვილის ჯანრთელობის მდგომარეობის შესახებ მასწავლებელს გსურთ რომ ესაუბროთ, მაშინ უმჯობესია არა საერთო ჩათში, არამედ პირადად გაესაუბროთ,"
არასაჭირო სმაილები, გამოსახულებები და მისალოცი ტექსტები
სალომე, მათემატიკის მასწავლებელი:"დღესასწაულებზე ტელეფონი საერთოდ არ ჩერდება, რადგან ოცდაათივე მშობელი საკუთარ მოვალეობად თვლის, რომ ფოტოებზე ან გიფებზე დაწერილი მისალოცი ტექსტის გამოგზავნოს. მერე იმაზე პასუხის სათითაოდ გაცემა გვიწევს. ამიტომ, მინდა ყველა მშობელს ვთხოვო, თუ თქვენ მართლა გსურთ მასწავლებლისთვის დღესასწაულის მილოცვა, შეგიძლიათ ბავშვთან ერთად ფერად ფურცელზე დაწეროთ ან რამდენიმე გულწრფელი სიტყვა მისწეროთ პირად შეტყობინებაში. ასჯერ გაგზავნილი გიფი და ფოტო ნამდვილად არ არის სწორი ფორმა."
დაუსრულებელი შეკითხვები
"გაკვეთილები დასრულდა? გამოვიდა ჩემი შვილი? რა ქნა ჩემმა შვილმა გაკვეთილზე? - მსგავსი დაუსრულებელი შეკითხვებია და სულ მიჩნდება კითხვა, როგორ ფიქრობთ, მასწავლებელმა მთელი დღის განმავლობაში თქვენს შეკითხვებს უნდა ადევნოს თვალი თუ საგაკვეთილო პროცესი წარმართოს? ამიტომ, ყველა მშობელს მინდა ვურჩიო, დაელოდეთ თქვენს შვილს, ვიდრე სკოლიდან მოვა და მას დაუსვით ეს შეკითხვები. დამიჯერეთ, ძალიან კარგად იციან, რა ხდება სკოლაში."
სხვა მასწავლებლების განხილვა
"განსაკუთრებით არასასიამოვნოა, როდესაც მშობლები მოურიდებლად იწყებენ საერთო ჩათში ჩემი რომელიმე კოლეგის გალანძღვას. თან ფორმაც არაეთიკურია. ყველას მინდა ვთხოვო, თუ რომელიმე კონკრეტულ მასწავლებელთან პრეტენზია გაქვთ, პირადად დაელაპარაკეთ და გაუზიარეთ თქვენი უკმაყოფილება. ასე, საჯაროდ, ყველას გასაგონად ცუდი რაღაცების თქმა, არ შეიძლება."
ბევრი მასწავლებელი მსგავსი ტიპის მიმოწერას საერთოდ ვერ უძლებს და ჩათს ტოვებს. იქ კი მშობელთა კომიტეტის წევრები რჩებიან და შუამავლის როლს ასრულებენ.