სააღდგომოდ სკოლები 30 აპრილსა და 3 მაისს დაისვენებენ. თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი უქმე დღეებად ცხადდება. ოფიციალურად უქმე დღეა 12 მაისი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდემილობის დღე. შესაბამისად, სკოლებში სასწავლო პროცესი 30 აპრილს შეწყდება და 13 მაისიდან განახლდება.
დავინტერესდით, უქმე დღეების გამოცხადების გამო, ხომ არ გადაიწევს სასწავლო წლის დასრულების თარიღი. შეკითხვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ:
"სასწავლო წლის დასრულების თარიღი არ გადაიწევს, თუმცა სამინისტროში მუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები, რომლითაც სკოლებს თავად შეეძლებათ გადაწყვიტონ, რა ფორმით აღადგენენ გაცდენილ საათებს, გამოიყენებენ შაბათ დღეს თუ სხვა ხერხს მიმართავენ. შესაბამისი რეკომენდაციები ყველა სკოლას წინასწარ გაეგზავნება." - გვითხრეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო წელი მე-12 კლასელებისათვის 20 მაისს დასრულდება, 27 მაისს პირველკლასელები დაამთავრებენ სწავლას, 15 ივნისს კი - ყველა სხვა კლასის მოსწავლე.
რაც შეეხება ბაღებს, აქაც სააღმზრდელო პროცესი 30 აპრილს შეწყდება და 13 მაინსს განახლდება. ზაფხულის არდადეგები კი ივნისი ბოლო სამუშაო დღის შემდეგ დაიწყება.
თამარ იაკობაშვილი