I-VI კლასის მოსწავლეებს აგრარულ და გარემოსდაცვით საკითხებზე უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდიან. ამისათვის დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისათვის ახალი სახელმძღვანელო "გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში" იქმნება. თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული საკითხები მომავალი სასწავლო წლიდან ცალკე საგნად შევა სკოლის პროგრამაში. ამასთან დაკავშირებით მშობლებს კითხვები გაუჩნდათ, ბევრისთვის გაუგებარი იყო, რატომ უნდა დამატებოდა აგრარული დისციპლინა ცალკე საგნად. გადასამოწმებლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ სინამდვილეში ახალი საგანი მოსწავლეებს არ დაემატებათ.
"ეროვნულ სასწავლო გეგმას ახალი საგანი არ ემატება. იქმნება საინტერესო სახელმძღვანელო, რომელიც უფრო მეტად მასწავლებლებისთვისაა განკუთვნილი, რომ მათ გარემოს დაცვისა და აგრარული მიმართულებით გაიღრმავონ ცოდნა და ეს კომპონენტი კიდევ უფრო აქტიურად დანერგონ სკოლაში. მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვის კომპონენტი ეროვნული სასწავლო გეგმით აქამდეც იყო გათვალისწინებული. თუმცა, ახლა პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ, კიდევ უფრო მრავალფეროვანი აქტივობები დაგეგმონ, სხვადასხვა საგანთან ინტეგრაციაში. მასწავლებლები ეტაპობრივად გადამზადდებიან. სახელმძღვანელო კი ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება. აღნიშნული სახელმძღვანელო მასწავლებელს დაეხმარება იმაში, თუ როგორ გააძლიეროს გარემოსდაცვითი კომპონენტის სწავლება სკოლაში და თავადაც აიმაღლოს ცოდნა, ამ მიმართულებით."- გვითხრეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
როგორც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მოსწავლებს ეცოდინებათ, რა არის მდგრადი განვითარება, როგორ მოიხმარონ გონივრულად ბუნებრივი რესურსები, როგორ დაიცვან ბიომრავალფეროვნება და რა მნიშვნელობა აქვს გარემოში ცოცხალი ორგანიზმების არსებობას, რა შეუძლიათ გააკეთონ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დასაცავად და წყლის რესურსების მდგრადი მოხმარებისთვის, გაეცნობიან კლიმატის ცვლილების საკითხებს და რაც მთავარია ეცოდინებათ როგორ მოიქცნენ ბუნებრივი საფრთხების დროს, როგორ შეამცირონ ნარჩენები სწორი ქცევით, გაიაზრებენ რატომ არის მნიშვნელოვანი მიწის რესურსების დაცვა, რა კავშირშია მიწის რესურსები სოფლის მეურნეობასთან და რას ნიშნავს სურსათის უვნებლობა
თამარ იაკობაშვილი