"გატაცება ვაშლოვანში" - მოსწავლეების მიერ რეპორტაჟის სახით გაკეთებულ "იავნანამ რა ჰქმნას" დიდი გამოხმაურება მოჰყვა
კომპლექსური დავალებების ფარგლებში 55-ე საჯარო სკოლის მე-5 ბ კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის "იავნანამ რა ჰქმნა?!" ეპიზოდები რეპორტაჟისა და ინტერვიუს ჟანრში წარმოადგინეს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უამრავი დადებითი შეფასება დაიმსახურა. როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ბერბერაშვილი გვეუბნება, მსგავს აქტივობას უკვე დიდი ხანია იყენებს და ბავშვებიც დიდი სიხარულითა და მონდომებით ერთვებიან. Mshoblebi.ge-ს მკითხველს ერთ-ერთ ეპიზოდს "გატაცება ვაშლოვანში" ვუზიარებთ. მაია ბერბერაშვილი კი იდეასა და ბავშვების დაინტერესებაზე გვიყვება:

- დაახლოებით, 7 წლის წინ ერთ-ერთ ტრენინგზე აქტივობა "დრამა" შევისწავლე. მას შემდეგ,
ანონსს, ინტერვიუსა და რეპორტაჟს გაკვეთილის პროცესში ხშირად ვიყენებდი, რადგან ვხედავდი, რომ მოსწავლეები ხალისით ერთვებოდნენ და მათთვის ეს აქტივობა საინტერესო იყო. წელს ახალი სკოლის მოდელში ჩავერთე. ტრენინგზე მოვისმინე, რომ რეპორტაჟის მეთოდს აქტიურად იყენებენ. გამიხარდა, რადგან გამოცდილება უკვე მქონდა და ვიცოდი, რომ ბავშვებს ძალიან მოსწონდათ. ამიტომაც, კიდევ უფრო ხშირად დავგეგმე მსგავსი აქტივობა. მე-5 ბ კლასში ჯერ ანონსი დავწერეთ, განსაკუთრებით კი რეპორტაჟის ნაწილი მოეწონათ. შედეგად, შევთავაზე "იავნანამ რა ჰქმნა?!" რეპორტაჟის ჟანრში გადაგვეყვანა. ბავშვებს ჟანრის მახასიათებლები გავაცანი, მივეცი რეკომენდაცია, როგორ დაეწერათ ანონსი. ძალიან დიდი მონდომებით მოეკიდნენ და გადავწყვიტეთ, რომ გადაგვეღო. თავადვე ითხოვდნენ მონაწილეობის მიღებას. სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნეთ, რამაც დადებითი გამოხმაურება გამოიწვია. ვფიქრობ, ამ გზით მოსწავლეები უფრო ვითარდებიან, ეცნობიან სიახლეებს.
მსგავსი მეთოდები შემოქმედებითი და კრეატიულია. მოსწავლეებსაც შესაძლებლობა აქვთ, საკუთარ თავში ბევრი ახალი უნარი აღმოაჩინონ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს სკოლაში მსგავსი ტიპის აქტივობები წახალისებულია. 

თამარი იაკობაშვილი

1205
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია