"მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვი, რომელიც "პასიურად" და "სწავლაში ჩამორჩენილად" ითვლებოდა, რადიკალურად შეიცვალა დადებითისკენ" - მეთოდები და უნარები, რომლებიც დღევანდელ ბავშვებს სჭირდებათ
"მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვი, რომელიც "პასიურად" და "სწავლაში ჩამორჩენილად" ითვლებოდა, რადიკალურად შეიცვალა დადებითისკენ" - მეთოდები და უნარები, რომლებიც დღევანდელ ბავშვებს სჭირდებათ
წლიდან წლამდე სულ უფრო აქტუალური ხდება საკითხი, რომ ადამიანებს მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება უნდა ჰქონდეთ. სწორედ ამას ემსახურება საგანი სამოქალაქო განათლება.მ ოსწავლეებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გადაიტანონ და თავიანთი შრომის შედეგი რეალურად დაინახონ, პრობლემების მოგვარების მიზნით, ურთიერთობა დაამყარონ სკოლის გარეთ არსებულ პარტნiორებთან და სასარგებლო გამოცდილება მიიღონ. მარინა უშვერიძე ორგანიზაცია PH International-იდან სამოქალაქო განათლების ხარისხის ამაღლების მიმართულებით წლების მანძილზე გაწეული სამუშაოს შესახებ გვიყვება:

- სამოქალაქო განათლების სწავლების აუცილებლობა შესაძლოა ჩვენი მოსახლეობის 100%-ს გაცნობიერებული არ აქვს, მაგრამ საგნის
მიმართ დაინტერესება სულ უფრო იზრდება, რაც ვფიქრობ, სწორედ იმ პრობლემებმა გამოიწვია, რომლებსაც ყოველდღიურად ვხვდებით საზოგადოებაში. სამოქალაქო განათლება არ ნიშნავს მხოლოდ თეორიულ სწავლებას. სამოქალაქო განათლებამ, როდესაც ის სწორად ისწავლება, კონკრეტული დადებითი შედეგი უნდა მოუტანოს პირველ რიგში მოსწავლეებს, სკოლასა და მთლიანად საზოგადოებას. უკვე საკმაოდ დიდი ხანია USAID-ის ფინანსური დახმარებით ვმუშაობთ იმისათვის, რომ სამოქალაქო განათლება საქართველოს სკოლებში ხარისხიანად ისწავლებოდეს. წლების განმავლობაში, ბევრი დადებითი შედეგი დაგროვდა. სამოქალაქო განათლების პროექტებზე მუშაობისას მოსწავლეები მიხვდნენ, რომ რეალურად შეუძლიათ თავიანთ სკოლასა და თემში ბევრი რამის შეცვლა უკეთესობისკენ. სკოლებში ჩამოყალიბდა სამოქალაქო განათლების კლუბები და მოსწავლეებმა აქტუალურ პრობლემებზე იმუშავეს. მაგალითად, მოსწავლეთა თხოვნის საფუძველზე და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, სოფლებში მოეწყო გარე სპორტული სივრცეები, გაკეთდა ტრანსპორტის მოსაცდელები,
მეწყერსაშიშ ზონებში დაირგო ნარგავები, გაიმართა თანატოლთა შორის ძალადობის შესახებ დისკუსიები, მოსწავლეებმა შეისწავლეს ნაადრევი ქორწინების უარყოფითი მხარეები და თანატოლებში გაავრცელეს ინფორმაცია, ნაადრევი ქორწინების პრევენციის მიზნით, ისინი მუშაობენ აზარტული თამაშების ზიანის თემაზე. ერთ-ერთ სოფელში მოსწავლეებმა სოფლის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, პედაგოგის დახმარებით პირბადეები შეკერეს და ადგილობრივ მაღაზიაში მიიტანეს, რომ ხალხისთვის უფასოდ დაერიგებინათ. სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები აწყობენ შეხვედრებს სასამართლო სისტემის გაცნობის მიზნით, ავრცელებენ ინფორმაციას არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის აუცილებლობის შესახებ და ა.შ. ბევრია სამოქალაქო განათლების კონკრეტული შედეგიც: მაგალითად, ცოტახნის წინ, თბილისის 119-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მოთხოვნისა და მაჟორიტარი დეპუტატის მხარდაჭერის შედეგად, გლდანში დამატებითი ავტობუსი დაინიშნა, რომელიც მოსახლეობას გადაადგილებას ძალიან უადვილებს. ყველა ასეთი შედეგი გვეუბნება იმას, რომ სამოქალაქო განათლება გვჭირდება, რათა ჩვენი გარემო გახდეს უკეთესი და ადამიანის უფლებები იყოს დაცული. სამოქალაქო განათლების სასკოლო პროექტების შედეგად მოსწავლეებმა ირწმუნეს, რომ თითოეულ ადამიანს, თითოეულ მოქალაქეს აქვს ძალა და ხმა, რომ თუნდაც ერთი ადამიანის და მით უმეტეს, მოქალაქეთა გაერთიანებულ ძალისხმევას, ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.

- კიდევ რამნიშვნელოვან უნარებს უვითარებს სამოქალაქო განათლება მოსწავლეს, რაც შემდეგ ცხოვრებაში გამოადგება?

- სამოქალაქო განათლების პროექტებში მონაწილეობა უამრავ უნარს ავითარებს. მაგალითად, ადამიანებთან ეფექტური ურთიერთობის უნარს, საკუთარი აზრის არგუმენტირების უნარს, კრიტიკული აზროვნების უნარს, პრობლემის გადაჭრის უნარს, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების უნარს, გუნდში მუშაობის, თანამშრომლობის უნარს და ასე შემდეგ. ეს ის საჭირო უნარებია, რაც ნებისმიერ ადამიანს ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგება. მშობლები ძალიან ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვი, რომელიც "პასიური" ეგონათ და "სწავლაში ჩამორჩენილად" ითვლებოდა, თავისუფალი მოქმედების, საკუთარი იდეების გამოხატვისა და რეალიზების ასპარეზის მიცემისას, რადიკალურად შეიცვალა დადებითისკენ.
ნებისმიერი პროექტი, რომელზეც მოსწავლეები მუშაობენ, გულისხმობს გარე მხარეებთან ურთიერთობის დამყარებას და ხშირად მათ მობილიზებას პრობლემის მოსაგვარებლად. მაგალითად, აჭარაში ერთ-ერთმა ორგანიზაციამ მოსწავლეებს ნერგები გადასცა, ხოლო მათ, თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, სოფელში მეწყერსაშიში ადგილი გაამწვანეს. ამ პროცესში, ბუნებრივია, მოსწავლეებმა ბევრ სხვადასხვა მხარესთან ითანამშრომლეს,ისინი სკოლის ფარგლებს გასცდნენ. სკოლის მთავარი მისიაც ხომ ეს არის, მოვამზადოთ ბავშვები ცხოვრებისთვის. ეს კი ეტაპობრივი პროცესია, ასაკისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის გაცნობიერებითა და შესაბამისი ქცევით, რის შესაძლებლობასაც მოსწავლეებს სამოქალაქო განათლების პროექტული სწავლება აძლევს.

- სამოქალაქო განათლების კლუბში ჩართულმა ერთმა მოსწავლემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი, რაც სკოლიდან მიაქვს, სწორედ სამოქალაქო განათლების კლუბში მიღებული ცოდნაა. რა მეთოდებს იყენებენპედაგოგებიმოსწავლეთა მოტივაციისთვის?

- ეს არის პროექტზე დაფუძნებული სწავლების ანუ კეთებით სწავლების შედეგი. მოსწავლე არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას იღებს, არამედ მას ეძლევა შესაძლებლობა, მიღებული ცოდნა მაშინვე, რაიმე ფორმით, გამოიყენოს პრაქტიკაში. სამოქალაქო განათლებაში კეთებით სწავლება მოიცავს: დავინახოთ პრობლემა, მოვიფიქროთ, თუ როგორ მოვაგვაროთ იგი - შევიმუშაოთ ამ პრობლემის მოგვარების გეგმა და შემდეგ უკვე ეს გეგმა განვახორციელოთ. სწორედ ამ პროცესის გავლის შედეგად მოსწავლემ გააცნობიერა, რომ სასკოლო სამოქალაქო კლუბში გატარებული დრო საინტერესოც იყო და სასარგებლოც. მან იქ თავისი შრომის შედეგი დაინახა. ბევრ ადამიანს დაუკავშირდა სკოლაში თუ სკოლის გარეთ, მათთან ერთად, ერთი მიზნის მისაღწევად, პროექტი დაგეგმა, განახორციელა და კარგი გამოცდილებაც მიიღო.

- თუ შეიძლება, იგივე მეთოდები სხვა საგნების პედაგოგებმაც გამოიყენონ და რამდენად შეუწყობს ეს ხელს სწავლის მიმართ ბავშვების მოტივაციის ამაღლებას?

- ვიცი, რომ კეთებით სწავლების ამ მეთოდს სულ უფრო მეტი პედაგოგი იყენებს. ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნა. "ახალი სკოლის მოდელი" კეთებით სწავლებაზე დიდ აქცენტს აკეთებს. მოსწავლე უნდა ხედავდეს მიღებული ცოდნის შედეგს, გრძნობდეს, რომ ის, რასაც სახელმძღვანელოდან სწავლობს, პრაქტიკაში ამართლებს.

- როგორ ფიქრობთ, დღეს რა არის სკოლის მთავარი ფუნქცია?

- ვფიქრობ, სკოლის მთავარი ფუნქციაა, მოამზადოს ბავშვების ცხოვრებისთვის და ცოდნის გარდა, აუცილებლად განუვითაროს ის უნარები, რომლებიც თანამედროვე სამყაროში ადამიანს სჭირდება. ძალიან სწრაფად ცვალებად გარემოში ვცხოვრობთ. არ ვიცით, წლების შემდეგ დასაქმების ბაზარზე რა ტიპის მოთხოვნა იქნება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს განვუვითაროთ კრიტიკული აზროვნების უნარი, შემოქმედებითი აზროვნება და ადაპტაციის უნარი.

- თქვენი გადმოსახედიდან, რა პრობლემებია ყველაზე მეტად სკოლაში?

- სწავლის მოტივაცია დიდი გამოწვევაა. ალბათ, ეს თანამედროვე პედაგოგიური მეთოდებით უნდა მოგვარდეს. ერთ-ერთ მეთოდზე, კეთებით ანუ პროექტებით სწავლების მეთოდზე, უკვე ვისაუბრეთ. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლე დავაინტერესოთ. როდესაც მას კონკრეტული საგნის მიმართ ინტერესი გაუჩნდება, კარგად ისწავლის, პროცესიც სასიამოვნო იქნება და შედეგსაც დაინახავს.
ასევე, მნიშვნელოვანია, რამდენად დემოკრატიულად იმართება სკოლა. თუ სკოლის ცხოვრებაში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსწავლეების მონაწილეობას ფასადური სახე აქვს, ეს რეალურ შედეგს ვერ მოგვცემს. სკოლა მოსწავლისთვის მინი სახელმწიფოა. მას იქ შეძენილი გამოცდილება რეალურ ცხოვრებაში გადააქვს. მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მის ძალისხმევაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, რომ სასკოლო ცხოვრება ყველას გაზიარებული პასუხისმგებლობაა. თუ სკოლაში მოსწავლე მიეჩვია საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღებას, გააცნობიერა, რომ მას უფლებებთან ერთად მოვალეობებიც გააჩნია, ის ზრდასრულ ცხოვრებასაც ასეთი მიდგომით გააგრძელებს. მაგალითად, არავის მისცემს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლებას, პატივს სცემს სხვა ადამიანების მოსაზრებებს, ექნება კამათის კულტურა, ეცოდინება საერთო მიზნის მისაღწევად სხვა ადამიანებთან თანამშრომლობა და ა.შ.

- რამდენად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოები, რომლებიც ახლა გვაქვს და რის შეცვლას ისურვებდით ამ მიმართულებით?

- სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოების ხარისხი ნელ-ნელა უმჯობესდება. თუმცა, მარტო ერთ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით სამოქალაქო განათლების სწავლება მართებულად არ მიმაჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც პედაგოგმა, ასევე მოსწავლემ სხვადასხვა მასალა მოიძიოს და ინფორმაცია მრავალფეროვანი წყაროებიდან მიიღოს. მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოს გამოყენება საუკეთესო შედეგს ვერ მოგვცემს. სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის არაერთი დამხმარე სახელმძღვანელო და რესურსია გამოქვეყნებული ვებგვერდზე civics.ge, ამ მასალების გამოყენება ყველა პედაგოგს შეუძლია.
სამოქალაქო განათლება საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებს უნდა ეხმაურებოდეს. შესაბამისად, გაკვეთილზე ხშირად შემოდის ახალი თემა სადისკუსიოდ, ეს თემები ცვალებადია. ადამიანის უფლებების, ძალადობის, სოციალური პრობლემებისა თუ სხვა საკითხების განხილვისას მნიშვნელოვანია, რომ საკლასო ოთახში სწავლება დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდეს და ყველა მოსწავლეს შეეძლოს საკუთარი აზრის დაფიქსირება.

- წლებთან ერთად, როგორ იცვლება მასწავლებელთა კვალიფიკაცია და ეს რამდენად მნიშვნელოვანია?

- რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს კვალიფიციური კადრის მოზიდვას, ასევე არსებული კადრის ძალისხმევისა და შედეგების დაფასებას. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ მოსწავლის მოტივაციაზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პედაგოგებსაც სჭირდებათ მოტივაცია, აღიარება, დაფასება. USAID-ის მხარდაჭერით სამოქალაქო განათლების პედაგოგთა არაერთი კონფერენცია-გამოფენა გავმართეთ, რომლებზეც პედაგოგები თავიანთი მიღწევებისთვის დავაჯილდოვეთ. წლების მანძილზე, რეგიონების მიხედვით, სამოქალაქო განათლების საუკეთესო პედაგოგები გამოვავლინეთ.
იზრდება რა სამოქალაქო განათლების მიმართ ინტერესი, სულ უფრო მეტი ახალგაზრდა კადრი ხედავს თავის მომავალს სკოლაში, სამოქალაქო განათლების მასწავლებლად. ჩვენ, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად, დავნერგეთ პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრები, ხელს ვუწყობთ პედაგოგთა შორის თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბებას. ასეთ შეხვედრებზე პედაგოგი კოლეგების წინაშე წარმოადგენს დილემას, რომლის წინაშეც ის საკლასო ოთახში დადგა და კოლეგებთან ერთად მისი დაძლევის გზებს განიხილავს. ადრე პედაგოგებს უჭირდათ საკლასო ოთახში არსებულ სიძნელეებზე ასე ღიად საუბარი, ბოლო პერიოდში ეს შეიცვალა. დილემის განხილვა და ერთობლივად გამოსავლის ძიება, ერთმანეთისთვის სასარგებლო გამოცდილების გაზიარება კარგ პრაქტიკად მკვიდრდება.
ასევე ძალიან გაიზარდა იმ მასწავლებლების რიცხვი, რომლებიც მზად არიან კოლეგებისთვის "ღია გაკვეთილი" ჩაატარონ და საკლასო ოთახში მათ მიერ გამოყენებული სხვადასხვა მეთოდის წარმოადგინონ.
როდესაც სამოქალაქო განათლების მასწავლებელი სასკოლო სამოქალაქო კლუბს მეურვეობს, ეს საათები მას ფინანსურად არ უნაზღაურდება. მაგრამ, ბევრ პედაგოგში იმდენად დიდია სამოქალაქო განათლების კარგად სწავლების სურვილი, რომ ისინი სრულიად მოხალისეობრივად ასრულებენ ამ საქმიანობას.

- კიდევ ერთ აქტუალურ თემას რომ შევეხოთ, რამდენად აუცილებელია სკოლებში სქესობრივი განათლების კომპონენტის შეტანა, კონკრეტულად რას უნდა ითვალისწინებდეს?

- ასაკის შესაბამისად, ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს კომპონენტი სკოლებში არის შეტანილი, როგორც ბიოლოგიის საგნის ნაწილი. მგონია, რომ ჩვენს მოსახლეობას სქესობრივი განათლების შესახებ არასწორი ინფორმაცია აქვს და ამიტომაც არის პროტესტი. სქესობრივი განათლება მოსწავლეს აწვდის ინფორმაციას იმ ცვლილებების შესახებ, რაც ადამიანის ორგანიზმში გარდატეხის ასაკში ხდება. მოსწავლე უფრო მომზადებული ხვდება ამ პერიოდს, შეუძლია კომპეტენტური პირისგან მიიღოს პასუხები სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებით მისთვის საინტერესო შეკითხვებზე და სხვადასხვა საეჭვო წყაროდან არ მოიძიოს ეს ინფორმაცია. სქესობრივი განათლება ასევე უნდა მოიცავდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა არის სექსუალური ძალადობა. არაერთი პრობლემა, რომელიც დღეს ჩვენს საზოგადოებაში ხდება, შესაძლოა თავიდან აგვერიდებინა, ბავშვებს მეტი ინფორმაცია რომ ჰქონოდათ იმის შესახებ, თუ რა სახის ქცევაა მისაღები და რა - არა. მაგალითად, არაერთხელ ყოფილა, რომ ბავშვი არ ამხელს, როდესაც მას ინტიმურ ადგილებში შეეხნენ, ან "უჩვეულოდ მოეფერენ", იმიტომ რომ არ ესმის, რა მოხდა. სქესობრივი განათლება კი ბავშვს ასწავლის, რა მოიმოქმედოს ასეთ შემთხვევაში. მას მშობელთან ან პედაგოგთან ამ თემაზე საუბარი უნდა შეეძლოს, რათა ბავშვმა დროულად დაიცვას თავი მოძალადისგან და არ გახდეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. მნიშვნელოვანია, მშობლებისთვის საინფორმაციო მასალის მიწოდება, რომელშიც ახსნილი იქნება, თუ როგორ ესაუბროს შვილს სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. ამ საკითხებზე ბევრ მშობელს "ეჩოთირება" შვილთან საუბარი, შედეგად კი ვიღებთ პრობლემებს. სქესობრივი განათლება არასრულწლოვანთა ორსულობისა და ვენერიული დაავადებების პრევენციასაც უწყობს ხელს, მაგრამ დღეს საქართველოში ეს თემა ტაბუდადებულია და სწორი ინფორმაციის დეფიციტი უფრო მეტ პრობლემას ქმნის.

თამარ იაკობაშვილი
1361
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი