ამბობენ, უცხო ენის სწავლას რაც უფრო პატარა ასაკიდან დაიწყებს ბავშვი, მით უფრო მარტივად და კარგად ისწავლისო. დროის ცვლასთან ერთად უცხო ენების პრიორიტეტულობაც იცვლება, ამ ეტაპზე ყველაზე მოთხოვნად და საერთაშორისო ენად ინგლისურია აღიარებული, თუმცა მშობლები არ ერიდებიან თავიანთი პატარებისთვის სხვა ენების შესწავლასაც.
რომელი და რამდენი უცხო ენა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს და რა ასაკიდან, ამ კითხვებზე პასუხების გასაგებად სპეციალისტებს ვესაუბრეთ.
განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია:
"თუ მშობელი გარკვეული ეკონომიკური ინტერესით ხელმძღვანელობს, მაშინ შეიძლება მხოლოდ ისეთი ენები შეასწავლოს შვილს, საიდანაც მეტი ეკონომიკური სარგებელი ექნება, მაგრამ თუ მშობელი ფიქრობს ბავშვის მომავალ სწავლა-განათლებაზე, მაშინ სხვა ენას აირჩევს. ინგლისური უკვე სხვა ტიპის ენაა, ის არის საერთაშორისო ენა, რომელიც იცის ყველა ერის ნაწილმა და პრინციპში, მისი სწავლა აუცილებელიც არის, მაგრამ არსებობს კიდევ რეგიონალური ენები.
მაგალითად, ჩვენს რეგიონში ურთიერთობის ენა ჯერ კიდევ რუსულია, ზოგ შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს შორისაც რუსულია საკომუნიკაციო ენა. მაგრამ, ცხადია არის სხვა ენებიც, მაგალითად, ბევრი ახალგაზრდა სწავლობს გერმანულს, გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად, რადგან იქ უფრო იაფია სწავლა, ცხოვრებაც ასე თუ ისე იაფია, მეტი შანსია, რომ ევროპაში მაღალი ხარისხის განათლება მიიღო და სწორედ ამიტომ ირჩევენ ამ ენას", - ამბობს ჯანაშია.
ენათმეცნიერ ზურა ვახანიას დაუშვებელად მიაჩნია, როცა ერთი ადამიანი ბავშვს 2 სხვადასხვა ენაზე ელაპარაკება.
"ზოგჯერ დედა ცდილობს ინგლისური ასწავლოს ბავშვს და ელაპარაკება ხან ინგლისურად, ხან ქართულად. ეს არ შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ბუნებრივ გარემოში სწავლობს უცხო ენას, ათვისება უფრო უმტკივნეულოდ ხდება, მაგრამ აქაც წესები უნდა დავიცვათ, ერთი ადამიანი და ერთი ენა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პატარას ბიძა ელაპარაკება რუსულად, ის მხოლოდ რუსულად უნდა ელაპარაკოს.
ამას გარდა, 2 უცხო ენა უკვე მძიმეა ბავშვისთვის. ზოგი ბავშვის გონება იტანს, ზოგის ვერა და ზედმეტად იძაბება, ეს კი ამუხრუჭებს ბავშვის გონებრივ განვითარებას", - ამბობს ვახანია.
მისივე თქმით, ბავშვის აზროვნების განვითარებისთვის ხელისშემშლელია პირველ კლასში უცხო ენის სწავლება.