"ვინც ფიქრობს, რომ "რა დროს სკოლების გახსნაა", იჯდეს სახლში და ისწავლოს ონლაინ... ბავშვების განათლებას ვერავის შევწირავთ" - ექსპერტები სწავლის დისტანციურად დაწყების საფრთხეებზე - მშობლები

"ვინც ფიქრობს, რომ "რა დროს სკოლების გახსნაა", იჯდეს სახლში და ისწავლოს ონლაინ... ბავშვების განათლებას ვერავის შევწირავთ" - ექსპერტები სწავლის დისტანციურად დაწყების საფრთხეებზე

2021-09-01 09:23:20+04:00

სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ამის შესახებ გუშინ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, 4 ოქტომბრიდან სწავლა განახლდება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. შესაბამისად, ჯერჯერობით მშობლებმა არ იციან, ბავშვები 4 ოქტომბრის შემდეგ მაინც თუ დაუბრუნდებიან სკოლებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის "მშობლები განათლებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი გვესაუბრება, რა საფრთხეს შეიცავს სწავლის კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება და რა არჩევანის წინაშე დგებიან მშობლები:

mshoblebi

- ძალიან მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ, რატომ მივედით ამ მდგომარეობამდე. მშობელთა ჯგუფი, რომლებიც გაერთიანებულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციაში "მშობლები განათლებისთვის" ფაქტით ძალიან შეშფოთებულები და იმედგაცრუებულები ვართ. პასუხისმგებლიანი სამინისტრო და საკოორდინაციო საბჭო გუშინ გვეტყოდა, რა კეთდება იმისათვის, რომ სკოლები დროულად გაიხსნას. სამწუხაროდ, ამ დრომდე, ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს. ვაქცინების დაგვიანებით შემოტანამ, ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის, ფაქტობრივად, არარსებობამ, ივნისში შეზღუდვების გაუქმებამ, ჯარიმების ჩამოწერამ და დარჩენილი რეგულაციების არაეფექტურმა აღსრულებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ბავშვებს ახლა კომპიუტერისა და ტელეფონის ჩაბნელებულ ეკრანებთან მოუწევთ გაკვეთილებზე დასწრება, რაც ტრაგედიაა. ამ ტრაგედიას ფართო საზოგადოება ჯერ ვერ ხედავს იმიტომ, რომ ზიანი მყისიერი არ არის. თუ მოლი დაიხურება, შემოსავალს ვერ მიიღებს ათასობით ადამიანი და დაწესებულება მაშინვე იგრძნობს ზიანს. ბავშვების შემთხვევაში, ზიანის შემჩნევას შესაძლოა წლები დასჭირდეს. კოვიდპანდემიის დროს დაკარგული თაობა გვეყოლება. ჩვენ, მშობლები, ამას დღესვე ვხედავთ. ვამჩნევთ, რომ ბავშვებს სწავლის მოტივაცია, სიცოცხლის ხალისი ყოველდღიურად უქვეითდებათ. აღარ უნდათ გარეთ გასვლა. თავი იჩინა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებმა. ხერხემლის დაავადებები აქვთ, მხედველობა გაუუარესდათ. თუ მიმართავთ პრაქტიკოს ფსიქოლოგს, ნებისმიერი მათგანი გეტყვით, რომ მშობლებისა და ბავშვების მხრიდან მიმართვიანობა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა. ჩემი 6 წლის შვილი წელს პირველ კლასში უნდა წასულიყო. ახლა მისაღებ ოთახში კომპიუტერის ეკრანიდან უნდა გაიცნოს მასწავლებლები და თანაკლასელები. წარმოდგენა არ აქვს, რა არის სკოლა და არც ბაღი ახსოვს. არ მესმის, რად გვიღირს ბავშვების ასოციალურ არსებებად გადაქცევა. როდესაც მოვხუცდებით და ისინი იქნებიან გადაწყვეტილების მიმღებნი, მაშინ ვიგრძნობთ, რამხელა დანაკარგი განიცადა საზოგადოებამ.

- როგორ ფიქრობთ, რამდენადაა სკოლა, მასწავლებელი დღეს მზად, რომ კვლავ დისტანციურ რეჟიმში წარიმართოს პროცესი?

- დისტანციური სწავლება აღიარებული მეთოდია, მაგრამ მას თავისი მეთოდოლოგია აქვს. ეროვნული სასწავლო გეგმის პირდაპირ კომპიუტერებში გადმოტანა, ეს არ არის დისტანციური სწავლება. ის, რაც წელიწად-ნახევრის განმავლობაში ხდება, იყო გადარჩენა, გამოსავალი და არა ხარისხიანი სწავლება. უამრავი შეკითხვა გვაქვს: მაგალითად, დაიხვეწა თუ არა სინქრონული და ასინქრონული სწავლის მეთოდები, გაკვეთილად კვლავ ის 20 წუთი უნდა ჩაითვალოს 25-ბავშვიან კლასში, როდესაც დროის დიდი ნაწილი ტექნიკური საკითხების მოგვარებას ხმარდება თუ ასინქრონული სწავლების ფორმატში ხდება მასწავლებლისა და მოსწავლის კომუნიკაცია. სამწუხაროდ, არ გვაქვს ინფორმაცია, რა დაიხვეწა და როგორ მოემზადა სკოლა, მასწავლებელი, განათლების სამინისტრო უკეთესი ხარისხის დისტანციური განათლების მისაცემად. ეჭვი გვაქვს, რომ ამისთვის სისტემა არ მომზადებულა. შესაძლოა, ცალკეულმა მასწავლებელმა თვითგანვითარებას მიმართა, მეთოდები დახვეწა და ზოგიერთ ბავშვს გაუმართლოს იმიტომ, რომ კარგი მასწავლებელი შეხვდება, მაგრამ ამას სისტემაზე ვერ განვაზოგადებთ. ამიტომ, მშობლებს კვლავ მოგვიწევს შვილებთან ძალიან ბევრი მუშაობა. მათი ზოგადი ჯანმრთელობა უარესდება, ძილისა და კვების დარღვევები იჩენს თავს, ეს არის ფაქტი, რომელიც წლების შემდეგ ძალიან ცუდ შედეგს გამოიწვევს და ახლა მშობლების მხრიდან სიჩუმე დანაშაულია.

- გაქვთ რაიმე ინიციატივა, გეგმა, რითაც განათლების სამინისტროს მიმართავთ?

- ჩვენ უახლოეს მომავალში საკოორდინაციო საბჭოს წერილით მივმართავთ და მათგან საპასუხო ნაბიჯებს დაველოდებით. მშობლების რესურსი შეუზღუდავი არ არის. თითქმის 2 წელია ძალიან ბევრი შრომა გვიწევს, რომ მასწავლებლებთან ერთად, ჩვენი შვილების განათლების დონე, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ. მთავრობას შევახსენებ, რომ ბავშვების განვითარება, #მშობლებთანერთად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაცაა. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯებით შედგენილი გეგმა გვჭირდება, რას აკეთებს ხელისუფლება იმისათვის, რომ ბავშვებითვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობები აღდგეს. მათი გამოკეტვა სახლში, როდესაც ზრდასრულებს შეუძლიათ, რომ იქეიფონ რესტორანში, მათ შორის პრემიერს, იაროს სოფელ-სოფელ და თქვას, რომ ქეიფი დანაშაული არ არის, როდესაც ყველა მოლი ღიაა, კურორტები სავსეა ადგილობრივი თუ უცხოელი დამსვენებლებით, ამ ვითარებაში, ბავშვებისთვის იმის თქმა, რომ მათი სკოლაში სიარული საშიშია, დიდი უპასუხისმგებლობაა. აბსოლუტურად ვეთანხმები გაეროს ბავშვთა ფონდისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებას, რომ სკოლები უნდა გაიხსნას პირველი და უნდა დაიხუროს ყველაზე ბოლოს.

მშობლების ნაწილი დღეს ამბობს, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ და მათიც მესმის. მასიურად ეძებენ რეპეტიტორებსა და კერძო მასწავლებლებს იმიტომ, რომ იციან, სამსახური, სახლის საქმეები, ბავშვის მოვლა და მის გვერდზე ჯდომა გაკვეთილების პროცესში თუ მეცადინეობის დროს, ეს ერთი ადამიანის ძალას აღემატება. წარმოიდგინეთ, რა ხდება იქ, სადაც ბევრი ბავშვია, მრავალშვილიან ოჯახში გაკვეთილები ერთმანეთს ემთხვევა და ამდენი არც ინტერნეტი აქვთ და არც ტექნიკა. ვისაც რისი საშუალება აქვს, იმ გამოსავალს ეძებს და ფიქრობს, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ პათოსს ზუსტად ვიზიარებ, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობაც ჯანმრთელობაა. ამიტომ, ვისურვებდი, რომ მშობლების ის ნაწილი, რომელსაც თავისი შვილის მაგალითზე შეუძლია განსაზღვროს სასწავლო დანაკარგები და ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება, ასევე, შეუძლია, გაეცნოს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კვლევებს, რომელიც ადასტურებს, რამხელა ზიანი მიადგა ბავშვებს ამ პერიოდის განმავლობაში, ეს ადამიანები მოახერხებენ აზრის კონსოლიდაციას და დადგებიან ერთ პოზიციაზე, რომ ბავშვი, მისი განათლება და მისი ჯანმრთელობა პრიორიტეტია.

ამ თემაზე ასევე საკმაოდ მწვავე განცხადება გაავრცელა მარინა უშვერიძემ, ორგანიზაცია PH International-იდან. მისი თქმით, სკოლებში რეგულაციების დაცვით სწავლა უნდა განახლდეს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

mshoblebi

"სკოლებმა რეგულაციების დაცვით უნდა დაიწყონ სწავლა. ეს ქვეყანა კიდევ წლები არ აიცრება, ბავშვების განათლებას ვერავის შევწირავთ. ვისაც არ უნდა სკოლაში სიარული, ონლაინსწავლის არჩევანი უნდა ჰქონდეს. ყველანი ბუნაგის ცხოველები ვერ გავხდებით. მესამე აკადემიური წელია უკვე, რაც სწავლა ონლაინაა. ეს მთელი ეპოქაა ბავშვის ცხოვრებაში. ვინც ფიქრობს, რომ "რა დროს სკოლების გახსნაა", იჯდეს სახლში და ისწავლოს ონლაინ. ვინც ამ პრობლემას უფრო გრძელვადიან მასშტაბში ვხედავთ და გამოკეტვა გამოსავალი არ გვგონია, უნდა მოგვეცეს ნორმალური სწავლა-განვითარების საშუალება.

ურთიერთგამომრიცხავ გადაწყვეტილებებს და არათანმიმდევრულ პოლიტიკას (ვაქცინის სიკეთეების შესახებ ინფორმაციის დაგვიანებული გავრცელება, თავად დაგვიანებული ვაქცინაცია, ჯარიმების ზარ-ზეიმით პატიება, რეგულაციების სრულად მოხსნა და უკონტროლობა) ბავშვების ინტერესები ეწირება, კოვიდით დაშინებული ერი კი დუმს. "აი, ოღონდ დღეს გადავრჩეთ და რა დროს სწავლაა", ასე გრძელდება მესამე აკადემიური წელია. სწორედ იმიტომ გვაქვს ამ ზაფხულს ამდენი დაკარგული სიცოცხლე, რომ არათანმიმდევრულები ვართ. ბავშვებმა რატომ უნდა ზღონ არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების შედეგები? მათ დღეს სკოლაში სიარული ჰაერივით სჭირდებათ. სკოლის გახსნის გარეშე კიდევ უფრო ჩამორჩენილ ქვეყანას მივიღებთ შედეგად".

საკითხზე მივმართეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ვთხოვეთ, გაეზიარებინათ გეგმა, რის გაკეთებას აპირებენ, რომ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში აღდგეს. მათგან ოფიციალურ პასუხს ველოდებით, რასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

თამარ იაკობაშვილი