სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ჯერჯერობით, უცნობია, 4 ოქტომბრის შემდეგ მაინც თუ შეძლებენ ბავშვები საკლასო ოთახებში დაბრუნებას. საკითხი ბევრ მშობელს აინტერესებს. განსაკუთრებით კი ღელავენ პირვეკლასელების მშობლები, რომელთა შვილებიც ახლა იწყებენ ახალ გარემოსთან ადაპტაციას. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის დისტანციურ რეჟიმში სწავლება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული და ამაზე არაერთხელ დაგვიწერია.
გიორგი ლიპარიშვილი მასწავლებელი, ჟურნალისტი და ბლოგერია. საკუთარი გამოცდილებით, გვიყვება, როგორ უნდა მოამზადონ მშობლებმა პირველკლასელები ონლაინ სწავლისთვის და ზოგადად, რა უნდა გაითვალისწინონ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან ურთიერთობისას, ასევე, რა სირთულეებს აწყდებიან თავად მასწავლებლები:
- ჩემი აზრით, მშობლებმა პირველკლასელი შვილები სასკოლოდ სიმართლით უნდა მოვამზადოთ. დიდი ადამიანივით, ავუხსნათ რატომ იწყება ონლაინ სწავლა, რომ ეს დროებითია, მაგრამ ისინი გამორჩეულები არიან, ჩვენს ბავშვობაში რომ ვირუსი ყოფილიყო, საერთოდ სკოლის გარეშეც დავრჩებოდით. ახლა ვირუსისა და მისი მართვის გამო ცოტა გვიან დაიწყება სწავლა.
ბავშვები სასკოლო ნივთების არჩევაში ჩავრთოთ. სწავლის მოახლოების ბოლო დღეებამდე შევეცადოთ სასკოლო ნივთების შეძენას, რომ მერე რიგებს ავცდეთ. რვეულებიც ბავშვის საყვარელი ფერებით, გმირებით ერთად შევარჩიოთ.
ავუხსნათ, რომ სკოლა სახლშიც აქვთ. მოვუწყოთ საკუთარი პატარა სივრცე, სამუშაო კუთხე სახლში, სადაც თავს დამოუკიდებლობის კუნძულზე იგრძნობენ. გავამხნევოთ, გავაღიმოთ და გავახაროთ. ნუ მოვასმენინებთ ნურც სატელევიზიო ახალ ამბებს და ნურც დეპრესიულ ჩვენს ხმამაღალ ფიქრებს. ახალი ეტაპისთვის, დაწყება, სტარტის ხაზთან გახურება ძალიან მნიშნელოვანია, რომ ფინიშამდე ღირსეულად მივიდეთ. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა კი უნდა გაითვალისწინონ, მერე რა, რომ სახლში არიან, სახლშია ახლა სკოლა და ყველა სათამაშოს კლასელებისთვის ჩვენების დრო შეიძლება არ იყოს.
უნდა იცოდნენ, რომ ახლა ისინი თამაშით სწავლას იწყებენ, სასწავლო პროცესს შეხედონ, როგორც თამაშს, შემდეგ ტურში გასასვლელად, მოსმენა, კითხვების დასმა, პასუხების ძებნა, ხატვა, წერა და შექმნაა აუცილებელი. ზოგჯერ, ამ თამაშში ერთ ადგილას ჯდომაც აუცილებელია.
მაგრამ, პრობლემა არ ნიშნავს დანებებას, პირიქით, პრობლემაც მასწავლებელია. ბრძოლაში, პაექრობაში გვიწვევს და თავი უნდა გავართვათ, საკუთარ თავებს უნდა ვაჯობოთ, გავიუმჯობესოთ არსებული და განვივითაროთ ახალი უნარები. პრაქტიკულ ნაწილშიც მოსწავლეებს წინასწარ ვთხოვოთ საჭირო მასალის მომზადება და ონლაინ ავუხსნათ, ერთად გავაკეთოთ, გავიმეოროთ, თუ არ გამოვიდა, გულწრფელად გავამხნევოთ, რომ პირველ ჯერზე ჩვენც არ გამოგვდის.
წინა წელს ონლაინსწავლებასთან ერთად, ვიდეოგაკვეთილებსაც ვწერდი, ვინც არ იყო, ვისაც ინტერნეტი უჭედავდა, ან ვინც სხვა სკოლაში, სხვა ქალაქსა და სოფელში სწავლობდა, იმ ბავშვებისთვის. მათ შეეძლოთ გაკვეთილის დაპაუზება, გადახვევა, სასურველ დროს ყურება და სამუშაოს შესრულება.
მე ყოველდღე ვემზადები ბავშვებთან შესახვედრად. ეს სამუშაო არის საინტერესო პროცესი, მიწის დამუშავებას ჰგავს, სადაც ნერგები გაიზრდებიან, რომლებიც მერე წყალს ერთმანეთსაც დაუსხამენ.
როგორც ერთ კარგ ფილმშია "ჩვენ პრივილეგირებულები ვართ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს: ახალგაზრდების განათლება… განათლება ერთადერთი გამოსავალია წყვდიადის წინააღმდეგ, რათა დიდებულ სინათლეს ეზიარონ."
ახლა სინათლის დროა, განათლებაც ხომ ნათელიდან მოდის, ნათელ გონებებს მხარდაჭერა უნდა, ფარდების გადაწევა, გამზიანება.
მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი ტოლგვერდა სამკუთხედია, ამ სამკუთხედში ყველა გვერდი თანაბრად მნიშვნელოვანია. უნდა გავერთიანდეთ ერთობისა და სინათლისთვის, რადგან, სინათლე გამოღვიძებაა.
ერთმანეთს გამოცდილებები უნდა გავუზიაროთ მშობლებმა, მასწვლებლებმა, შეიძლება ეს გაზიარებებიც, ონლაინ ჯგუფების, მეგობრების სახით იყოს, ბევრი წარმატებული ადამიანი თავის გამოცდილებას სიამოვნებით აზიარებს. ჩენ გარშემოც უამრავი მასწავლებელია, მასწავლებლობას მაინცდამაინც სკოლა არ სჭირდება. შეიძლება მთელი ცხოვრება ცხვარში იყოს, ადამიანებისგან შორს, მაგრამ მწყემსი ბევრად უკეთესი მასწავლებელი იყოს, ვიდრე სკოლის მრავალწლიანი მასწავლებლები (როგორც სტუდენტობისას ჩემმა ერთმა საყვარელმა ლექტორმა, თამაზ ჯოლოგუამ გვიამბო საოცრად ღრმა მწყემსის ამბავი).
ადამიანები აღმოვაჩინოთ და ერთმანეთისგან ვისწავლოთ სინათლისკენ სიარული.
შეგვიძლია, გაკვეთილობანა ვეთამაშოთ ბავშვებს სწავლის დაწყებამდეც, სხვადასხვა ოთახში დაჯდომით, ერთგვარი რეპეტიცია გამოვა, ტექნიკის დატესტვაც, შეცდომების აღმოჩენაც და მითითებების სწორად მიცემაც. ჯერ შევაქოთ მისი ქცევის კარგი ნაწილისთვის, მერე გამოსასწორებელი ამბავი ვუთხრათ და მერე ისევ გემრიელად დავასრულოთ სათქმელი. შვილებთან ურთიერთობაა მთავარი სამზადისი სწავლის დაწყებამდე, სწორი ურთიერთობა. ყოველი ძილის წინ ვუკითხოთ, რომ კარგ მსმენელებად ვაქციოთ, გამოვუგონოთ ამბები, რომ ამბების მოყვარულები ან კარგ მთხრობელები გახდნენ. სიტყვები გავაერთიანოთ, ზოგი ერთად დავხატოთ, დავათვალიეროთ, გამოვჭრათ.
თვალები დავხუჭოთ და წარმოდგენები ვავარჯიშოთ. შევეჯიბროთ, რას ვხედავთ, მოვყვეთ ამბებად ფერები, ფიგურები, ფორმები. ზოგი თვალს რომ ხუჭავს, ბევრად მეტს ხედავს, ვიდრე თვალგახელილთა უმრავლესობა. შვილებთან ერთად უნდა წავითამაშ-მუშაოთ. სწავლა თამაშით არის კარგი სამზადისი, დღეში სულ ნახევარი საათი მაინც მოვაკლოთ ძილს, სხვა საქმეს და მივაწებოთ შვილებს განვითარებისთვის, მაგალითებისთვის, განათლებისა და ღირსეულ ადამიანებად ქცევისთვის.
ამ თემაზე აზრი ვკითხეთ ასევე ფსიქოლოგს. დავითიანის ცენტრის ხელმძღვანელი ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე გვიზიარებს საკუთარ პოზიციას, გვიყვება, რა სირთულეს აწყდებიან მოსწავლეები ონლაინსწავლის დროს და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა და მასწავლებლებმა:
- პირველკლასელებისთვის სწავლის ონლაინ რეჟიმში დაწყება ცალსახად ცუდი ფაქტია და ვფიქრობ, მათთვის მაინც უნდა ყოფილიყო საკლასო ოთახებში განათლების მიღების დაშვება, რადგან ბავშვებისთვის ეს ახალი გამოცდილება და გამოწვევაა. რეალობის გათვალისწინებით, მშობლები წინასწარ უნდა ესაუბრებოდნენ შვილებს, რა არის ონლაინსწავლება, რა წესები უნდა დაიცვან საგაკვეთილო პროცესის დროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასვენების შუალედი კარგად დავგეგმოთ და ბავშვებს ფიზიკურ გარემოში თამაშის შესაძლებლობა მივცეთ, ნაცვლად ისევ კომპიუტერისა და სხვა ციფრული ტექნიკისა. შევუქმნათ კომფორტული გარემო, აუცილებლად გამოვყოთ სპეციალური სივრცე, სადაც ბავშვი იმეცადინებს. მას უნდა შეეძლოს, გამიჯნოს ერთმანეთისგან სამეცადინო და სათამაშო კუთხე. რუტინა ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რაზეც მშობლებმა წინასწარ უნდა იზრუნონ. ბავშვი გაკვეთილს საწოლიდან ან სამზარეულოდან არ უნდა ესწრებოდეს, ამ დროს, მათში განსხვავებული ქცევა არ ყალიბდება და თითქოს, არაფერი იცვლება. ამიტომ, რუტინის შემუშავებაზე, როდის უნდა ადგეს, მოწესრიგდეს და მოემზადოს, წინასწარ ვესაუბროთ. სწავლების დროს, მშობლების ჩართულობაზე მეტად, მნიშვნელოვანია მასწავლებლის პოზიციონირება. მას შეუძლია დამოკიდებულების შექმნა როგორც თამაშებით, ასევე სხვადასხვა, წინასწარ მომზადებული აქტივობით.
თამარ იაკობაშვილი