ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, არ გამორიცხავს, რომ არსებული ეპიდვითარების ფონზე, სკოლებში სასწავლო პროცესი 4 ოქტომბერს განახლდეს. მისი თქმით, პედაგოგებში ვაქცინაციის კარგი მაჩვენებელია და ზოგიერთ სკოლაში ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა, თითქმის 60%-ს აღწევს.
მშობლებს გაუჩნდათ კითხვა, საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემთხვევაში, ექნებათ თუ არა კვლავ არჩევანის უფლება, შვილები გაუშვან სკოლაში თუ ისევ დისტანციურად დატოვონ.
შეკითხვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ, სადაც დაგვიდასტურეს, რომ მსგავს შემთხვევაში მშობელს არჩევანის უფლება ექნება და თავად გადაწყვეტს, შვილი სკოლაში ატაროს თუ სწავლების დისტანციური ფორმა აირჩიოს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, რამდენიმე დღის წინ კი განაცხადა:
"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა. ეს გულისხმობს შემდეგს, რომ იმ ქალაქში ან სოფელში სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4 ოქტომბერს იქნება 4%-ზე ქვემოთ, იქ სწავლა განახლდება საკლასო ოთახებში და შესაბამისად აუდიტორიებში ანუ დასწრებულ ფორმატში. ხოლო იმ ქალაქებში და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4 ოქტომბრისთვის 4%-ზე მაღალი იქნება, გაგრძელდება კვლავ დისტანციურ ფორმატში."
მანაც აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, წინა სემესტრის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურად მოქნილ სისტემას შესთავაზებს სასკოლო საზოგადოებას. კერძოდ, სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, გააკეთონ არჩევანი დასწრებულ და დისტანციურ სწავლებას შორის.
თამარ იაკობაშვილი