საქართველოში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან ონლაინ რეჟიმში განახლდა. თუმცა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბრიდან დაიწყებენ. აქიდან გამომდინარე, მკითხველთა ნაწილმა მოგვმართა შეკითხვით, პირველკლასელებისთვის ხომ არ შეიცვლება სასწავლო წლის დასრულების თარიღიც, ხომ არ გადაიწევს დასრულების ვადა ისევე, როგორც დაწყების თარიღმა გადაიწია.
შეკითხვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ, სადაც განაცხადეს, რომ ჯერჯერობით ამ საკითხზე სიახლე არ არის, დასრულების თარიღად კვლავ ძველი თარიღი რჩება და ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ინფორმაცია გამოაქვეყნებენ.
შეგახსენებთ, რომ პირველკლასელები სწავლას 27 მაისს ასრულებენ. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლა აღდგება იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება.
თამარ იაკობაშვილი
რომელ დღეებში დაისვენებენ ბავშვები სკოლაში - 2021-2022 სასწავლო წლის დასვენების დღეების ჩამონათვალი