4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება იმ რეგიონებსა და სოფლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, ყოველ შემთხვევაში, ღემდე ასეთი დაპირებაა გაცემული შესაბამისი უწყებებისგან. ბევრი ბავშვი და მშობელი სკოლაში წასვლას ელოდება, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც სწავლის დისტანციურად გაგრძელება სურთ და იმედი აქვთ, რომ არჩევანის უფლება ექნებათ. ასევე, ბევრი მათგანი ქალაქგარეთაა და იქიდან აპირებენ ონლაინსწავლების გაგრძელებას. ამიტომაც, არაერთმა მკითხველმა გვთხოვა, დაგვეზუსტებინა ინფორმაცია, რა ფორმატში განახლდება სწავლა 4 ოქტომბრიდან და ექნებათ თუ არა ონლაინსწავლების არჩევის შესაძლებლობა.
შეკითხვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ, სადაც განაცხადეს, რომ როგორც სწავლების ფორმატზე, ასევე ონლაინსწავლების არჩევანთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მინისტრმა უნდა მიიღოს და დეტალური ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 16 სექტემბერს ჩვენთვის მოცემული ინფორმაციის თანახმად, აცხადებდა, რომ 2021-2022 სასწავლო წელსაც, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოს დიდ ქალაქებში მოსწავლეების მშობლებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავად გააკეთონ არჩევანი არადისტანციურ და დისტანციურ სწავლებას შორის.
დისტანციური მოდელით სწავლების გაგრძელების შემთხვევაში, გადაწყვეტილება ყველა სკოლისთვის იქნება სავალდებულოდ შესასრულებელი და სხვა არჩევანი არ ექნებათ მშობლებს.
რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა:
"რეგიონების მიხედვით, დადებითობის მაჩვენებელი არაერთგვაროვანია, თუმცა განათლების სამინისტროსთან ერთად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ სწავლა დათქმული პერიოდისთვის დაიწყება."
შევეცადეთ, მოგვეპოვებინა კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით, თუმცა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან ოფიციალურ წერილზე პასუხს ველოდებით.
28 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში 14-დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 6,32%-ია. ხოლო 7-დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 5,96%. ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში ფიქსირდება.
თამარ იაკობაშვილი