"ეს საშინელი შეცდომა იყო, არავის ტრავმირება არ მინდოდა, უბრალოდ კეთილი საქმის ჩადენას ვცდილობდი" ამერიკის ერთ-ერთი საშუალო სკოლის ხელმძღვანელებმა კლასის დამრიგებელი და მათემატიკის მასწავლებელი ჰეზერ კეიგლი სკოლიდან გაათავისუფლეს მას მერე, რაც თავის 11 მოსწავლესთან ერთად წვრილმანების საყიდლად გაეშურა, თავისი ავტომანქანით. ჰეზერს სურდა, ბავშვებისთვის სწავლაში მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაეხადა და უახლოეს მაღაზიაში ჰამბურგერები ეყიდა. თავისი "ჰონდას" სალონში ორი მოსწავლე წინა სავარძელში ჩასვა, შვიდი – უკანა სავარძელში, კიდევ ორი 12 წლის გოგონა კი – საბარგულში, და ადგილობრივი სუპერმარკეტისკენ გაეშურა – სკოლიდან 500 მეტრში.
ეს ფაქტი არ გამორჩენიათ მხედველობიდან სკოლის მესვეურებს და მასწავლებელი ბავშვებზე "ფსიქოლოგიურ ძალადობაში" დაადანაშაულეს. ისინი მასწავლებლის გარიცხვის მოწოდებით გამოვიდნენ, თუმცა მისი ადვოკატი ამბობს, რომ კეიგლმა მხოლოდ უსაფრთხოების წესები დაარღვია, რომ ღვედებით არ იყვნენ ბავშვები შეკრული, და რომ არავისთვის დაუძალებია მანქანაში ჩაჯდომა. "კარგი მასწავლებლები ხანდახან ბავშვებთან ერთად თავსაც მოიგიჟიანებენ ხოლმე, ამაში არაფერია ცუდი", - აღნიშნა ადვოკატმა.
თუმცა მის ძალისხმევას შედეგი არ გამოუღია და კეიგლი სკოლიდან გარიცხეს. მდგომარეობა იმანაც დაამძიმა, რომ ორი ბავშვი საბარგულში იყო მოთავსებული, რაც მშობლებისა და მასწავლებლების აზრით, სრულიად მიუღებელი საქციელია.
"ეს საშინელი შეცდომა იყო, არავის ტრავმირება არ მინდოდა, უბრალოდ კეთილი საქმის ჩადენას ვცდილობდი", - აღნიშნა კეიგლმა.