რა არის ფინური სკოლების მთავარი უპირატესობა და როგორ მიაღწიეს ფინელებმა ამ შედეგებს - ექსკლუზიური ინტერვიუ ფინური სკოლის ქართველ პედაგოგთან
რა არის ფინური სკოლების მთავარი უპირატესობა და როგორ მიაღწიეს ფინელებმა ამ შედეგებს - ექსკლუზიური ინტერვიუ ფინური სკოლის ქართველ პედაგოგთან
ფინეთის განათლების სისტემა მთელ მსოფლიოში აღიარებულია და უამრავი ქვეყანა ცდილობს, ის მეთოდები თუ მოდელები, რასაც ამ ქვეყანაში ძალიან წარმატებულად იყენებენ, თავიანთ სახელმწიფოებშიც დანერგონ და შედეგი გაიმეორონ. დალი კლემენტიდესი დიდი ხანია ფინეთში ცხოვრობს და უშუალო შეხება აქვს საგანმანათლებლო სისტემასთან. ამბობს, რომ ქვეყნის წარმატების გასაღები სწორედ განათლებაშია. ის საკუთარ საქმიანობასა და იმ ძირითადი საკითხების შესახებ გვიყვება, რასაც ფინურ სკოლებში ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა:

- ფინეთში 22 წლის წინ შეერთებული შტატებიდან გადმოვედი საცხოვრებლად. შეერთებულ შტატებში, კერძოდ მაიამიში, თითქმის რვა წელი ვცხოვრობდი. საქართველო 90-იანი წლების
დასაწყისში დავტოვე, ასე რომ, მე ის საშინელება, რაც საქართველომ გამოიარა ამ წლების განმავლობაში, მხოლოდ გადმოცემით ვიცი ჩემი მშობლებისგან, ნათესავებისა და მეგობრებისგან. თითქოს, გამიმართლა, რომ თავად არ განმიცდია და არ გადამიტანია ეს ყველაფერი საკუთარ თავზე, მაგრამ ჩემთვის ორმაგად სანერვიულო იყო იმის გააზრება, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ ჩემი ახლობლები. საბჭოთა კავშირიდან მაიამიში მოხვედრა სხვა პლანეტაზე მოგზაურობას უფრო ჰგავდა ჩემთვის, ვიდრე დედამიწის ერთი წერტილიდან მეორეში გადასვლას. შეერთებულ შტატებში კოლეჯში ვსწავლობდი და ამავე კოლეჯში ვმუშაობდი უცხო ენების კათედრაზე ასისტენტად. ალბათ, ამერიკაში სწავლა და მუშაობა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი იყო. კოლეჯის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი საავიაციო აკადემიაში, სადაც ჩემი მომავალი
მეუღლე გავიცანი. დავქორწინდით და შემდეგ გადმოვედით ფინეთში საცხოვრებლად. ჩემი მეუღლე ნახევრად ფინელი და ნახევრად ბერძენია. ორივე შვილი ფინეთში შეგვეძინა. სკოლაში მუშაობის დაწყებამდე სხვადასხვა საქმიანობით ვიყავი დაკავებული, მაგრამ ყოველთვის უკმარისობის გრძნობა მქონდა. მერე დავფიქრდი, რა მინდოდა, რისი კეთება მომანიჭებდა დიდ სიამოვნებას. განათლების სისტემა, სკოლა, ბავშვებთან ურთიერთობა - არ შევცდი, სკოლა ნამდვილად ჩემი ადგილია.
სპეციალობით ინგლისურის მასწავლებელი ვარ. მაქვს მაგისტრის (Master’s degree) დიპლომი და კოლეჯის დიპლომი შეერთებული შტატებიდან (Associate in Arts degree-Miami Dade Community College). ვმუშაობ სამი მუნიციპალიტეტის (ჰელსინკი, ვანტაა და ესპოო) სკოლებში, სკოლის ასისტენტად. ჩემი სამუშაო ძირითადად მოიცავს კლასში ინდივიდუალურ მუშაობას ბავშვებთან, საჭიროების მიხედვით. ასევე, ინგლისურის მასწავლებლად, საჭიროების შემთხვევაში. (Substitute teacher). ეს სამუშაო ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რადგან უფრო კარგად ვეცნობი ფინურ საგანმანათლებლო სისტემას. რაც უფრო მეტ სკოლებში მიწევს მუშაობა, მით უფრო ვრწმუნდები, რომ საგანმანათლებლო სისტემა ყველგან ერთნაირია და ყველგან გამართულად მუშაობს. გარდა ამისა, ჩემი კონტრაქტი მაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩემი სამუშაო ცხრილი მე თვითონ შევადგინო და სკოლაც მე თვითონ ავირჩიო. ამ კონტრაქტს დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. უარყოფითი ის არის, რომ ჩემი ხელფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი საათი ვიმუშავე კვირაში. დადებით ის არის, რომ ასეთი კონტრაქტი სრულ თავისუფლებას მაძლევს. კორონავირუსამდე ხშირად მიწევდა შეერთებულ შტატებში გამგზავრება და თავისუფალ დღეებს უპრობლემოდ ვიღებდი. იანვრიდან ჰელსინკის უნივერსიტეტში ვიწყებ სწავლას პედაგოგიკის კურსებზე. ეს კურსები მაისამდე გაგრძელდება და სკოლაში მუშაობის ცხრილს თავისუფალი დროის მიხედვით შევადგენ.

- რა არის ძირითადი საკითხები, რასაც ფინეთში სკოლებში აუცილებლად აქცევენ ყურადღებას?

- სკოლა არ არის მხოლოდ შენობა, სადაც ბავშვები საგნებს სწავლობენ. ეს არის ადგილი, სამყარო, სადაც ბავშვებს დღის უმეტესი ნაწილის გატარება უწევთ. მნიშვნელოვანია, რომ ის ადგილი ბავშვებისთვის სასიამოვნო, საინტერესო და სახალისო იყოს. ფინურ სკოლებში, განსაკუთრებით კი დაწყებით სკოლებში, სრულიად მოხსნილია სტრესი. ყველა ბავშვი განსაკუთრებულია, ყველას აქვს ინდივიდუალური განვითარების ტემპი, ათვისების, მასალის გააზრების უნარი და ა.შ. მასწავლებელმა იცის ბავშვის შესაძლებლობები და ხშირად ერთსა და იმავე კლასში ერთსა და იმავე საგანში ბავშვებს სხვადასხვა დავალება ეძლევათ. კლასში ყველანაირი აქტივობა შესაბამისია ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობებისა. მაგალითად, მათემატიკის გაკვეთილზე მასწავლებელი ხსნის გამრავლებას. მასალის ახსნა ხდება დიდ ეკრანზე ანიმაციური მაგალითების ჩვენებით (ტექნიკის გამოყენებით). შემდეგ ბავშვები ერთად ხსნიან რამდენიმე მაგალითს და ბოლოს ეძლევათ დავალება. წიგნები ყველას ერთნაირი აქვს, მაგრამ დავალებებს ბავშვები შესაძლებლობების მიხედვით ასრულებენ. ზოგი 10 სავარჯიშოს აკეთებს, ზოგი - 5-ს და ზოგი - 2-ს. კლასში მასწავლებლის გარდა არის დამხმარე, რომელიც სწორედ ისეთ ბავშვებთან მუშაობს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ყველა საკლასო ოთახში არის პატარა ოთახი, სადაც დგას ერთი ან ორი მერხი. თუ ბავშვს უჭირს კონცენტრაცია, ხშირ შემთხვევაში დამხმარე მასთან ერთად ამ ოთახში გადის და იქ უხსნის მასალას უკეთ ასათვისებლად. ასახსნელი მასალის ვიზუალური აღქმა უმნიშვნელოვანესია ბავშვებისთვის. საკლასო ოთახები აღჭურვილია უახლესი ტექნიკით. სკოლაში ბავშვები იყენებენ სკოლის კომპუტერებს.
mshoblebi
სკოლების დიზაინი (დაწყებული კედლების ფერებით, დამთავრებული ავეჯით, დიახ, ავეჯით და არა მხოლოდ მერხებით) ქმნის უაღრესად სასიამოვნო გარემოს ბავშვებისთვის. მე ვფიქრობ, უმცირეს დეტალსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის გარემო, ფერები, ფორმები, ბგერები, სადაც დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ ბავშვები, გაუცნობიერებლად მოქმედებს მათზე.
mshoblebi
ფინური სკოლების ყველა საკლასო ოთახში არის ონკანი. ონკანის მნიშვნელობა განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის დროს გამოიკვეთა. ბავშვები ყოველი გაკვეთილის წინ ხელებს იბანენ და ისე სხდებიან მერხებთან. მერხების გარდა, საკლასო ოთახებში შეიძლება იყოს ტახტი, რბილი ბალიშები, დიდი რეზინის ბურთები, რომლებიც გამოიყენება იმ ბავშვებისთვის, ვისაც დიდი ხნით სკამზე ჯდომა უჭირს. არის სპეციალური, სკამზე დასადები რეზინის ბალიშები, რომლებიც ასევე იმ ბავშვებისთვისაა, ვისაც სკამზე დიდხანს ჯდომა უჭირს.

mshoblebi
კლასში არის ბგერების დასახშობი ყურსასმენები, თუ ბავშვს მგრძნობიარე სმენა აქვს და კონცენტრაცია უჭირს დავალების შესრულების დროს, შეუძლია ეს ყურსასმენები გაიკეთოს და ისე შეასრულოს დავალება.

mshoblebi

უამრავი დეტალია გათვალისწინებული და ბევრი ისეთი საჭირო ნიუანსია გაანგარიშებული, რაც სწავლის პროცესს უფრო ეფექტურს ხდის. სკოლებში ბავშვები იკვებებიან კალორიული და ჯანმრთელი საკვებით. კვება უმნიშვნელოვანესია. არ შეიძლება ბავშვი მშიერი იჯდეს გაკვეთილზე. მისი ათვისების უნარი, მისი ფუნქციონირება კლასში არაეფექტურია საკვების მიღების გარეშე. ფინურ სკოლებში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მენიუს. მენიუში აუცილებლად შედის ოთხივე კომპონენტი: ცილები, ცხიმები კარბოჰიდრატები და ვიტამინები. კვირის მენიუში აუცილებლად შედის ხორცი, თევზი, მაკარონი, ბრინჯი, პური (ძირითადად, შავი პური), ხილი, ყოველდღე სალათი, რძე და წყალი. ნამცხვარი და ტკბილეული არ შედის მენიუში. ისინი მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში ეძლევათ ბავშვებს. ყველა სკოლაში არის სასადილო. სასადილოებში თვითმომსახურებაა. მასწავლებლები და სასადილოს მომსახურე პერსონალი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან ბავშვებს.

mshoblebi
სადილის შემდეგ ბავშვები თვითონ ახარისხებენ ჭურჭელს და მადლობას უხდიან მზარეულებს. თუ ბავშვი ალერგიულია, ვეგეტარიანელია ან რელიგიური მიზეზით ყველა საკვებს ვერ იღებს, მათთვის ცალკე მზადდება საკვები და ცალკე ადგილი აქვთ გამოყოფილი. საკვებს აწერია, რას შეიცავს. ყოველ შესვენებაზე ბავშვები გადიან გარეთ, სუფთა ჰაერზე და აქტიურად ატარებენ შესვენებას. სკოლებს საკმაოდ დიდი სათამაშო მოედნები აქვს. ამ მოედნებზე დამონტაჟებულია საქანელები, სასრიალოები და სხვადასხვა აღჭურვილობა, რაც ბავშვს აძლევს იმის საშუალებას, რომ რაც შეიძლება აქტიურად გაატაროს დასვენება სუფთა ჰაერზე. დიდი დასვენება ნახევარი საათია, პატარა
დასვენებები - 15-წუთიანი. ყველა დასვენებაზე ბავშვები გარეთ გადიან. არანაირი ამინდი არ უშლით ხელს. ზამთარში აცვიათ სპეციალური შარვლები და ქურთუკები, წვიმაში - წვიმის ლაბადები. თუ ბავშვს ტანსაცმელი დაუსველდა შესვენების დროს, სკოლის ყველა (სკოლას რამდენიმე შესასვლელი აქვს და ბავშვები კლასების მიხედვით სხვადასხვა შესასვლელით სარგებლობენ) შესასვლელში დგას ძალიან დიდი საშრობი კარადა საკიდებით. ბავშვები იქ ათავსებენ სველ ტანსაცმელს, ხელთათმანებს და რთავენ გასაშრობად.
mshoblebi
დიდი დასვენების დროს ყველა მასწავლებელი არ გადის ბავშვებთან ერთად გარეთ. მორიგეობით ყოველდღე 5 ან 6 მასწავლებელი მიჰყვება ბავშვებს გარეთ და ზედამხედველობს, რომ რაიმე პრობლემა არ შეექმნათ. აღსანიშნავია ის, რომ ბავშვები სკოლაში შესვლისთანავე იხდიან ფეხსაცმელებს და იქვე აწყობენ შემოსასვლელში თაროებზე, წინდები ან ჩუსტები აცვიათ. ფეხსაცმლით სკოლაში ყოფნა აკრძალულია. ყველა ბავშვს საკუთარი საკიდი აქვს.
mshoblebi
პროგრამა შედგენილია ისე, რომ ბავშვს არ გაუჭირდეს კონცენტრაცია, ანუ შესასწავლი მასალა დანაწილებულია პატარა ნაწილებად, რაც ასათვისებლად ძალიან ადვილია. ამ შემთხვევაში, მე ვსაუბრობ დაწყებით სკოლებზე. ხშირად ბავშვები დავალებებს სკოლაში ასრულებენ. განსაკუთრებით ის ბავშვები, ვინც განხანგრძლივებულში რჩებიან. თითქმის ყველა ბავშვი დაწყებით სკოლებში რჩება გახანგრძლივებულში. ფინეთში სკოლა სრულიად უფასოა, მაგრამ გახანგრძლივებული ფასიანია. გადასახადი მცირეა და ნაწილობრივ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან ფინანსდება. არის ნახევარდღიანი, ანუ 15:00 საათამდე და სრულდღიანი, 17:00 საათამდე. ძირითადად დროს გარეთ ატარებენ, დავალებებს ასრულებენ, ხატავენ, აფერადებენ, თამაშობენ.

- როგორია ზოგადად სწავლისადმი დამოკიდებულება, თეორიულ საკითხებთან ერთად, რას ენიჭება უპირატესობა? გვიამბეთ ასევე, შეფასების სისტემასა და გამოცდების ინტენსივობის შესახებ...

- შეფასების სისტემა ქულებითაა. 4-დან 10 ქულამდეა განსაზღვრული. ბავშვებს პერიოდულად აქვთ ტესტები. თუ ტესტი ვერ ჩააბარა, განმეორებით კიდევ ეძლევა ტესტის გავლის უფლება. მაგალითად, მათემატიკის ტესტში ბავშვმა მიიღო 4 ქულა, ანუ ვერ ჩააბარა, მას შეუძლია განმეორებით გაიაროს იმავე დონის ტესტი. თეორია გამყარებულია პრაქტიკით. ფაქტობრივად, ბუნებისმეტყველების გაკვეთილები ბავშვებს ხან ტყეში უტარდებათ, ხან ტბის პირას და ხან მდელოზე. დაწყებით კლასებში თეორიული სწავლება უფრო ნაკლებად ხდება, ვიდრე პრაქტიკული. ამ ასკში ბავშვი უფრო ადვილად ითვისებს თეორიულ მასალას, თუ მის ათვისებაში ჩართულია გრძნობები, მაგალითად, მხედველობა, სმენა, გემო, ყნოსვა, შეხება. ამ არხებით ხდება აღქმა, რომელიც შემდეგ მიეწოდება ტვინს და ტვინი ადვილად გადაამუშავებს და იმახსოვრებს. მაგალითად, რა აგებულებისაა ადამიანის თმა - ბავშვები საკუთარ თმას მიკროსკოპში აკვირდებიან. ბუნების ერთ-ერთი გაკვეთილის დროს მთელი კლასი წავედით არხთან. ბავშვებს დაურიგდათ თევზის საჭერი პატარა ბადეები, მთელი გაკვეთილის განმავლობაში პატარა წყლით სავსე ქილებში აგროვებდნენ, რასაც არხში დაიჭერდნენ: პატარა ლიფსიტებს, არხთან მცხოვრებ მწერებს, წყლის პაწაწუნა არსებებს. გაკვეთილის ბოლოს თითოეული მათგანი განვიხილეთ და დავაკვირდით. ბოლოს ყველა ისევ არხში დავაბრუნეთ. ერთ-ერთ გაკვეთილზე კენკროვნებს სწავლობდნენ. ჯერ თეორიულად განვიხილეთ, რომელი კენკრის ჭამა შეიძლება და რომლის - არა, შემდეგ ბავშვებს დაურიგდათ პატარა კალათები და წავედით ტყეში. ტყეში შესასვლელად და კენკრის მოსაძებნად დიდი სიარული და დრო არ გვჭირდება (მოგეხსენებათ, რომ ფინეთი ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქვეყანაა და ყველგან ტყე და პარკია), ბავშვები ადვილად ცნობდნენ ყველა სახის კენკრას. სიმართლე გითხრათ, მეც ამ გაკვეთილზე ვისწავლე კენკრის ცნობა. ზოგადად გაკვეთილები 45-წუთიანია, მაგრამ როცა ასეთი გაკვეთილები ტარდება, ის 90 წუთი, ანუ ორი გაკვეთილი გრძელდება.

- როგორ ფიქრობთ, რა არის ამ ქვეყანაში წარმატებული განათლების სისტემის მთავარი გასაღები?

- პედაგოგები მაღალი კვალიფიკაციით და აბსოლუტურად პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევიან. საერთოდ ფინეთში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროფესიონალიზმს. პედაგოგებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება და მაგისტრის ხარისხი (Master’s degree). ბავშვები მასწავლებელს სახელით მიმართავენ და შენობით ელაპარაკებიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზღვარი მოშლილია და პატივისცემა არ არსებობს. პედაგოგები და სრულიად პერსონალი გამოირჩევა ბავშვისადმი პოზოტიური დამოკიდებულებით. ყველაზე დამაზიანებელი ადამიანისთვის ბავშვობაში მიღებული ტრავმებია. პედაგოგები არასდროს უყვირიან ბავშვებს, ხელით შეხებაზე საერთოდ წარმოუდგენელია საუბარი. არასდროს ეუბნებიან უარყოფით სიტყვებს.

თუ ბავშვი პრობლემატურია, ეს იმას ნიშნავს, რომ მას დახმარება სჭირდება და არა დასჯა. მე საბჭოთა სკოლა მაქვს დამთავრებული და მახსოვს ის შიში, რაც ზოგიერთი მასწავლებლის, განსაკუთრებით კი დირექტორის მიმართ მქონდა. ხშირად მიფიქრია, თუ რაიმე ფსიქოლოგიური პრობლემის დაძლევა მომიხდა ზრდასრულს, ყველაფერი ბავშვობაში მიღებული ტრავმებით და ბავშვობაში მიღებული უარყოფითი ემოციებით იყო გამოწვეული. ფინურ სკოლაში, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, არ არსებობს კონკურენცია. ყველა ბავშვს შესაძლებლობის და უნარის მიხედვით მოეთხოვება. რა თქმა უნდა, ბავშვებს აქვთ ტესტები და გამოცდები, მაგრამ საკუთარი ტესტების შედეგები იციან მხოლოდ თავად და მათმა მშობლებმა. ტესტების შედეგები კონფიდენციალურია და საჯაროდ კლასში არ განიხილება. ბავშვები არ ისჯებიან უსაქციელობის გამო. მათ განუმარტავენ დაშვებულ შეცდომებს. განმეორების შემთხვევაში, რაიმე პრივილეგია მოეხსნება. მაგალითად, შესვენების დროს ვერ ითამაშებს 15 წუთი. თუ ორ ბავშვს შორის მოხდა უთანხმოება, მასწავლებელი ისმენს ორივე მხარის პოზიციას, ორივეს უხსნის, რა გადაცდომა მოხდა. დამნაშავე აუცილებლად უხდის ბოდიშს და ბავშვები რიგდებიან. ბულინგი კატეგორიულად აკრძალულია და სკოლებში საკმაოდ აქტიური კამპანიებია მის საწინააღმდეგოდ. რა თქმა უნდა, არის ბულინგის შემთხვევები, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ უაღრესად დიდი მუშაობა მიდის სკოლებში. რაც უმნიშველოვანესია, სკოლა არის უფასო, სრულიად უფასო. წიგნები, რვეულები, ფანქრები, საშლელები, სახაზავები სკოლაში აქვთ უფასო, ანუ მშობლები არც ერთ ევროს, არც ერთ ცენტს არ იხდიან. რა თქმა უნდა, ბავშვებს საკუთარი ფანქრებიც აქვთ, მაგრამ სკოლაში მათ შეუძლიათ სკოლის ფანქრებით ისარგებლონ. სკოლის ინვენტარის სახლში წაღება არ შეიძლება.

- რამდენი ბავშვია საშუალოდ ერთ სკოლაში და კლასებში როგორია ბავშვთა რაოდენობა. არის თუ არა რაიმე სახის დრესკოდი ან ფორმა მოსწავლეებისთვის?

- ბავშვთა რაოდენობა სკოლაზეა დამოკიდებული. ფინეთში სასწავლო პროცესი იყოფა: ქვედა სკოლა (Ala aste), 1- 6 კლასი, ზედა სკოლა (Ylä aste) 7-9 კლასი. ზედა სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები აგრძელებენ სწავლას პროფსასწავლებლებში (3 წელი) ან ლიცეუმში (3 წელი). ქვედა სკოლაში, ანუ დაწყებით სკოლაში ბავშვების რაოდენობა 350-დან 600-მდეა. კლასში დაახლოებით 25 მოსწავლეა. მასწავლებელთან ერთად საჭიროების მიხედვით არის დამხმარე. თუ სკოლა აერთიანებს ქვედა და ზედა სკოლებს, მაშინ ბავშვების რაოდენობა 900 ან მეტიც შეიძლება იყოს. დრესკოდი სკოლაში არ არსებობს. ბავშვები თავისუფლად და სუფთად არიან ჩაცმულები. მათ აქვთ სამკაულების, საათის ტარების უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბავშვს თან აქვს მობილური ტელეფონი, ტელეფონის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია სკოლის საათებში, გაკვეთილზე და დასვენების დროსაც. თითქმის ყველა დაწყებით სკოლაშია განსხვავებული ("განსხვავებული შესაძლებლობების" მქონეს სპეციალურად ვამბობ. არ მიყვარს სიტყვა "შეზღუდული შესაძლებლობები") შესაძლებლობების მქონე ბავშვების კლასები. ამ კლასებში ძირითადად 5 ან 6 ბავშვია, ერთი სპეციალური განათლების სპეციალისტი პედაგოგი და 1 ან ზოგ შემთხვევაში 2 დამხმარე. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ამ ბავშვებთან მუშაობა. საინტერესო, მაგრამ არც ისე ადვილი. განსაკუთრებით საყურადღებოა ამ ბავშვების ინტეგრაციის პროგრამები. ძირითადად გაკვეთილები უტარდებათ საკუთარ საკლასო ოთახებში, მაგრამ ხდება მათი ინტეგრაცია დიდ, ჩვეულებრივ კლასებში. მაგალითად, ისეთი საგნები, როგორებიცაა მათემატიკა, ფინური ენა, ბუნება და ა.შ. უტარდებათ საკუთარ პატარა კლასებში, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ხდება მათი დიდ კლასში ინტეგრაცია ისეთი გაკვეთილების დროს, როგორებიცაა მუსიკა, ხატვა... ცალკეა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების კლასები. ეს კლასებიც ჩვეულებრივ დაწყებით სკოლებშია. მათი ინტეგრაცია ხდება იმის მიხედვით, თუ აუტისტური სპექტრის რომელ მხარესაა ბავშვი. ასპერგერის მქონე ბავშვების ინტეგრაცია გაცილებით ადვილია და თითქმის ყოველთვის მათი სრული ინტეგრაცია ხდება მაღალ კლასებში.

- ფინეთში სკოლა რა ცოდნასა და უნარებს აძლევს მოსწავლეს?

- ფინეთში სკოლა არ არის ის ადგილი, სადაც ბავშვი მხოლოდ საგნებს სწავლობს. სკოლაში ბავშვი პირველ რიგში ყალიბდება თავისუფალ პიროვნებად და თავისუფალ მოქალაქედ. ბავშვები არიან ამ ქვეყნის მომავალი. მათ უნდა მართონ ეს ქვეყანა და მათ უნდა უზრუნველყონ სახელმწიფოს წარმატებულად ფუნქციონირება მომავალში. ისინი უნდა იყვნენ ამ ქვეყნის სრულყოფილი მოქალაქეები, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ბავშვებს ამ უნარებს პატარაობიდანვე უვითარებენ და ასწავლიან.

- რა დრო და ძალისხმევა სჭირდება ადამიანს, რომ ფინეთში სკოლის მასწავლებელი გახდეს რა პრივილეგიებით სარგებლობენ პედაგოგები?

- მასწავლებელს ფინეთში აუცილებლად უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება. გავლილი ჰქონდეს პედაგოგიკის სრული კურსები. თითქმის ყველა მასწავლებელს, განსაკუთრებით კი ზედა სკოლებში, უნდა ჰქონდეთ მაგისტრის წოდება. სპეციალიზებული კლასების მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ სპეციალიზებული კლასის მასწავლებლის განათლება. მაგალითად, ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში, სადაც ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი, დირექტორი ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორია. საერთოდ ფინეთში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პროფესიონალიზმს. ნებისმიერი სამუშაო უნდა შეასრულოს ამ საქმის პროფესიონალმა. თუ ინჟინერს სურს, რომ დამლაგებლად იმუშაოს, აუცილებლად უნდა გიაროს დამლაგებლის კურსები და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ინჟინერი დამლაგებლად მუშაობას. ამას ხუმრობით არ ვამბობ, ეს ნამდვილად ასეა! მასწავლებლებს ფინეთში ძალიან კარგი პრივილეგიები აქვთ:
  1. საკმაოდ მაღალი ხელფასები
  2. საკმაოდ ბევრი დასვენების დღე
  3. დასვენების დღეების დროსაც უხდიან ხელფასს

- მშობლები რამდენად არიან ჩართულები ბავშვების სწავლის პროცესში ? წარჩინებულებისთვის წახალისება არსებობს? საერთოდ გამოარჩევენ წარმატებულ მოსწავლეებს?

- Wilma ეს არის საგანმანათლებლო სისტემის ინტერნეტ ქსელი მთელი ფინეთის მაშტაბით. ამ ქსელიი ჩართულები არიან მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები. ეს ქსელი გამოიყენება როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში და იქ ხდება ინფორმაციის გაცვლა მასწავლებელსა და მშობელს შორის, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. 18 წლამდე ასაკის ბავშვებთან ერთად მათი მშობლებიც არიან ჩართულები და კომუნიკაცია ხდება ყოველდღიურად. თუ მასწავლებელი თვლის, რომ მშობელს უნდა მიაწოდოს რაიმე ინფორმაცია ბავშვის შესახებ, ამას Wilma-ს საშუალებით აკეთებს და მშობელი მაშინვე ხდება ინფორმირებული. ასე რომ, მშობლები ყოველდღიურად არიან ჩართულები ბავშვების სწავლის პროცესში. ასევე, პერიოდულად მასწავლებელი ხვდება ბავშვის მშობლებს. შეხვედრა ინდივიდუალური და კონფიდენციალურია. მშობელთა კრებები არ არსებობს. ბავშვის წარმატებების ან წარუმეტებლების განხილვა არ ხდება სხვა მშობლების თანდასწრებით. სასწავლო წლის ბოლოს ეწყობა მშობელთა საღამო. ამ საღამოზე მთელი სკოლის მაშტაბით აცხადებენ წარჩინებული მოსწავლეების გვარებს და მათ გადაეცემათ ფულადი ჯილდოები. ფულადი ჯილდოები სიმბოლურია, 50-დან 150 ევრომდე. ასევე, არის ჯიდლოები: ყველაზე პოზიტიური მოსწავლეები, ყველაზე აქტიური მოსწავლეები, საუკეთესო პროექტის შემქმნელი მოსწავლეები და ა.შ.

- რას საქმიანობენ ბავშვები სკოლის დამთავრების შემდეგ - ძირითადად უმაღლეს განათლებას იღებენ თუ სხვა ტიპის საქმიანობას ირჩევენ?

- სკოლის დამთავრების შემდეგ ძირითადად სწავლას აგრძელებენ უმაღლეს სასწავლებლებში. უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უფასოა, მაგრამ სახელმძღვანელოებს სტუდენტები ყიდულობენ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, პროფესიონალიზმს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. უმუშევრობის დონე ძალიან დაბალია, ასე რომ, უმაღლესის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდები სამსახურს იწყებენ, თუ პროფილის შეცვლა არ გადაწყვიტეს და სხვა უმაღლესში არ გააგრძელეს სწავლა.

- თუ ხედავთ რაიმე მინუსს, ხარვეზს ფინურ განათლების სისტემაში?

- მე ძალიან გამიმართლა და სამ სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ სისტემებში მომიწია ცხოვრება და სამ სრულიად განსხვავებულ საგანმანათლებლო სისტემასთან მქონდა შეხება: საბჭოთა კავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ფინეთი.
საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემას არ შევეხები, სრული კატასტროფა! შეერთებულ შტატებში ნამდვილად არის არაჩვეულებრივი სკოლები და უმაღლესები, მაგრამ იქ ყველაფერი ფასიანია. განათლების მიღება საკმაოდ ძვირია და ამიტომ განათლება პრივილეგიაა. მე ვფიქრობ, ეს დიდი მინუსია. შეერთებული შტატები ძალიან მიყვარს, ჩემთვის დიდი სიხარულია იქ წასვლა ყოველთვის, მაგრამ ვფიქრობ, განათლება და ჯანდაცვა ყველგან უფასო უნდა იყოს და სამწუხაროდ, ამერიკაში ორივე ფასიანია და საკმაოდ ძვირიც. ფინეთში განათლება ნამდვილად უმაღლესი ხარისხისაა, ყველა ბავშვისთვის აუცილებელია და რაც მთავარია, უფასოა. საქმე ისაა, რომ სახელმწიფოს გააზრებული აქვს განათლების მნიშვნელობა და უაღრესად დიდ რესურსს ხარჯავს ამ სისტემაზე. ყოველწლიურად სკოლები, უმაღლესები ფინანსდება მილიონობით ევროთი. უდიდესი ფინანსური თუ ინტელექტუალური რესურსი იხარჯება და შედეგიც სახეზეა. ნამდვილად ვთვლი, რომ ფინური განათლების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა მთელს მსოფლიოში.

- თქვენი აზრით, რამდენად ადვილი იქნება ამ სისტემის საქართველოში ადაპტირება და სავარაუდოდ, რა დრო დასჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ ამ დონემდე მივიდეს?

- ნებისმიერი სისტემა, იქნება ეს საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი და ა.შ. არის ერთი დიდი სისტემის, სახელმწიფო სისტემის ნაწილი. თუ სახელმწიფო სისტემა არ ფუნქციონირებს გამართულად, ვერც ერთი მისი შემადგენელი სისტემა ვერ იფუნქციონირებს გამართულად. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში სახელმწიფო სისტემა სრულიად ჩამოშლილია. საქართველო დღეს არის ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ადგილს მსოფლიო რუკაზე, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, საუბედუროდ, ის ამ ადგილსაც დაკარგავს. ფინური საგანმანათლებლო სისტემის ადაპტირება საქართველოში დღეს შეუძლებელია. ფინური მოდელი შეიძლება ადაპტირდეს და გადმოღებულ იქნეს ცალკე აღებულ სკოლებში, მაგრამ საგანმანათლებლო სისტემის რეფორმირებას და წელგამართულ ფუნქციონირებას ჯერ სახელმწიფო სისტემის გამართული ფუნქციონირება ესაჭიროება.

ფინეთი ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მთელ ევროპაში, სახელმწიფო სისტემა ისეა აწყობილი, რომ სისტემა მართავს ქვეყანას და აკონტროლებს ყველას და ყველაფერს და არა ინდივიდები. ვინც არ უნდა მოვიდეს სათავეში, სისტემა მას არ მისცემს იმის საშუალებას, რომ გადაუხვიოს ამ სისტემის პრინციპებს. ასეა ყველა სფეროში, მათ შორის, განათლების სისტემაში, ჯანდაცვაში და ა.შ. ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ მოახერხა ფინეთმა ამ გაყინულ მიწაზე, სადაც არც ნავთობია, არც ოქრო, არც ბრილიანტები, არც მზე, არც წელიწადის ოთხი სეზონი (ძირითადად, ზამთრიდან ზაფხულში ვხტებით და ზაფხულიდან ისევ ზამთარში), სადაც ზამთარში არ თენდება და ზაფხულში არ ღამდება, ასეთი ძლიერი, გამართული, მდიდარი და ჰუმანური სახელმწიფოს შექმნა. პასუხი ერთია: ამ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი არის ამ ქვეყნის მოქალაქე და ყველა კანონი, ყველა ინსტიტუცია ამ მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ფუნქციონირებს.
სკოლა არის ის ადგილი, სადაც ამ ქვეყნის მოქალაქეები ყალიბდებიან, რომელთაც უნდა უზრუნველყონ ამ ქვეყნის მომავალი, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი ინდივიდები (ამ სიტყვას შემთხვევით არ ვხმარობ), დიახ, ინდივიდები არიან ბავშვები.

- როგორ ფიქრობთ, ყველაზე ხშირად საქართველოში რა შეცდომებს უშვებენ განათლების სისტემაში, რის გამოც კარგი შედეგი ვერ მიიღწევა?

- არ შეიძლება განათლების სისტემა განვიხილოთ ცალკე აღებული სისტემა, სახელმწიფო სისტემის გარეთ. თუ გვინდა, რომ გვქონდეს წარმატებული განათლების სისტემა, ჯერ სახელმწიფო უნდა იყოს წარმატებული. მე დიდი ხანია საქართველოში არ ვცხოვრობ, მაგრამ ყურადღებით ვაკვირდები მიმდინარე მოვლენებს. ხშირად ჩამოვდივარ და შეძლებისდაგვარად მაქსიმალურ დროს ვატარებთ მეც და ჩემი ოჯახიც. საქართველოში ბავშვებს ძალიან მძიმე რეალობაში უწევთ ცხოვრება. აქ მხოლოდ განათლების სიტემაში დაშვებულ შეცდომებზე ვერ ვისაუბრებთ, უფრო ფართოდ შევხედოთ მდგომარეობას. საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, სოციალურად დაუცველები არიან, ადრეული ასაკიდან უწევთ მუშაობის დაწყება, არავითარი პერსპექტივა არ არსებობს მათთვის. ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ დღევანდელ ბავშვებს საქართველოში (უმცირესობის გარდა) უყალიბდებათ არასრულფასოვანი ადამიანის ფსიქიკა, არასრულფასოვანი ფსიქიკის ადამიანი კი თავისუფალ და წარმატებულ ქვეყანას ვერასდროს ააშენებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და რადგან სკოლას, განათლებასა და ბავშვებს ეხება, ერთი მაგალითი მოვიყვანო, რამაც შოკში ჩამაგდო! საქართველოში სკოლიდან გამოიყვანეს ბავშვები, კინოთეატრებში შეიყვანეს და ციხის კადრები აჩვენეს. ბავშვის ფსიქიკა ჩამოუყალიბებელია და ის გაცილებით მგრძნობიარეა, ვიდრე ზრდასრული ადამიანის. როცა ბავშვი შეგყავს ჩაბნელებულ დარბაზში და დიდ ეკრანზე აყურებინებ ასეთ კოშმარს, ის არ შეიძლება იგივე ფსიქიკით გამოვიდეს იმ დარბაზიდან. ეს არ არის შეცდომა, ეს არის ძალიან მძიმე და შეიძლება გამოუსწორებელი დანაშაული ბავშვების მიმართ!
შოკის მომგვრელი იყო სახალხო დამცველის დასკვნის წაკითხვა ნინოწმინდას პანსიონის შესახებ. ჩვენ უნდა გავიაზროთ ერთი რამ, რომ დღევანდელი ბავშვები შექმნიან ხვალინდელ რეალობას საქართველოში და ამავე ქვეყნის საზოგადოების წევრები იქნებიან. ასე რომ, ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს ბავშვებთან ურთიერთობის დროს. მე ვფიქრობ:
  • ბავშვები შორს პოლიტიკური დაპირისპირებისგან.
  • ბავშვები შორს რელიგიური ფანატიზმისაგან.
  • ბავშვები შორს პოლიტიკურად მოტივირებული პედაგოგებისაგან.
  • ბავშვები შორს არასწორ ღირებულებებზე აწყობილი
  • სახელმძღვანელოებისგან...
თამარ იაკობაშვილი
7924
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
ნოე გუგუციძე
1
გერმანიაშიც კი, რომელიც თითქმის ფინეთის მეზობელია და ეკონომიკურად ძლიერი, ის სისტემაა, რაც მეფის რუსეთში იყო და დიდ წილად სსრკ-შიც, მაგრამ გერმანელებს ასეთი ფუფუნება არ აქვთ. მნიშვნელოვანია მენტალური სხვაობა. წარმოგიდგენიათ დივანი, ბურთები და ა.შ. საკლასო ოთახში? იქ სხვა თარგია, ჩვენ ალბათ უფრო გერმანული მოდელი მოგვერგებოდა. ჩვენ ის ვერ მოვახერხეთ, რომ X-XII კლასებში ნამდვილი აბიტურიენტი გადაგვყავდეს. დაბოლოს, დამოუკიდებელ საქართველოში განათლების რამდენი მინისტრი გამოვიცვალეთ? რაც შეეხება ნინოწმინდისგან მიღებულ შოკს, გირჩევთ სახალხო დამცველის ინფორმაციების გაცნობას მოეროდოთ.
17:54 / 06-01-2022
ნინო
0
ბერიკა შუკაკიძე ნუთუ არ კითხულობ, ან არ გაიგია ფინეთში როგორ არის სკოლები მოწყობილი? საქართველოში რომ კერძო ფინური სკოლა გაიხსნა ხომ კარგად იყავი გახსნაზე მიცუნცულებული. რა გამოცდები, რის ტრენინგები რატომ აწამებთ მასწავლებლებს და ამის ხარჯზე თქვენ მასწავლებელთა სახლი და კიდე სამინისტრო ფულს ათეთრებთ, რეალურად რაც ნამდვილად სჭირდება განათლების სისტემას იმას შეგნებულად არ აკეთებთ და თაობებს ღუპავთ. თქვენი სიღორის და ფულის სიყვარულის გამო. გამოფხიზლდით სანამ დროა და შეასრულეთ პირნათლად ის რაც სჭირდება მომავალ თაობას. გეყოთ რაც მოიპარეთ ბიუჯეტიდან ფულები. ახლა აიღეთ უცხო ქვეყნის საგამოცდო მასალა გადათარგმნეთ და გინდათ მასწავლებლებმა ჩააბარონ გამოცდები. თქვენ თუ იცით იმ მასალის შინაარსი და შეძლებთ ჩაბარებას?
11:07 / 06-01-2022
მსგავსი სიახლეები