საქართველოში ომიკრონის გავრცელების კვლავ მაღალი მაჩვენებელია და ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ინფიცირდება. ამ ფონზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაგეგმილზე ადრე, 3 მარტიდან დაიწყოს. ინფორმაციის გადასამოწმებლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ.
"ამ ეტაპზე არდადეგების ვადაზე ადრე გამოცხადების საჭიროება არ არსებობს. საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში 8 მარტიდან დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება." - განაცხადეს სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ იქამდე ოფიციალურად უქმე დღეა 3 მარტი, დედის დღე. ხოლო, სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეები დაისვენებენ შემდეგ დღეებში:
- 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
- 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
- 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
- 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
გარდა ამისა, სააღდგომოდ ოფიციალურად დასვენების დღეებია დიდი პარასკევი,დიდი შაბათი, აღდგომა და მიცვალებულთა მოხსენიების დღე. წელს აღდგომა 24 აპრილსაა, შესაბამისად, მოსწავლეები 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.
ასევე, მშობლებს კვლავ აქვთ არჩევანის უფლება, თავიანთ შვილებს გაუშვებენ სკოლაში თუ სწავლების ონლაინ ფორმატს აირჩევენ.
თამარ იაკობაშვილი
იქნება თუ არა საგაზაფხულო არდადეგები ბაღებში - პასუხი სააგენტოდან