განათლების კომიტეტი ბავშვის პირველ კლასში შეყვანის ასაკს განიხილავს. ეს საკითხი ძალიან დიდი ხანია ბევრ მშობელს აწუხებს და ყოველი სასწავლო წლის დაწყებისას, მუდმივადაა აქტუალური. კერძოდ, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყებამდე უსრულდებათ. თუმცა, არიან ისეთები, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე დღის გამო კარგავენ მთლიან სასწავლო წელს.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ტალიაშვილი გვეუბნება, რომ ჯერჯერობით, მიმდინარეობს საკითხის განხილვა და რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება კომიტეტს არ მიუღია.
"ამ ეტაპზე განიხილება სკოლაში პირველკლასელთა ჩარიცხვის საკითხი. ეს თემა დიდი ხანია ძალიან აქტუალურია. შესაბამისად, ყველა დაინტერესებული მხარის პოზიციების შეჯერებით, საბოლოო ჯამში კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ამ ეტაპზე წინასწარი მოლოდინების გაჩენა, ვფიქრობ, მშობლებისთვისაც არ იქნება მართებული."- გვითხრა თამარ ტალიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ დეპუტატმა კახი კახიშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიმართა ინიციატივით, რომ პირველკლასელთა სკოლაში ჩარიცხვის თარიღად 15 სექტემრის ნაცვლად, 31 დეკემბერი აერჩიათ.
"ფაქტობრივად, ბავშვი ზოგჯერ ერთი დღის გამო ერთ წელს კარგავს. ხომ არ შეიძლება კანონში შევცვალოთ, რომ 31 დეკემბრამდე ვისაც შეუსრულდება 6 წელი, ის შევიდეს პირველ კლასში?" - იკითხა დეპუტატმა. მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფარგლებში, დეპუტატს ასე უპასუხა:
"ზოგადად, გეთანხმებით, რომ ეს შეზღუდვა, რომელიც ახლა გვაქვს, გადასახედია, მაგრამ მინდა იცოდეთ, რა არის მთავარი გამოწვევა. ეს არ არის ახირება, რომ მაინცდამაინც 15 სექტემბრამდე ვინცაა დაბადებული, ის შევიდეს სკოლაში. უბრალოდ, ჩამკეტი მაშინ გაკეთებული იყო ძირითადი შეზღუდვის გამო. ეს გახლავთ ინფრასტრუქტურული საკითხი. მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გამძაფრდა ეს საკითხი იმ თვალსაზრისით, რომ მოვითხოვთ, გარკვეულ დისტანციას. გარდა იმისა, რომ ყველა მოსწავლე ატარებს პირბადეს, მოსწავლეებს შორის დისტანციის შენარჩუნება საჭიროა. შესაბამისად, მაღალკონტიგენტიან სკოლებში ამან დამატებითი ცვლების შემოღების აუცილებლობა გამოიწვია. ამიტომ, ხელდასმით გაზრდა, უცებ არ გამოვა, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში. მაგრამ, დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ ეტაპობრივად შეგვიძლია გადავწიოთ ეს ზღვარი." - განაცხადა მაშინ მინისტრმა.