სკოლებში კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა რეგულაცია კვლავ ძალაში დარჩება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს. მათი თქმით, ბუფეტების ფუნქციონირება კვლავ აკრძალულია.
ასევე, ძალაში რჩება თერმოსკრინინგის, დეზობარიერისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენების წესი. აუცილებელია პირბადის ტარებაც. მიმდინარეობს მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა covid-19-ზე სავალდებულო ტესტირება.
"კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სკოლები სრულად უზრუნველყოფილია სასწავლი წლის ბოლომდე სამყოფი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. პარალელურად, მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში სკოლების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება." - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ცნობილია, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა. თამარ იაკობაშვილი