როგორ უნდა აარჩიოთ სკოლა პირველკლასელისთვის - რეკომენდაციები და მშობელთა გამოცდილება
როგორ უნდა აარჩიოთ სკოლა პირველკლასელისთვის - რეკომენდაციები და მშობელთა გამოცდილება


სკოლის არჩევა მშობლებისთვის ხშირად დიდი გამოწვევაა, რადგანაც არ იციან, რომელს მიანიჭონ უპირატესობა, სად უკეთესი იქნება მათი შვილების განათლებისა და განვითარებისთვის. ეს პროცესი განსაკუთრებით რთული და საპასუხისმგებლო პირველკლასელთა მშობლებისთვისაა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესი უკვე დაიწყო, ხოლო საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის შესაძლებლობა 17 მაისიდანაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, გადავწყვტეთ, მშობლებს ეს პროცესი ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ და რამდენიმე საჭირო რჩევა გავუზიაროთ. ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავშუაშვილი გვიყვება, რა შეკითხვები უნდა დასვას მშობელმა სასურველი სკოლის შერჩევამდე:

mshoblebi
და აარჩიოთ სკოლა პირველკლასელისთვის - რეკომენდაციები და მშობელთა გამოცდილება" width="600" />

- სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს რაიმე ტიპის
რეიტინგი, რომლის მიხედვითაც მშობელი იხელმძღვანელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელ სკოლაში მიიყვანოს შვილი. დღეისათვის მშობლები ხელმძღვანელობენ მხოლოდ ნაცნობების, მეგობრების, სხვა მშობლების პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. თუმცა, მსგავსი მიდგომა ხშირად არ ამართლებს იმიტომ, რომ საზოგადოება კარგი სკოლის სტანდარტზე შეთანხმებული არ არის. ამიტომ, ყველა მშობელს თავისი ხედვა აქვს, თუ რას მოითხოვს კონკრეტული სკოლისგან. მსგავს რეკომენდაციებს თან რისკიც ახლავს. შესაძლოა ერთ მშობელს ძალიან მოსწონდეს კონკრეტული დაწესებულება, მასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება ჰქონდეს, ხოლო მეორე მშობლისთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდეს იქ არსებული სიტუაცია. მეტსაც გეტყვით, როდესაც ადამიანს რამდენიმე შვილი ჰყავს, შესაძლოა ერთი ბავშვისთვის შესაფერისი გარემო იყოს, ხოლო მეორესათვის იმავე სკოლაში სრულიად შეუფერებელი სიტუაცია აღმოჩნდეს. პირველ რიგში, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ სკოლის შერჩევა ჩვენი შვილის გაცნობით უნდა დავიწყოთ. შემთხვევით არ მითქვამს, რომ ერთი და იგივე სკოლა სხვადასხვა ბავშვისთვის შეიძლება სულაც არ იყოს ერთნაირად კარგი. გავითვალისწინოთ, რა სჭირდება ჩვენს შვილს, როგორ გარემო სურს, რა შესაძლებლობები აქვს და როგორ შეუძლია ამ შესაძლებლობების გამოვლენა. შესაძლოა ცოტა პათეტიკურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სკოლის შერჩევა ჩვენი შვილის კარგად და ახლოს გაცნობით უნდა დავიწყოთ. ამის შემდეგ უნდა განვსაზღვროთ, რა მოლოდინები აქვს ოჯახს. მაგალითად, არიან ოჯახები, რომლებიც თვლიან, რომ შეიძლება სკოლა არ იყოს ძალიან კარგი, მაგრამ მერე ბავშვს რეპეტიტორთან მოამზადებენ იმ საგნებში, რომლებიც დასჭირდება. სხვა მშობელს შესაძლოა განსხვავებული პრიოტიტეტი და ხედვა ჰქონდეს. ზოგიერთს სურდეს, რომ სკოლაში კონკურენტული გარემო იყოს, რომ ბავშვი ბრძოლისუნარიანი იყოს, შეიძლება ვიღაცისთვის ფიზიკური უსაფრთხოებაა უპირატესი, ვიღაცისთვის პრიორიტეტი ჯანსაღი კვებაა, სხვას სურს, რომ მისი შვილი ბუნებასთან ახლოს იყოს, ან ტექნოლოგიებთან ჰქონდეს კარგი წვდომა... ამიტომაც, თითოულმა მშობელმა უნდა დაალაგოს პრიორიტეტები და ამის მიხედვით განსაზღვროს, როგორია მათთვის სასურველი სკოლა. ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, რომელ სკოლას გავუწევდი რეკომენდაციას, თუმცა ყოველთვის ვერიდები მსგავს შეფასებებს. ვერც ერთ ადამიანს, მით უმეტეს, თუ მას პირადად არ ვიცნობ, არ ვიცი მისი პრიორიტეტები და არასოდეს მინახავს მისი შვილი, ვერ ვურჩევ რომელიმე კონკრეტულ სკოლას. მას შემდეგ, რაც პრიორიტეტებს განვსაზღვრავთ, სკოლების შესახებ ინფორმაციის მოძიება უნდა დავიწყოთ. გამოვკითხოთ ჩვენთვის სასურველი სკოლის მოსწავლეები, მშობლები, კურსდამთავრებულები, ვკითხოთ, რატომ მოსწონთ, ან - პირიქით, არ მოსწონთ. შემდეგი ეტაპი სასურველ სკოლაში ვიზიტია. ჯობს, პირველი ვიზიტი ბავშვის გარეშე შედგეს. სკოლაში მისვლა დაგვეხმარება იმაში, რომ დავათვალიეროთ ინფრასტრუქტურა, ერთი შეხედვით შევაფასოთ, რამდენად უსაფრთხოა გარემო, საკლასო ოთახები. როდესაც შემდეგი ვიზიტის დროს ბავშვსაც მივიყვანთ, დავინახავთ, როგორ იგრძნობს თავს და როგორ შეხვდებიან სკოლის თანამშრომლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი სკოლაში წინასწარ მივიყვანოთ და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩავრთოთ. როგორც წესი, ისინი კარგად ხვდებიან ადამიანების დამოკიდებულებებსა და მიხვდებიან, ნამდვილად სურთ, თუ არა იმ კონკრეტულ სკოლაში სიარული. ძალიან მნიშვნელოვანია ის შეკითხვები, რომლებიც სასურველ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვიზიტის დროს უნდა დავსვათ. მაგალითად, როგორ ხედავს სკოლა თავის დანიშნულებას. თბილისში გვაქვს ძალიან პოპულარული სკოლები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ მათი კურსდამთავრებულები უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ხვდებიან. სკოლამ ბავშვი ცხოვრებისთვის უნდა მოამზადოს და არა მხოლოდ გამოცდებისთვის. ძირითად შეცდომას მშობელი მაშინ უშვებს, როდესაც სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, ვინც უნდა ასწავლოს მის შვილს და ბევრი წლის განმავლობაში მუდმივი შეხება უნდა ჰქონდეთ, არ ეკითხებიან, როგორ ხედავენ სკოლის დანიშნულებას. ეს პროცესი ნამდვილად არ არის მარტივი. ზოგიერთი მათგანი იმდენად განიცდის ამ პერიოდს, რომ შფოთვაც კი ეწყებათ, რაშიც არაბუნებრივი არაფერია. ძალიან არაპროგნოზირებადია გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ და არ ვიცით, როგორ გარემოში მოხვდება ჩვენი შვილი, როგორ შეიცვლება მისი პიროვნული ზრდა, განვითარება. ეს დიდწილად სწორედ სკოლაზეა დამოკიდებული.

ბევრი მშობელი სკოლას საცხოვრებელი სახლის მიხედვით ირჩევს. მეგი კავთუაშვილს ვკითხეთ, რას ფიქრობს მსგავს მიდგომაზე:

- არიან ოჯახები, რომლებსაც არჩევანი არ აქვთ და უწევთ, აუცილებლად სახლთან ახლოს მიიყვანონ შვილი სკოლაში. მაგალითად, არ შეუძლიათ ტრანსპორტით ატარონ, არ ჰყავთ დამხმარე ადამიანები და ასე შემდეგ - ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. თუ მშობელს არჩევანი აქვს, ჯობს მოიძიოს ინფორმაცია სკოლის შესახებ და არ მიიყვანოს პირდაპირ იქ, სადაც უფრო ხელსაყრელია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ სახლთან ახლოს კარგი სკოლა არ შეიძლება იყოს. მნშივნელოვანია, წინასწარ ინფორმაციის შეგროვება და როგორც აღვნიშნე, პრიორიტეტების განსაზღვრა, რისი მიღება სურთ კონკრეტული სკოლისგან.

გიორგი ლიპარიშვილი ბევრი ბავშვისთვის საყვარელი მასწავლებელია, რომელიც გაკვეთილის მიმდინარეობისას სახალისო, საინტერესო და განსხვავებულ იდეებს სთავაზობს მოსწავლეებს. მას ვთხოვეთ, გაეზიარებინა საკუთარი პოზიცია, რის მიხედვით უნდა შეარჩიოს მშობელმა შვილისთვის სკოლა:

mshoblebi

- სკოლის არჩევა გასაუბრებას ჰგავს… ძალიან მნიშვნელოვან გასაუბრებას და სამსახურის დაწყებას. სკოლა ბავშვების სამსახურია. ჩემი აზრით, სკოლის შერჩევისას მშობლებმა რამდენიმე ძირითადი კომპონენტი უნდა გავითვალისწინოთ, სწავლა-სწავლების მეთოდები, სასკოლო გარემო (კლასები, ეზო, სოციალური თანასწორობა), სკოლის ხედვები, ბავშვზე ორიენტირება, ხშირად ტერიტორიული მდებარეობაც და ხელმისაწვდომობაც. სკოლის შერჩევის პროცესში ბავშვიც უნდა ჩავრთოთ. დაათვალიეროს, გაეცნოს მასწავლებლებს, შეიჭყიტოს ოთახებში, ეზოში, ბუფეტში. როგორც პირველივე შეთავაზებულ სამსახურს არ უნდა დავთანხმდეთ, ამაზე სიფრთხილით უნდა შევარჩიოთ სკოლაც. სადაც ჩვენმა შვილმა თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გაატაროს და შეიყვაროს, აღმოაჩინოს, გაერთოს, შეიყვაროს და შეიმეცნოს მისთვის სასურველი და აუცილებელი ამბები. ზოგიერთი ფიქრობს, რომ სკოლა მასწავლებელია. სკოლა არის მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი, რომელიც ერთად ქმნის საზოგადოებას და ბედნიერებისთვის ამზადებს ბავშვებს. ამიტომ ბედნიერი ადგილები ვეძებოთ შვილებისთვის. როგორც დასაწყისში ვთქვი, ამ მნიშვნელოვან გასაუბრებაზე ჩავინიშნოთ სკოლისგან შემოთავაზებული დეტალები, რომ სწავლის დაწყების შემდეგაც თვალ-გული ვადევნოთ ჩვენი შვილის თავს დატრიალებულ მოვლენებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" ასევე აქვეყნებს რამდენიმე სასარგებლო შეკითხვას, რომლებიც სკოლის შერჩევის პროცესში უნდა დასვათ:
  • რამდენად უსაფრთხოა ფიზიკური გარემო, საკლასო ოთახები და საერთო სარგებლობის ფართი?
  • რამდენად იძლევა ჰიგიენის დაცვის შესაძლებლობას საპირფარეშოების მდგომარეობა?
  • არის თუ არა სკოლაში ცივი/ცხელი წყალი?
  • არის თუ არა მწვანე ეზო, სპორტული დარბაზები, გასართობ-დასასვენებელი ზონა, კვების სივრცე, ბიბლიოთეკა?
  • როგორ ხედავს სკოლა თავის დანიშნულებას?
  • როგორი მიდგომები აქვთ სკოლაში სწავლა-აღზრდის პროცესთან დაკავშირებით?
  • რა მიღწევები აქვს სკოლას?
  • რამდენად ტიპური ან ალტერნატიულია სკოლა?
  • მიჰყვებიან განათლების სამინისიტროს დადგენილ ეროვნულ სასწავლო გეგმას, თუ აქვთ სწავლების განსაკუთრებული სტანდარტი?
  • როგორი ტრადიციები აქვს სკოლას?
  • რა არის სკოლის მთავარი ღირებულებები?
  • რა კომპეტენციის ადამიანები არიან დასაქმებული პედაგოგებად?
  • მასწავლებლების გარდა, კიდევ რა ტიპის პერსონალია სკოლაში და რა ფუნქციები აქვთ?
  • როგორ ზრუნავს სკოლა ბავშვებზე?
  • მოსწავლის წახალისების და გაკიცხვის როგორი სქემები არსებობს?
  • როგორი სქემით ურთიერთობს სკოლა მოსწავლეთა მშობლებთან?
  • როგორია მოსწავლეთა და მასწავლებელთა რაოდენობის თანაფარდობა?
  • მიღებული ინფორმაცია ერთი მხრივ, მშობლებს წარმოდგენას შეგვიქმნის, რამდენად მოხერხებული იქნება ჩვენი შვილისთვის ასეთ სკოლაში სწავლა; მეორე მხრივ კი, სკოლა უკეთ გაგვიცნობს მშობლებს, როგორც მომავალ პარტნიორებს.
ვთხოვეთ მშობლებსაც, გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება, რის მიხედვით აირჩიეს შვილებისთვის სკოლა, საჯაროს მიანიჭეს უპირატესობა, თუ კერძოს და ზოგადად, რას აქცევენ ყველაზე მეტად ყურადღებას:
  • დაწყებითებით კლასებში თუ გაგიმართლა საჯარო სკოლაში, მასწავლებელში, საუკეთესოა. ჩვენ გაგვიმართლა. აი, მე-5 კლასიდან საჯაროში სრული განუკითხაობაა.
  • მშობლებმა მასწავლებელი უნდა ეძებონ და არა - სკოლა, როგორც ბატონი შალვა ამონაშვილი გვირჩევს. რაც შეეხება კერძო სკოლას, იშვიათ შემთხვევაში არ არის უაზროდ ფულის ყრა.
  • სკოლა სახლთან ახლოს შეარჩიეთ, თავს ნუ გაიტანჯავთ.
  • განათლების სისტემა ისეთ მდგომარეობაშია, რომელი სკოლაც არ უნდა აირჩიო, იდეალურად ვერსად ქნება შენი შვილი. უბრალოდ, უარესებს შორის უკეთესის არჩევა გიწევს. საჯარო სკოლების უმრავლესობაში განუკითხაობაა და თუ ისე არ გცალია, რომ გამუდმებით სკოლის კართან იყო ატუზული და ბავშვს მართლა სდიო, ძალიან ძნელი იქნება ამ რთული ეტაპის გადალახვა. ან ბავშვი უნდა იყოს განსაკუთრებულად მონდომებული და ყველა გარემოსთან ადაპტირებული, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ისწავლოს. რაც შეეხება კერძო სკოლებს, იდეალურად არც აქ არის საქმე. უმრავლესობა ფულზეა ორიენტირებული, ერთმანეთს ეჯიბრებიან გადასახადებში და ინფრასტრუქტურულ წინსვლებში და არა კარგ პედაგოგებში, ჯანსაღ სასწავლო გარემოში ან სწავლების განსაკუთრებულ მეთოდებში. კერძოებშიც უნდა გაგიმართლოს, რომ ნორმალური შეგხვდეს. უბრალოდ, კერძოს ის უპირატესობა აქვს, თუ ძალიან ძვირი არ არის, რომ ცოტა ბავშვი ზის გაკვეთილზე, შედარებით დაცული და უსაფრთხო გარემოა, გახანგრძლივებულით, ტრანსპორტით და დამატებითი წრეებით უზრუნველყოფს და ხშირად მშობლები სწორედ ამ ფაქტორების გამო იჭირვებენ, უკანასკნელ თეთრს ხარჯავენ ბავშვებისთვის... თუმცა საერთო ჯამში, ისევ ვიმეორებ, ყველა სკოლაში პრობლემაა, განათლების დონე და სწავლების მეთოდები კრიტიკას ვერ უძლებს და ბავშვებს ვამზადებთ არა ცხოვრებისთვის, არამედ ეროვნული გამოცდებისთვის. ეროვნული გამოცდების შემდეგაც ხვდებიან უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც, სამწუხაროდ, თითქმის იგივე განუკითხაობაა და საბოლოოდ მშობლის რესურსები, მოზარდის ენერგია და მონდომება ძალიან ხშირად ამაოდ გახარჯული გამოდის, რადგან უნივერსიტეტსაც ამთავრებს და სინამდვილეში არც პროფესიას დაუფლებია სათანადოდ, არც ცხოვრებისთვის მომზადებულა და არც სამსახურისთვის. მე რასაც ვუყურებ, მგონია, რომ აი ამ ყველაფრის დამთავრების შემდეგ იწყებენ ნამდვილად სწავლას იმის, რაც სჭირდებათ - უკვე სამსახურებში, უკვე პრაქტიკულად. მანამდე მხოლოდ დროისა და ფინანსების ხარჯვაა.
  • სამწუხაროდ, წლიდან წლამდე მშობლები სულ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დგებიან, რომელი სკოლა შეარჩიონ ბავშვისთვის. ბევრი მშობელი სასკოლო ასაკის დამთავრებამდეც კი ეძებს ნორმალურ სკოლას და ერთიდან მეორეში გადაჰყავს, რადგან სკოლების დიდი ნაწილი კრიტიკას ვერ უძლებს. საჯარო სკოლების დიდი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგების ასე გაუზარდეს ხელფასები, აბსოლუტურად შეუფერებელია თანამედროვე ბავშვებისთვის. ონლაინსწავლებამ კი კიდევ უკეთ გამოაჩინა მისი ხარვეზები - თუ კერძო სკოლებში ჩვეულად გრძელდებოდა სწავლა ონლაინ, საჯაროში მე-9-მე-10 კლასელ ბავშვებსაც კი დღეში 3-4 20-წუთიანი გაკვეთილი უტარდებოდათ და ხანდახან ისიც უცდებოდათ. რა ცოდნა მიიღეს ბავშვებმა? საჯარო სკოლების მოსწავლეების 80%, თუ მეტი არა, რეპეტიტორებთან დადის და ასე იღებს განათლებას და არა სკოლაში. ეს სამწუხარო რეალობაა...

თამარ იაკობაშვილი

2221
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები