რატომ გადავიდა თბილისის რამდენიმე სკოლა ონლაინსწავლებაზე - სამინისტროს განმარტება
რატომ გადავიდა თბილისის რამდენიმე სკოლა ონლაინსწავლებაზე - სამინისტროს განმარტება
თბილისის მასშტაბით სხვადასხვა სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ბავშვები სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადაიყვანეს, ან კიდევ შეცვლილია გაკვეთილების განრიგი - ბავშვები სხვა სკოლებში დადიან, მეორე-მესამე ცვლებში და ეს ასევე დისკომფორტს უქმნის მოსწავლეებსა და მშობლებს.  მშობლები ამბობენ იმასაც, რომ ზოგიერთ სკოლაში ბავშვები ონლაინრეჟიმში გადაიყვანეს, თუმცა სარემონტო სამუშაოები ჯერაც არ დაწყებულა. არც ის იციან, როდისთვის დასრულდება ეს პროცესი და სექტემბერში დაუბრუნდებიან თუ არა სასკოლო სივრცეს. გარდა ამისა, უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ერთდროულად თბილისის რამდენიმე უბანში
დაიხურა სკოლები და ძალიან ბევრი მშობელი და მოსწავლე აღმოჩნდა შუა სასწავლო
წელში ასეთ, გაურკვეველ მდგომარეობაში.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, თუ სკოლებში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ბავშვებს ონლაინ სწავლებაზე გადაიყვანენ, მათივე უსაფრთხოების მიზნით:

"ყველა კონკრეტულმა სკოლამ იცის სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზეზი და ვადები, რა პერიოდშიც პროცესი წარიმართება. ამიტომაც, მშობლებს ინდივიდუალურად შეუძლიათ მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას და დააზუსტონ ყველა იმ შეკითხვაზე პასუხი, რაც აქვთ. თუ სკოლისგან საჭირო ინფორმაციას ვერ მიიღებენ, მიმართონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და დავაზუსტებთ. სკოლებში აღნიშნული სარემონტო სამუშაოები თუ გადაუდებელი საჭიროების გამო მიმდინარეობს, მაგალითად, დაზიანებულია თავად შენობა, საფრთხე ემუქრებათ მოსწავლეებს და ასე შემდეგ, დისტანციურად გადაიყვანენ მოსწავლეებს, მათივე უსაფრთხოებისთვის. შესაძლოა ეს შემთხვევები დაემთხვა ერთმანეთს, დააზიანა მიწისძვრამ, ქარმა, თოვლმა და ასე შემდეგ, და სარემონტო სამუშაოების გადაუდებელი საჭიროება შეიქმნა", - გვითხრეს სამინისტროში.

ერთ-ერთი ასეთი სკოლა, სადაც სარემონტო სამუშაოები უნდა დაიწყოს, თბილისის 161-ე საჯარო სკოლაა. სკოლის დირექტორი მიხეილ მინდაძე გვიყვება, რატომ გახდა სკოლაში გამაგრებითი სამუშაოების დაწყების აუცილებლობა საჭირო:

"ჩვენს სკოლას არასტანდარტული შენობა აქვს. უფრო ზუსტად, ორი ფლიგელია. ფლიგელსა და ძირითად შენობას შორის არსებობდა ნაპრალი, რომელიც ცოტა გაიზარდა, რის შემდეგაც შევამოწმებინეთ სპეციალისტებს და მოგვცეს რეკომენდაცია, რომ გამაგრებითი სამუშაოები დაიწყოს. პანდემიის პერიოდია, მოსწავლეების ნაწილი მაინც დისტანციურზეა და გადავწყვიტეთ, არ წავსულიყავით რისკზე და დავიწყეთ ეს პროცესი, რადგანაც მცირე მიწისძვრის დროსაც შესაძლოა გარკვეული საფრთხე შეექმნას შენობას. სამუშაოები ორ ეტაპად უნდა განხხორციელდეს. ჯერჯერობით პროექტები მზადდება და საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა. პირველ ეტაპზე გამაგრებითი სამუშაოები უნდა განხორციელდეს. თუმცა, მხოლოდ გამაგრებით არ შემოიფარგლება, 20-25 წელია ამ სკოლაში დიდი რემონტი არ გაკეთებულა და ამიტომაც, სარეაბილიტაციოდ ჩასვეს პროექტში. ძალიან რთულია სასწავლო პროცესის პერიოდში მუშაობა, მაგრამ ეს უსაფრთხოების მიზნით კეთდება და ძალიან მალე სრულყოფილი და კარგი შენობა გვექნება".

დირექტორის განმარტებით, პროექტი მზადდება და ჯერჯერობით ზუსტად არ აქვს ინფორმაცია, რა ვადებში დასრულდება გამაგრებითი და სარემონტო სამუშაოები: 

"ორი კორპუსი გვაქვს, პირველი-მეშვიდე კლასი დასწრებულ რეჟიმში სწავლობს ერთ-ერთ კორპუსში. ზედა კლასების ნაწილი 162-ე სკოლაშია გადასული, ნაწილი კი, ვისაც სიარული არ შეეძლო, ონლაინ რეჟიმზე გადავიდა", - ამბობს მიხეილ მინდაძე.

მსგავსი პროცესი, 161-ე სკოლის მსგავსად, თბილისის კიდევ რამდენიმე სკოლაში მიმდინარეობს. 

თამარ იაკობაშვილი

8540
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები