სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლება გაძლიერდება - მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილება
სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლება გაძლიერდება - მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტრომ "საქართველოს ისტორიის" სწავლების გაძლიერების კუთხით 2021 წლიდან აქტიური მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო აქვეყნებს.

"მთავარი მიზანი იყო, რომ ახალგაზრდებს საშუალო საფეხურზე ჩვენი ქვეყნის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად შეესწავლათ. შესაბამისად, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის (X-XII კლასების) ისტორიის სტანდარტი გადაიხედა, რისთვისაც სპეციალურად დაკომპლექტებული ისტორიკოსთა ჯგუფი შეიქმნა.

აღნიშნული ჯგუფი აერთიანებდა ქართველ ისტორიკოსებს აკადემიური წრეებიდან – პროფესორებს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ასევე, ისტორიის პედაგოგთა ასოციაციის წევრებსა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
საგნობრივ ექსპერტებს, რომლებმაც 2022 წლის
იანვარში დაასრულეს მუშაობა ისტორიის სტანდარტების რევიზიის მიმართულებით. სამუშაო პროცესში ჯგუფის წევრებმა სხვადასხვა ინიციატივა განიხილეს და არაერთ სადისკუსიო საკითხზე იმსჯელეს.

ქართველ ისტორიკოსთა ერთობლივი მუშაობის შედეგად, მიღებულ იქნა ისტორიის განახლებული სტანდარტი, რომლის თანახმად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში "საქართველოს ისტორია" და "ისტორია" ცალ-ცალკე საგნად გაიწერა. საგნის "საქართველოს ისტორია" სწავლებისას აქცენტი გაკეთდება ქართული ისტორიოგრაფიისთვის აქტუალური პრობლემების კვლევაზე და მათ სიღრმისეულ გააზრებაზე. "ისტორიის" საგნის სწავლება კი მთავარ მიზნად ისახავს მსოფლიო ისტორიული მოვლენების/პროცესების შესწავლასა და მათთან საქართველოს ისტორიის საკითხების დაკავშირებას.
სხვა საგნების მსგავსად, ისტორიის სტანდარტიც სრულად ეფუძნება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ერთიან კონცეფციას. აქცენტი კეთდება ისეთ მიდგომებზე, როგორებიცაა: კონსტრუქტივიზმის პრინციპები, ცნებების პედაგოგიკა და დიფერენცირებული სწავლება.
გრიფირების პროცესი უკვე დაწყებულია და გრიფირებისთვის წარმოდგენილია 5 სხვადასხვა გამომცემლობის სახელმძღვანელო - საგანში "საქართველოს ისტორია".
შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული რეცენზენტების ჯგუფის მიერ მიმდინარეობს სახელმძღვანელოების შეფასების პროცესი, რომელიც ივლისის ბოლომდე დასრულდება.
შემფასებელთა ჯგუფში შედიან: პრაქტიკული გამოცდილების მქონე მასწავლებლები, დარგის მეცნიერები, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი, ფსიქოლოგები, ფილოლოგები და ასევე სპეციალისტი, რომელიც სახელმძღვანელოს აფასებს სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობის კუთხით.
2022-23 სასწავლო წლიდან X კლასის მოსწავლეებს "საქართველოს ისტორიის" ახალი სახელმძღვანელო ექნებათ." - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოცემული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ადამიანებს გაუჩნდათ შეკითხვა, ეს საგნები ცალ-ცალკე ისწავლება, თუ ცვლილება სახელმძღვანელოების გადახედვას ითვალისწინებს. ამისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავუკავშირდით:

"აქამდე იყო საგანი "ისტორია", რომელშიც შედიოდა მსოფლიოს ისტორიაც და საქართველოს ისტორიაც. ახლა გაიმიჯნა და დამოუკიდებელ საგნებად იქნება - "ისტორია" ცალკე, "საქართველოს ისტორია" კი ცალკე. მე-10 კლასში ორივე საგანს ისწავლიან ბავშვები. ერთი მსოფლიო ისტორიის კონტექსტია, მეორე უშუალოდ საქართველოს ისტორია. მე-11 და მე-12 კლასებს ეს არ ეხება, რადგანაც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ჯერჯერობით მე-10 კლასში ინერგება. მე-11-მე-12 კლასებში ისევ ძველი გეგმით ისწავლიან, თუმცა სამომავლოდ აქაც იგივე პრინციპი გაგრძელდება. მე-10 კლასში კი აღნიშნული საგნებისთვის 2-2 საათი იქნება გამოყოფილი." - გვითხრეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

ჯერჯერობით, რა შეიცვლება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ისტორიის ჩაბარების მიმართულებით, სამინისტროში პასუხი არ აქვთ და სიახლეების შემთხვევაში, იფნორმაცია გამოქვეყნდება.

თამარ იაკობაშვილი


2003
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
მარიამი
0
სკოლაში უნდა ისწავლებოდეს რელიგია
16:32 / 11-08-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები