საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება. ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის, რა ფორმით განახლდება და ექნებათ თუ არა მშობლებს ონლაინსწავლების არჩევის უფლება, თუმცა არის გარკვეული სიახლეები, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დაგხვდებათ.
"ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლის უფლება ექნებათ 5 წლის ბავშვებს, კონკრეტულად კი მათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ. დღემდე, იმ ბავშვებს შეეძლოთ პირველ კლასში შესვლა, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრამდე უსრულდებოდათ.
გარდა ამისა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან და ეს სიახლეც 2022-2023 სასწავლო წლის სექტემბრიდან ამოქმედდება.
2022-2023 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად სკოლებში ექიმის საათის დანერგვა იწყება და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ ძალიან საჭირო ინფორმაციას მიიღებენ. სამედიცინო თვალსაზრისით, ბავშვებთან ურთიერთობის გარდა, სკოლის ექიმს საგანმანათლებლო საკითხების განხილვაც დაევალება. საგანმანათლებლო თემებში შედის ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ჰიგიენა, კვება, ფიზიკური აქტივობა, გენდერული სტერეოტიპები, თანასწორობა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, როგორებიცაა, უცხო ადამიანებთან ურთიერთობა, დაკარგვის შემთხვევაში ქცევის წესები, როგორ ამოიცნოს ემოციები და თავისი სახელი დაარქვას, რას ჰქვია საფრთხის შემცველი შეხება და ასე შემდეგ. 2023 წლიდან ექიმის საათი ყველა სკოლაში სავალდებულო იქნება. სექტემბრიდან იცვლება მე-10 კლასის ყველა სახელმძღვანელო და მოსწავლეები განახლებული წიგნებით შეძლებენ კონკრეტული საკითხების გავლას.
გარდა ამისა, 2022-2023 სასწავლო წლიდან X კლასის მოსწავლეებს "საქართველოს ისტორიას" ცალკე საგნად ისწავლიან. ექნებათ ახალი სახელმძღვანელოც. აქამდე იყო საგანი "ისტორია", რომელშიც შედიოდა მსოფლიოს ისტორიაც და საქართველოს ისტორიაც. ახლა გაიმიჯნა და დამოუკიდებელ საგნებად იქნება - "ისტორია" ცალკე, "საქართველოს ისტორია" კი ცალკე.
აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლებში IV-IX კლასის მოსწავლეებისთვის მასწავლებლებს დიაგნოსტიკური შეფასება უნდა გაემოეყენებინათ და ეს ყველა საჯარო სკოლისთვის სავალდებულო უნდა ყოფილიყო. დიაგნოსტიკური შეფასება უნდა განხორციელებულიყო ყველა საგანში, გარდა მეორე უცხოური ენისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა. თუმცა, 2021-2022 სასწავლო წლის ბოლომდე სკოლებში აღნიშნული ინიციატივა ვერ განხორციელდა და შესაძლოა, მოსწავლეებს 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში მოუწიოთ შეფასების მიღება. ჯერჯერობით, სამინისტროში ვადებთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ. თამარ იაკობაშვილი