კარგად დაფიქრდით, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის რომ ბავშვს კარგად ესწავლა? უტვინო ბავშვი არ არსებობსო, ამბობენ და მართალიც არის. ყველაზე ცუდმა მოსწავლემაც კი შეიძლება მიხვედრილობითა და სხარტი აზროვნებით გაგაკვირვოთ, ოღონდ ყოფით საკითხებში. რატომ ვერ ავლენენ იგივე მიხვედრილობას სკოლაში, ან რა არის დაბალი მოსწრების ყველაზე გავრცელებული მიზეზები?
1. ზედმეტი დამოუკიდებლობა
კარგად დაფიქრდით, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ბავშვს კარგად ესწავლა? მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვს იმდენი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, თავად იზრუნოს სასკოლო დავალებებზე. ამიტომ ხშირად თვითდინებაზე აქვთ მიშვებული ბავშვის სწავლის პროცესი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბავშვი ჯერ მზად არ არის დამოუკიდებლობისთვის და სწავლაშიც დახმარება სჭირდება. კლასში 20-ზე მეტი მოსწავლეა. ბავშვს ყოველთვის როდი ესმის, რას ამბობს მასწავლებელი, შეუძლებელია, მთელი გაკვეთილი გონებამოკრებილი იჯდეს და სრული ყურადღებით უსმენდეს მასწავლებელს. ამიტომ ნამდვილად ღირს, რომ მეცადინეობისას ბავშვს გვერდით დაუჯდეთ. დამატებითი განმარტება მიაწოდეთ ან ნასწავლი მასალა განამტკიცებინეთ. სამწუხაროდ, ყველა მშობელს არ აქვს ამის საშუალება - სამსახური, უმცროსი შვილები, საოჯახო საქმეები...
2. ოჯახური გარემო
კონფლიქტური სიტუაციები ცუდად სწავლის ხშირი მიზეზია. ამ დროს ბავშვი შეშინებული და დათრგუნულია. ზოგჯერ უბრალოდ, ოჯახში შესაფერისი გარემო არ არის - ხშირი სტუმრიანობა და არეულობაა ან ბავშვისთვის ვერ იცლიან, ან ფიქრობენ, რომ ბავშვი თავად მიხედავს გაკვეთილებს.
3. ადაპტაცია
სკოლას ფსიქოლოგიური ადაპტაციაც სჭირდება და ფიზიკურიც. საბავშვო ბაღის ან ოჯახური სიტუაციის მერე ძალიან უჭირს სკოლის რეჟიმთან შეგუება. ეცადეთ, ხშირად ესაუბროთ, შეაგუოთ იმ აზრს, რომ სწავლა აუცილებელი მოვალეობაა. ასევე იზრუნეთ, რომ სრულფასოვნად ეძინოს. მიაწოდეთ ვიტამინები.
4. ზედმეტი მოთხოვნები
ბევრ მშობელს შვილთან მიმართებაში ზედმეტი პრეტენზიები აქვს, ბავშვზე დიდ იმედებს ამყარებს, რომელიც შესაძლოა, ბავშვისთვის შეუფერებელი იყოს. გახსოვდეთ, თქვენს ამბიციებთან ბავშვს საერთო არაფერი აქვს, ნუ აურევთ მათ ერთმანეთში. ამ გაუმართლებელი იმედების ფონზე ბავშვს თავი ხელმოცარული, უნიჭო და უვარგისი ჰგონია. თითქოს მშობლების სიყვარულის ღირსიც არ იყოს. ასეთი განწყობით კი იმაზე ცუდად ისწავლის, ვიდრე ბუნებრივი ნიჭი აძლევს საშუალებას.
5. ბავშვი ინტელექტუალურად მოუმზადებელია
არც ისე ცოტაა მშობელი, რომელიც იმის ნაცვლად, რომ ბავშვი სკოლაში მისვლამდე გარკვეული ინტელექტუალური გასართობით - წიგნებით ან ჟურნალებით დააინტერესოს, მულტფილმებითა და კომპიუტერული თამაშებით "კვებავს" მის ტვინს. ამიტომ სკოლაში მისულ პატარას ინტელექტუალური შრომის ჩვევა არა აქვს და ერთბაშად მისი გამომუშავებნა უჭირს.
ინტელექტუალურ შრომას პატარაობიდანვე უნდა შეეჩვიოს. დღეში 10-15 წუთი საჭიროა, რომ მისი ასაკის შესაფერის სახალისო დავალებების შესრულებას დაუთმოს. ამაში ყველაზე კარგად დაეხმარება საბავშვო ჟურნალები, რომლებიც არაერთ ლოგიკურ თამაშსა და თავსატეხს სთავაზობენ ბავშვებს. იმავდოულად, ძალიან ეხმარებიან მას სასწავლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
ჩამოთვლილი ფაქტორები სკოლაში ცუდი მოსწრების ძირითადი და ყველაზე გავრცელებული მიზეზებია. რა თქმა უნდა, არსებობს კიდევ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ფსიქიკური პრობლემები, რომლებსაც სულ სხვა მიდგომა და გადაწყვეტა სჭირდება.
რაც შეეხება სიზარმაცეს, ამის მიღმაც, როგორც წესი, სულ სხვა პრობლემები იმალება.