ბევრი მშობელი აუცილებელ მოვალეობად თვლის ბავშვთან ერთად გაკვეთილების მომზადებას. სწორია თუ არა ეს? აღმოჩნდა, რომ ეს პრაქტიკა ხშირად აზიანებს მოსწავლის ინტერესებს.
ბევრი მშობელი ყოველმხრივ ჩართულია შვილის მეცადინეობაში. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს კარგი ნიშნები ჰქონდეს, ამის გამო საშინაო დავალება ოჯახის ყოველდღიურ ტვირთად იქცევა ხოლმე. როცა მშობლები ვეღარ უმკლავდებიან პროგრამის სირთულეს, რეპეტიტირებს ქირაობენ. საბოლოოდ კი ბავშვს სრულიად უქრება დავალებებთან დამოუკიდებლად გამკლავების უნარი. ეს დათვური სამსახური კი საბოლოოდ უმწეო მდგომარეობაში აყენებს მას.
საშინაო დავალების რეალური სტრატეგიული მიზანია, ასწავლოს ბავშვს დამოუკიდებლად მუშაობა.
სკოლაში მიღებული ცოდნა არ იძლევა კარგი ხელფასისა და კომფორტული ცხოვრების გარანტიას. თვითორგანიზების უნარები, დამოუკიდებლობა, შემეცნების უნარის და კარგი ჩვევები - სწორედ ეს განსაზღვრავს ბავშვის ბედს.
ბავშვმა საშინაო დავალება უნდა შეასრულოს დამოუკიდებლად, მშობლებისა და რეპეტიტორების გარეშე. ამ ყველაფრის ბავშვის ნაცვლად გაკეთება არაჯანსაღ სიტუაციას წარმოშობს.
წარმოიდგინეთ: საშინაო დავალება განკუთვნილია მხოლოდ ერთი დღისთვის, მაგრამ რაც შეეხება რთულ და გრძელვადიან პროექტებს, შემაჯამებლებს? დავალებებიც რთულდება და მეტია პასუხისმგებლობის ტვირთიც. მუდამ გვერდით ვერ ეყოლებით. თქვენი, როგორც მშობლის პასუხისმგებლობაა, ასწავლოთ შვილს საშინაო დავალებასთან, სირთულესთან, ამოცანასთან დამოუკიდებლად გამკლავება. ეს არის ყველაზე სასარგებლო დახმარება, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ იმის ნაცვლად, რომ ყოველდღე სამეცადინოდ დაუჯდეთ.
რატომ ვერ ასრულებს ბავშვი საშინაო დავალებას დამოუკიდებლად?
მას არ შეუძლია
- რადგან არ ესმის მასალა (შეიძლება იყოს ხარვეზები განვლილ მასალებში, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას);
- ძირითადი გონებრივი პროცესები (მეხსიერება, ყურადღება, ლოგიკა) განუვითარებელია. ბავშვს არ შეუძლია გაკვეთილზე ყურადღების გამახვილება, საგნებზე ფაქტობრივი ინფორმაციის გახსენება და ამ სისწრაფითა და სირთულით გაგება. თუ ამ უნარების პრობლემაა, სპეციალისტი უნდა დაიხმაროთ.
მას შეუძლია, მაგრამ არ სურსყურადღება მიაქციეთ თქვენი შვილის მოტივაციას. შეგიძლიათ მასთან წერილობითი ხელშეკრულება გააფორმოთ, რომლის მიხედვითაც მოითხოვთ ბავშვისგან ვალდებულებების შესრულებას და, თქვენი მხრივ, მზად ხართ შეასრულოთ თქვენი. მაგალითად, გსურთ, რომ თქვენმა შვილმა გამოასწოროს ყველა ცუდი შეფასება სემესტრის ბოლომდე. თუ ასე მოიქცევა, საჩუქარს მიიღებს (ჰკითხეთ, რა უნდა რეალურად).
პრობლემები მასწავლებელთან
ბავშვებს ესმით მასალა, მაგრამ აქვთ ბარიერი მასწავლებელთან. მაგალითად, ვერ გაიგეს ამოცანის პირობა, მაგრამ ერიდებათ, რომ კითხვა დაუსვან მასწავლებელს.
3 მთავარი პრობლემა საშინაო დავალების შესრულებისას
1. ბავშვი ასრულებს ყველა დავალებას, მაგრამ ბევრ შეცდომას უშვებს.ასწავლეთ მას თვითშემოწმება. მიეცით საშუალება თავად აღმოაჩინოს და გამოასწოროს შეცდომები.
2. ბავშვი ძალიან ნელა ასრულებს დავალებებს და გონება ეფანტება.
ბევრ ბავშვს აქვს დროის განაწილების პრობლემა. მოდის სკოლიდან, ერთობა, დრო გადის, დავალებების შესრულება კი არც ახსენდება. ასწავლეთ თქვენს შვილებს დაგეგმონ და თვალყური ადევნონ დროს. და თუ, მაგალითად, ის მოასწრებს საღამოს 6 საათამდე მეცადინეობას, ერთად უყურეთ ფილმს ან დაგეგმეთ რაიმე სახალისო აქტივობა.
3. ბავშვი ხელს არ ჰკიდებს სამეცადინოს მშობლების ან რეპეტიტორის გარეშეეს ყველაზე ცუდი ვარიანტია და სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ვითარება. თუ ბავშვი მიჩვეულია, რომ ყველა დავალება მშობელთან ან რეპეტიტორთან ერთად უნდა შეასრულოს, ის გაკვეთილზე არ ეცდება რაიმეს გაგებას. არ იქნება ყურადღებით. გამოდის, რომ სკოლაში დროს ტყუილად კარგავს.
როგორ გავუჩინოთ ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობა?
თუ ბავშვი ყოველმხრივ გაიძულებთ, მასთან ერთად შეასრულოთ „საშინაო დავალება“, აუცილებლად იზრუნეთ, რომ მასში დამოუკიდებლობის უნარი თანდათან განავითაროთ. პირველ ეტაპზე ნაწილი დავალებისა ერთად შეასრულეთ, ნაწილი კი დამოუკიდებლად გააკეთოს. დაე, თავად დაწეროს პასუხები. შემდეგ სთხოვეთ, შეამოწმოს მათი სისწორე.
დიახ, თავიდან მოგიწევთ ბავშვთან ერთად ჯდომა, მისი მეგზურობა და კითხვებზე პასუხის გაცემა. მაგრამ თანდათანობით, შეამცირეთ კონტროლი.
ასწავლეთ თქვენს შვილს, შეაგროვოს გაუგებარი საკითხები და შესამოწმებლად ბოლოს მოგიტანოთ დავალება და არა ყოველ 10 წუთში.
თქვენი ამოცანაა, რომ ბავშვმა საშინაო დავალება თავიდან ბოლომდე შეასრულოს: ჩაიწეროს გაუგებარი საკითხები და კითხვები დაუსვას მასწავლებელს და არა მშობლებს. თუ ამ ალგორითმს სწორად გაივლით, შვილთან ერთად საშინაო დავალების შესრულების პრაქტიკა თანდათან დავიწყებას მიეცემა. პირველკლასელიც კი (თუ სწორად ასწავლეს) მშობლებს თავის ამოცანებში არ ჩაერთავს.
როგორ დავგეგმოთ საშინაო დავალება
ბავშვები დავალებებს ხშირად ქაოტურად ასრულებენ და ამიტომ გვიანობამდე უგრძელდებათ მეცადინეობა. არსებობს რამდენიმე წესი, რომელთა დაცვით შეგიძლიათ გადაანაწილოთ ძალისხმევა და მნიშვნელოვნად გააიოლოთ საშინაო დავალებაზე მუშაობის პროცესი. მაგალითად, ჯერ სრულდება ზეპირი დავალებები, შემდეგ კი წერითი. ბევრს ურჩევნია ჯერ რთული ამოცანები დაასრულოს, მაგრამ ეს არასწორია. ასე ბავშვი უფრო დაიღლება და საერთოდ არ დარჩება დრო ადვილი დავალებებისთვის. მარტივი მაგალითებითა და სავარჯიშოებით დაწყება საშუალებას მისცემს თანდათან „გახურდეს“ და უფრო წარმატებით გაართვას თავი რთულ ამოცანებს.
უმჯობესია დავალება იმ დღეს შეასრულოს, როცა ეს გაკვეთილი ჩატარდა. რადგან გაკვეთილზე მიღებული ინფორმაცია ჯერაც მის გონებაშია. თუ ბავშვს დღეს ბიოლოგია ჰქონდა, დაავალეთ დღესვე შეასრულოს ბიოლოგიის დავალება და გაიმეოროს ხვალინდელი დავალებებიც. ეს ფორმატი საგრძნობლად გაუადვილებს მას მეცადინეობის პროცესს.