პრევენცია ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოს ნარკომანია ყოველთვის იყო ახალგაზრდების სენი. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკებია პოპულარული. როგორ, რა მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ ნარკოტიკებს, როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია მოზარდებს ისე, რომ მის მიმართ ინტერესი უფრო არ გავუჩინოთ? ვინ უნდა ესაუბროს მათ ამ მავნე სენზე და სად, - შინ თუ სკოლაში? ამ რთულ კითხვებზე სპეციალიტებს პასუხის გაცემა უჭირთ, თუმცა, იმაზე თანხმდებიან, რომ პრევენცია ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოს.
ლიკა მეექვსე კლასის მოსწავლეა. მას და მის თანატოლებს გასულ კვირას სკოლაში გაკვეთილზე ნარკოტიკის, ალკოჰოლისა და სიგარეტის მავნებლობაზე მასწავლებელი ესაუბრა. VI კლასის ბუნების სახელმძღვანელოში (სახელმძღვანელოს ავტორები არიან მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი და დავით კერესელიძე) ერთ-ერთი თავი - "ალკოჰოლი და ნარკოტიკებია" (სახელმძღვანელო განათლების სამინისტროს მიერაა გრიფირებული). თემამ მოზარდებში დიდი ინტერესი გამოიწვია, გაკვეთილზე ის ბავშვებიც კი აქტიურობდნენ, ვისთვისაც სწავლა მეორეხარისხოვანია. გაკვეთილისთვის განკუთვნილი 45 წუთი საკმარისი არ აღმოჩნდა და ყველა საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას ცდილობდა.
ფაქტი სახეზეა, ეს თემები მოზარდებს აინტერესებთ, მშობლები კი ამ ფაქტს აპროტესტებენ. მათი თქმით, 11 წლის მოზარდებისთვის ნარკოტის, ალკოჰოლისა და სიგარეტის მავნებლობაზე საუბარი ნაადრევია.
ეკა, მშობელი:
- მიმაჩნია, რომ ამ თემებზე ლაპარაკი VI კლასის მოსწავლეებისთვის ნაადრევია. მათ ჯერ ჩამოუყალიბებელი ფსიქიკა აქვთ. ნარკოტიკების მავნებლობაზე საუბარი სკოლიდანვე უნდა დაიწყოს, მაგრამ არა - ამ ასაკში და არა - ამ ფორმით.
დავინტერესდით, უნდა საუბროდნენ თუ არა სკოლაში ნარკოტიკის, ალკოჰოლის მავნებლობაზე. სწორად არის შერჩეული თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოზარდების ასაკი (საუბარია 11-12 წლის მოზარდებზე), როგორია სპეციალისტისა და ფსიქოლოგის მოსაზრება აღნიშნულ საკითხზე?
თამარ სირბილაძე, საზოგადოებრივი გაერთიანება "ბემონის" ნარკოლოგი:
- პრევენციული განათლების პროგრამა წარმოადგენს სპეციფიკური და არასპეციფიკური მეთოდების ერთობლიობას. სპეციფიკური მეთოდები: ფსიქოაქტიური ნივთიერებების ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედებისა და მოხმარების შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ნარკოტიკების მოხმარების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ფორმირება.
2. არასპეციფიკური მეთოდები: ბავშვების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, ადეკვატური თვითშეფასების, გადაწყვეტილების მიღების, უარის თქმის, კონფლიქტების მოგვარების უნარების ფორმირება, საკუთარ ქცევებზე პასუხისმგებლობის აღების უნარის გამომუშავება, ბავშვის სოციალური კომპეტენციის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. სახელმძღვანელოთი მიწოდებული ინფორმაცია მიეკუთვნება პრევენციული განთლების სპეციფიკურ მეთოდებს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და მათი მოხმარების შედეგების შესახებ, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ მათი ასაკის შესაბამისი ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, სახელმძღვანელოში მოწოდებული ინფორმაცია, მთლად ასაკის შესაბამისი არ უნდა იყოს. ალკოჰოლზე საუბარი ამ ასაკში საჭირო და აუცილებელია, ხოლო რაც შეეხება ნარკოტიკებს, ბავშვებს ზოგადი ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ. ასევე, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რა მიზანს ისახავს სახელმძღვანელოში მოწოდებული ანკეტა, რომლითაც ბაშვების გამოკითხვა ხდება.
დაახლოებით ორი წლის წინ, როდესაც სკოლებისთვის ბიოლოგიის სახელმძღვანელო იქმნებოდა, განათლების სამინისტროს თხოვნით, ამ სახელმძღვანელოების ავტორებს შევხვდით, ჩვენი მოსაზრებები გავაცანით და ვთხოვეთ, რომ თუ სპეციალისტის დახმარება დასჭირდბოდათ, დაგვკავშირებოდნენ. სამწუხაროდ, არავის მოუმართავს ჩვენთვის.
- საინტერესოა სპეციალისტების მოსაზრება, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს პრევენციისთვის?