როდესაც 5 წლის ბავშვი შედის სკოლაში და 17 წლისა ამთავრებს, ის მზად არაა პროფესიის ასარჩევად განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლაში ბავშვს არ მიიღებენ, თუ ის სრულყოფილად 6 წლის არ იქნება. ამ კანონის ძალაში შესვლამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მშობლები შეწუხებულები არიან და ამბობენ, რომ ბავშვები ამით ერთ წელს კარგავენ, 12-წლიანი სწავლების გამო კი საკმაოდ დიდებს, 18-19 წლისებს ისევ მერხებთან მოუწევთ ჯდომა და ა.შ. მიუხედავად ასეთი გამოხმაურებისა, გადაწყვეტილების გადახედვა არ იგეგმება.
ამ თემაზე ინტერვიუს ჩასაწერად განათლების სამინისტორს დავუკავშრიდით, რომელმაც მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილესთან, ფსიქოლოგ ლევან ზარდალიშვილთან გადაგვამისამართა. სწორედ მან განგვიმარტა კანონის მიღების საფუძვლები.
- გადაწყვეტილება სკოლაში მისაღები ბავშვების ასაკთან დაკავშირებით უცბად მიღებული არ გახლავთ. 5 წლის ბავშვების სკოლაში შეყვანა არ იყო სწორი, რადგან ამ ასაკში ბავშვი არც ფიზიოლოგიურად, არც ფსიქოლოგიურად მზად არ არის ამისთვის.
- ეს გასაგებია, მაგრამ 30 აგვისტოს დაბადებული ბავშვი რატომაა მზად სკოლისთვის და რატომ არ შეიძლება, პირველ ოქტომბერს დაბადებული ბავშვი შევიდეს სკოლაში. ეს ერთი თვე რას წყვეტს?
- მოგახსენებთ. ჩვენი აზრით, ბავშვის სკოლაში მისაყვანად 6 წელი ქვედა დასაშვები ზღვარია. სინამდვილეში ბავშვი სასკოლოდ 7 წლისკენაა მზად. როდესაც 5 წლის ბავშვი შედის სკოლაში და 17 წლისა ამთავრებს, ის მზად არაა პროფესიის ასარჩევად, თავი რომ დავანებოთ იმ ფაქტორებს, რომ 5 წლის ბავშვის ხერხემალი, მოტორიკა, ემოციური ფონი, თავად ბავშვი არაა მზად სკოლისთვის. ხშირად მშობლებს ჰგონიათ, ბავშვმა თუ ლექსების კითხვა და ანგარიში იცის, მზადაა სკოლაში მისაყვანად, რაც არაა სწორი. ნებისმიერი პროფესორი და ლექტორი გეტყვით, რომ 17 წლის ბავშვები, რომლებიც უმაღლესში ინაცვლებენ სასწავლებლად, ისე იქცევიან, როგორც სკოლის მოსწავლეები. ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლის დამთავრების ზედა ზღვარი, 17 წელიც კი არ შეესაბამება უმაღლესში ჩაბარების დროს. რეალურად 19-20 წლის ასაკშია ბავშვი მზად უმაღლესისთვის და პროფესიის სწორად არჩევისთვის. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ მთავარი ამოსავალი წერტილი ბავშვის ჯანმრთელობაა. მშობლებს შუეძლიათ, გამოკითხონ დაწყებითი კლასის პედაგოგები, რომელთაც კლასში ჰყავდათ 5 წლის მოსწავლეები, კალთაში უზით და უწევთ ისე მოექცნენ, როგორც საბავშვო ბაღის მასწავლებლები ექცევიან.
მე გითხარით, რომ 6 წლის ბავშვის შეყვანაც არ მიმაჩნია გამართლებულად, ეს მინიმალური დასაშვები ზღვარია, რადგან 7 წლის ბავშვია მზად სკოლისთვის. კანონი აწესებს შეზღუდვებს და მისი მოქმედება უნდა დაიწყოს. ვთქვათ, კანონის თანახმად, 30 სექტემბრამდე დაბადებული ბავშვების მიღება ყოფილიყო შესაძლებელი, მერე იტყოდნენ, რა ქნას 5 ოქტომბერს დაბადებულმა ბავშვმა და ასე შემდეგ უსასრულოდ. როცა უმაღლესში აბარებ, ნახევარი ქულა რომ დაგაკლდეს, ვერ მოხვდები, მაგრამ იმ აბიტურიენტს და თქვენ შორის, რომელმაც თქვენზე ნახევარი ქულით მეტი აიღო, შეიძლება განსხვავება სულ არ იყოს, თუმცა ის მოხვდება და თქვენ ვერა, აქედან გამომდინარე, კანონი იწყება სადღაც და მოქმედებს იმის იქით. ამ თემასთან დაკავშირებული ის არგუმენტი, რომ ბავშვები ერთ წელს კარგავენ, არაა სწორი, კი არ კარგავენ, არამედ იძენენ თამაშის და ლაღი ცხოვრების ერთ წელს. ყველაფერს ორი მხარე აქვს.
- იქიდან გამომდინარე, რომ 6 წლის შევა ბავშვი სკოლაში და 18-19 წლის ისევ მერხთან უნდა იჯდეს, ხომ არ იგეგმება მე-12 კლასის გაუქმება?
- არა, მე არაფერი ვიცი ამის შესახებ. ჩემმა შვილმა ჩეხეთში დაამთავრა სკოლა, 12 წელი ისწავლა და 19 წლისამ დაამთავრა, ჩააბარა უმაღლესში და მაინც შეცდა, ერთხელ გამოიტანა საბუთები და თავიდან ჩაბარა. 12-წლიანი სწავლება სკოლებში საერთაშორისო სტანდარტია, ჩვენც ჩართულები ვართ ამ სტანდარტებში, აქედან გამომდინარე, არ იგეგმება მე-12 კლასის გაუქმება.
- გაჩნდა მოსაზრება, რომ ბავშვებს, რომელთაც რამდენიმე თვე აკლიათ 6 წლამდე, გასაუბრებოდა ფსიქოლოგი და ამის მიხედვით გადაწყვეტილიყო, მზადაა ის სკოლაში შესასვლელად თუ არა.. მოკლებულია რეალობას ეს აზრი?
- ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის, ყოველ შემთხვევაში მე ამის შესახებ არაფერი ვიცი და კიდევაც რომ დაიშვას ასეთი ფაქტი, პირადად მე, როგორც ფსიქოლოგი, წინააღმდეგი ვიქნები, იმიტომ, რომ არ არსებობს ამის ობიექტური კრიტერიუმები, არც მეგულება ადამიანი, ვინც შეძლებს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას იმის შესახებ, რომ ერთი ბავშვი მზადაა სკოლისთვის და მეორე - არა. როგორც გითხარით, მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს ამ საკითხს და არაა მთავარი ის, რომ ბავშვმა ლექსები და ანგარიში იცის.
- რადგან ბავშვები ერთი წლით გვიან მივლენ სკოლაში, შესაბამისად ერთი წლით მეტი დრო უნდა გაატარონ საბავშვო ბაღში, თუ არსებობს ბაღისთვის განკუთვნილი რაიმე საგანმანათლებლო პროგრამა იმ დამატებითი ერთი წლისთვის?
- კი, არსებობს. როცა კანონი ბავშვების სკოლაში შესვლასთან დაკავშირებით მიიღეს, გააკეთეს საპილოტე პროგრამა ბაღებისთვის, პილოტირება უკვე გავლილია, შევთავაზებთ მერიას, რომ დანერგოს საბავშვო ბაღებში.
- და როდიდან დაინერგება, შემდეგი სასწავლო წლიდან?
- მაგას მე ვერ გეტყვით, რადგან ეს მერიის პრეროგატივაა. ჩვენ გვევალებოდა მომზადება და გადაცემა, ახლა უკვე ჯერი მერიაზეა და კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ.
- როგორ ფიქრობთ, ბავშვები, რომლებიც 6 წლის ასაკში შევლენ სკოლაში და შესაბამისად 18-19 წლისები დაამთავრებენ, უფრო სწორად აირჩევენ პროფესიას?
- ის ორი წელი ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია. 19-20 წლის ახალგაზრდა ბევრად უფრო მომზადებულია იმისთვის, რომ აირჩიოს მომავალი პროფესია, ვიდრე 17 წლის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვია.
- ანუ ამ ცვლილების ძირითადი მიზანი ესაა, ხომ?
- არა. პირველი ძირითადი მიზანი ბავშვის ჯანმრთელობაა, იმიტომ, რომ 5 წელი ადრეა სასკოლოდ, ჩემი აზრით, ექვსიც კი, რადგან ამ ასაკში სკოლაში მიყვანა ბავშვის ჯანმრთელობას, სამყაროს აზიანებს. აქედან გამომდინარე, ბავშვი იმ ასაკში დაამთავრებს სწავლას, როცა უკვე მზად იქნება პროფესიის ასარჩევად და შეგნებულად გააკეთებს არჩევანს, თუ, რა თქმა უნდა, მშობლები ხელს არ შეუშლიან.
ციცი ომანიძე