მშობელს არ უნდა შეეძლოს, თავად განსაზღვროს, რა ასაკში მიიყვანს ბავშვს სკოლაში განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები მშობელთა განხილვის აქტიური საგანია. როდის არის მზად ბავშვი სკოლაში წასასვლელად, ამ კითხვაზე განსხვავებული პასუხები არსებობს. ამ შეკითხვით მშობლებს მივმართეთ, მათი აზრით, ოპტიმალური ასაკი 6 წელია. ისინი წუხან, რომ ახალი რეფორმით, თუ სექტემბრის შემდეგ დაბადებული ბავშვი შევა სკოლაში და მალევე გახდება 7-ის, ის სკოლას 19 წლისა დაამთავრებს. გარდა ამისა, აქვთ ინიციატივა, იანრვამდე დაბადებულებზე მაინც იყოს გარკვეული შეღავათები. ამ საკითზე ჩვენთან საუბარში თავისი აზრი დააფიქსირა ფილოლოგიის დოქტორმა და გამოცდილმა პედაგოგმა გია მურღულიამ:
- ჩემი აზრით, ოპტიმალური ასაკია ექვსი წელი. ამ დროს ბავშვის ფსიქიკური შესაძლებლობები და მოტორიკა სათანადოდ არის მორგებული სასწავლო პროცესს. ასაკობრივი ფსიქოლოგიის სპეციალისტებმა უნდა განსაზღვრონ, არის თუ არა მზად ბავშვი სკოლაში წასასვლელად. მე ვფიქრობ, რომ მშობელს არ უნდა შეეძლოს, თავად განსაზღვროს, რა ასაკში მიიყვანს ბავშვს სკოლაში. თორემ ამავე ლოგიკით მას შეეძლება განსაზღვროს, უნდა გაუკეთდეს თუ არა ბავშვს ბრმა ნაწლავის ან გლანდების ოპერაცია - ამის ცოდნა და შეფასების უნარი ბევრ მშობელს არ აქვს.
სწავლების ოპტიმალური ვადა ახლა 12 წელიწადია. მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები ადასტურებენ, რომ თანამედროვე ვითარებაში ზოგადი განათლების მოცულობა იმდენად გაიზარდა, 11 წელიწადში მისი სრული და სრულფასოვანი ათვისება ვერ მოხერხდება. დადებითი მხარე მიზანთან შესაბამისობაა. სწავლების ეფექტურობა არ არის პირდაპირ კორელაციაში მხოლოდ დროსთან. თუ კარგად გააზრებული და ორგანიზებული არ არის, არც 12-წლიანი სწავლება ვარგა და არც 11-წლიანი.
უარყოფითი მხარე შესაძლოა ის იყოს, რომ არასათანადო ახსნის შემთხვევაში ადამიანებს არაადეკვატური ფსიქოლოგიური განწყობა ექმნებათ. ისინი ფიქრობენ, რომ დროს კარგავენ ბოლო წელიწადს, რომელსაც, დიდწილად, აბიტურის დატვირთვა აქვს (ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა დამამთავრებელი კლასის მეორე სემესტრში).
ჩემი აზრით, სკოლაში უნდა მიიღონ ბავშვები, რომლებსაც ახალ წლამდე უსრულდებათ 6 წელი. ყველა სხვა გადაწყვეტა საკითხის ფორმალური პროფანაციის შესაძლებლობას იძლევა.
ესაუბრა სალომე გორგოშიძე