ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო პოპულარული გახდა კერძო სკოლაში ბავშვის მიყვანა შვილისთვის სკოლის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პერიოდია მშობლისთვის, რომელიც რთული არჩევანის წინაშე დგება. ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო პოპულარული გახდა კერძო სკოლაში ბავშვის მიყვანა. ამის მიზეზად ხშირად მშობლები კერძო სკოლებში არსებულ უსაფრთხოების მაღალ დონეს, სწავლების განსხვავებულ მეთოდს, კლასში მოსწავლეების მცირე რაოდენობასა და სხვა ფაქტორებს ასახელებენ. თუმცა, საქართველოში კერძო სკოლებში სწავლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. BPN.GE შეეცადა გაერკვია, რას სთავაზობენ ძვირადღირებული სკოლები მშობლებს და მათ შვილებს მაღალი გადასახადის სანაცვლოდ. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ლარის გაუფასურებისა, ჩვენს მიერ გამოკითხულ არცერთ სკოლაში უახლოეს მომავალში სწავლის საფასურის გაზრდას არ გეგმავენ.
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში - აკადემიაში სწავლება მე-9 კლასიდან იწყება. წლიური გადასახადი 19 000 ლარია. როგორც აკადემიის საგარეო ურთიერთობის დეკანი, ია თოფურია აღნიშნავს, ღირებულება არ შეცვლილა ბოლო 4 წლის განმავლობაში. მოსწავლეების ტრანსპორტირება შეკრების სპეციალური ადგილებიდან ხდება და სწავლის საფასურის საერთო ღირებულებაში შედის. რაც შეეხება კვებას, მშობელმა კვებისთვის საჭირო თანხა ცალკე უნდა გამოყოს. მაგრამ როგორც აკადემიაში აღნიშნავენ, საშუალოდ, 5 ლარი მოსწავლისთვის ერთი დღის მანძილზე საკმარისია. სკოლაში მოსწავლეებს ფინანსური შეღავათებიც აქვთ. ამ ეტაპზე ფინანსურ შეღავათებს 70 მოსწავლე იღებს და საერთო ჯამში, ეს თანხა 450 000 ლარს შეადგენს. გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია ასევე გასცემს სტიპენდიებსა და სხვა სახის დაფინანსებებს. როგორც ია თოფურია აღნიშნავს, გასულ წელს სტუდენტებმა სტიპენდიებისა და დაფინანსების სახით 2 მილიონ 600 ათასი დოლარი მიიღეს.
ბრიტანულ-ქართული აკადემია - აკადემია როგორც სკოლამდელი განათლების ცენტრს, ასევე დაწყებით, საბაზო და საშუალო სკოლებს სთავაზობს მშობლებს. ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ქართული და ინგლისური სექტორია. ფასები კი შემდეგნაირად გამოიყურება: ქართული დეპარტამენტი: სკოლამდელი განათლების ცენტრი - 3200$ ექვივალენტი ლარში; I - VIII კლასი - 4200$ ექვივალენტი ლარში; IX - XII კლასი - 4700$ ექვივალენტი ლარში. ბრიტანულ დეპარტამენტში, სადაც მხოლოდ მოწვეული უცხოელი პედაგოგები ასწავლიან, სწავლის ღირებულება 7 100 $ იდან - 10 400 $ მდე იწყება. სკოლა დედმამიშვილებს შეღავათებს უკეთებს და მათ გადასახადებს ინდივიდუალურად განიხილავს. როგორც აკადემიის მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი მაკა კევლიშვილი აღნიშნავს, სექტემბრიდან გადასახდში შევა დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის კვება, ტრანსპორტირება ყველა მოსწავლისთვის, ხოლო საშუალო და მაღალი კლასის მოსწავლეები სპეციალური საშეღავათო ბარათებით ისარგებლებენ კაფეტერიაში. გადასახადში შედის ასევე გახანგრძლივებული პროგრამები და ყველა სახის კულტურული თუ სპორტული აქტივობა. სექტემბრიდან სკოლა ადგილმდებარეობას იცვლის და მოსწავლეების მიღებას ლისის ტბის ტერიტორიაზე გააგრძელებს.
გაგრძელება