რატომ არის მშობლისთვის რთული აბიტურიენტის მომზადება - ცნობილი მშობლების კრიტიკული აზრები
რატომ არის მშობლისთვის რთული აბიტურიენტის მომზადება - ცნობილი მშობლების კრიტიკული აზრები
ჩვენს ქვეყანაში აბიტურიენტობა საკმაოდ ძვირად ფასობს, რადგან მოსწავლეების უმეტესობას, როგორი ტიპის სკოლაშიც არ უნდა დადიონენ, მაინც სჭირდება დამატებით მომზადება, რაც არც ისე იაფი "სიამოვნებაა". სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ ეკა ჩხეიძესა და ნანუკა ლითანიშვილს დავუკავშირდით.

ეკა ჩხეიძე: "განათლების დონე უფრო და უფრო დაბალა მიდის"
- ჩემმა შვილმა საქართველოში დააამთავრა ბიზნესადმინისტრირება კავკასიის ბიზნეს სკოლაში, მერე კი დაინტერესდა ხელოვნებით, ხატვით, დიზაინით, მამის კვალს გაჰყვა და ინტერიერის დიზაინზე სწავლობდა რომში, უკვე იქ სწავლაც დაასრულა, ყველაზე კარგ სტუდენტად დასახელდა. დასაქმების საკითხი როგორ იქნება, არ ვიცი,
რაც იქ ისწავლა, ჩვენს რეალობაში არ გამოიყენება, რადგან აქ სხვანაირი მეთოდები და მუშაობის სტილი აქვთ, იქ კი საკუთარიც ბევრი ჰყავთ დასასაქმებელი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ოჯახს რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გული არ დაწყვეტოდა რამეზე, რაც შეგვეძლო,ჩავდეთ მის განათლებაში, მერე რას იზამს, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გაუღიმებს იღბალი.

- საჯარო სკოლაში დადიოდა ინანო თუ კერძოში?
- თავიდან დადიოდა ნინო რამიშვილის სახელობის საავტორო სკოლაში. სიმართლე გითხრა, არ ვიცი, რა განსხვავებაა საჯარო და საავტორო სკოლას შორის, მაგრამ ასე ერქვა, გადასახადი არ იყო. 50 ბავშვი რომ ერთ კლასში ზის, ეგეთ სკოლაში არასდროს უსწავლია, თუნდაც იმიტომ, რომ სწავლა, კონტროლი კერძოში უფრო მეტი იყო. საავტორო სკოლის მიმართ ინანოს ძალიან დადებითი ემოციები აქვს,
მაგრამ შემდეგ გაიხსნა ბრიტანული სკოლა და იქ გადავიდა, რასაკვირველია, ბრიტანული სკოლა უფრო მაღალი დონის იყო, ახალი გახსნილი იყო და იაფიც გახლდათ.

- უმღლესში ჩაბარებამდე თუ დადიოდა ცალკე რეპეტიტორებთან?
- არა, ბრიტნაულმა სკოლამ მისცა იმდენი, რომ თავისით ჩააბარა კავკასიის ბიზნეს სკოლაში, იტალიაში წასვლამდე მხოლოდ ხატვაში სჭირდებოდა დახმარება, ჯერ მამამისთან გადიოდა რაღაც საკითხებს, შემდეგ ცოტა ხანს გუგა კოტეტიშვილთან იარა, რომ ტექნიკური დეტალები ესწავლა, ეს იყო და ეს. დანარჩენი, საკუთარი ცოდნით წავიდა, მით უმეტეს, რომ იტალიური არ იცოდა, ინგლისურად იყო მის სასწავლებელში სწავლა და წასვლისას ამ ფაქტორმა ხელი არ შეუშალა, ამ ხნის განმავლობაში კი ისე ისწავლა იტალიური, რომ დიპლომი იტალიურად დაიცვა და 100-დან 100 ქულა აიღო.
mshoblebi
საერთოდ, სკოლაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, მაგრამ ბავშვის მონდომება მთავარია. ვიცი საკმაოდ ძვირად ღირებული სკოლები, რომლის მოსწავლეებს მაინც სჭირდებათ დამატებით მომზადება, მაგრამ ბავშვის მონდომება უმნიშვნელოვანესია. ინანო ძალიან მონდომებული იყო, ღრუბელივით იწოვდა ყველაფერს, მეორე შვილს კი ამას ვერ ვატყობ - თუ დავალება არ აქვს, მასზე ბედნიერი არავინაა. უფროს შვილს სხვანაირი "ჟილკა" ჰქონდა, ხუმრობდა კიდეც, სკოლაში მყავდა ორი ხუთოსანი, ვის ჯიბრზეც მაღალ ქულებს ვიღებდიო, არ უშვებდა იმას, რომ ვიღაცას მასზე უკეთესი ქულები ჰქონოდა და ეს გარკვეულწილად კარგია. არასდროს არ შემიმოწმებია, ჰქონდა თუ არა დავალება, რადგან არ აძლევდა თავს უფლებას, მასზე უკეთესი ნიშანი სხვას მიეღო. ვფიქრობ, ეს გადასარევი თვისებაა. მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ არ დამჭირვებია ინანოსთვის თქმა, დაჯექი, იმეცადინე, მაშინ, როცა ვიცი მშობლები, რომლებიც შვილებთან ერთად მეორედ ამთავრებენ სკოლას.
სხვათა შორის, მე ვიცნობ ადამიანებს, ვინც ასწორებენ მისაღები გამოცდების ნამუშევრებს, მათგან ვიცი, რომ განათლების დონე უფრო და უფრო დაბალა მიდის, გამსვლელი ქულა შარშან ბევრად დაბალი იყო, ვიდრე ოთხი წლის წინ, რაც შედეგია იმისა, რომ განათლების ზოგადმა დონემ ძალიან დაიწია. არ ვიცი ეს რის ბრალია, ალბათ ზოგადად დამოკიდებულების, სამსახურების პრობლემის. ვისწავლე, თავი მოვიკალი და მერე??? ძალიან ძნელია, როცა არ გაქვს სტიმული რამე ისწავლო. ბევრ თანამდებობას იკავებს არაპროფესიონალი ადამიანი, ვინც საკმაოდ მაღალ ხელფასსს იღებს, ამის ფონზე კი გეკარგება ყველაფრის და რაც მთავრია, სწავლის სტიმული.

ნანუკა ლითანიშვილი: "კრიტიკულად ვარ ამ საკითხის და ზოგადად განათლების სისტემის მიმართ განწყობილი"
mshoblebi
- აბიტურიენტობის პირველი სირთულე ფინანსური მხარეა, რაც უფრო გაჭირდა ცხოვრება, მით უფრო მეტია გადასახადი რეპეტიტორებთან, ემატება და ემატება ფასები. გარდა ამისა, მასწავლებლებთან მისვლა-მოსვლა ცალკე პრობლემაა, სკოლაში სულ ტყუილად დადიან, გამოდის, რომ იქ მხოლოდ დასაფიქსირებლად მიდიან, მერე კი მასწავლებლებისთვის ანაწილებენ დროს და რეალურად დღე არ ჰყოფნით, რამდენიმე საგანში უწევთ მომზადება.. თუ იპოვე ისეთ იმასწავლებელი, რომ სახლში მოვიდეს, ეს ძალიან კარგი ვარიანტია, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ბავშვები დადიან იქით და მთელი დღის მანძილზე უწევთ ერთიდან მეორესთან მისვლა.

- აბიტურიენტის მომზადება თითქმის იმდენივე ჯდება, რამდენიც მინიმუმ ერთი წლის გადასახადი უმაღლეს სასწავლებელში...
- უფრო მეტი ჯდება, თან ყოველ წელს სკოლის გადასახადიც იმატებს.

- კერძო სკოლას გულისხმობთ, ხომ?
- კი, აბა, სახელმწიფო სკოლა სკოლაა??? თუმცა, მე თუ მკითხავთ, საჯარო და კერძო სკოლა უკევ აღარაფრით განსხვავდება ერთამენთისგან, ძალიან კრიტიკულად ვარ ამ საკითხის და ზოგადად განათლების სისტემის მიმართ განწყობილი. ჩემმა მეორე და მესამე შვილებმა კერძო სკოლა დაამთავრეს, მაგრამ პარალელურად ვამზადებ, ამ მხრივ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სახელმწიფო სკოლაში ივლის ბავშვი თუ კერძოში. ყველა კერძო სკოლაზე არ მაქვს აქცენტი და ყველა არ მომსინჯავს, შედარებით ხელმისაწვდომი რაც იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, იმაზე ვამახვილებ ყურადღებას, თორემ ევროებზე რომაა გადასახადი, მაგაზე არ ვსაუბრობ.

- აბა, რით განსხავავდება კერძო და საჯარო სკოლა ერთმანეთისგან?
- გადასახადით. უხეშად რომ ვთქვა, სუფთა საპირფარეშოთი.

- გარდა ფინანსური საკითხისა, კიდევ რითი უწყობთ ხელს შვილს ამ რთული ეტაპის გადალახვაში?
- ზოგადად ეს ასაკი ისედაც რთულია, ამას ემატება აბიტურიენტობის პერიოდი, ერთად კი საკმაოდ მძიმე ემოციურ ფონს ქმნის, ამიტომაც ყველანაირად ვცდილობ, ზედმეტად არ გავაღიზიანო. ხელს კიდევ ვუწყობ იმით, რომ არ ვერევი მის პროფესიულ გადაწყვეტილებაში. მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, 17 წლის ბავშვები არ არინ მზად ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის, რადგან აზრი ჩამოყალიბებული არ აქვთ მტკიცედ, რათა აირჩიონ ის, რაც უნდათ, მთელი ცხოვრება აკეთონ. ვფიქრობ, ადრეც კია ამ ასაკში პროფესიის არჩევა.

- ექვს წლამდე ასაკის ბავშვებს რომ სკოლაში არ იღებენ, ამაზე რას ფიქრობთ?
- ჩემი აზრით, ჯობია, ბავშვი 7 წლის ასაკში მივიდეს სკოლაში. წინააღმდეგი ვარ, როცა ადრე შეჰყავთ ბავშვები სკოლაში. ვერ ვხვდები, ადრე რატომ უნდა მოვუსპოთ ბავშვობა შვილებს? მაშინ როცა გარკვეული ასაკის მერე, მთელი ცხოვრება არის სწავლა. თუკი შეიძლება, ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ტკბილი და კარგი პერიოდი გავახანგრძლივოთ, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს? სკოლა ხომ მერე ჯოჯოხეთივითაა??? მე ასე მახსოვს, ყოველ შემთხვევაში. გარდა ამისა, თვითონ ბავშვი რაც უფრო მეტხანს ითამაშებს, მეტხანს იქნება იმ სამყაროში, რასაც ბავშვობა, ფანტაზია, სხვა განზომილებაში ყოფნა ჰქვია, მით უკეთესია. რატომ ვაძალებთ და რატომ გვინდა, დროზე ადრე შევიდეს სკოლაში, თუნდაც იყოს ნიჭიერი, ვერ ვხვდები. ეს ნიჭი არსად გაიქცევა, პირიქით, დაღვინებული ბავშვი უკეთ გაითავისებს სასწავლს. ადრე შესულ ბავშვებს მერე სძულდებათ სწავლა, მალე ბეზრდებათ, იღლებიან, არ არიან ფიზიკურად მზად ამისთვის. შეიძლება ბავშვი გონებრივად მზად იყოს სკოლისთვის, მაგრამ არ იყოს მზად დილით ადრე ადგომისთვის, ეს ყველაფერი ხომ პატარ-პატარა სტრესია. აქედან გამომდინარე, მე ყველანაირად ვწელავ ჩემი პატარა გოგოს სკოლაში შეყვანას, უბრალოდ ჩვენს ქვეყანაში 7 წელზე გვიან ბავშვის სკოლაში მიყვანა არ გამოდის. ამ მიზეზების გამო ვცდილობ, შევუნარჩუნო ბავშვობა და სკოლაში შეყვანა გავუხანგრძლივო.
ციცი ომანიძე
8794
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ნინი
0
სხვაობა კერძო და საჯარო სკოლებს შორის მართლაც რომ დიდია.კერძოში ვასწავლი და სამწუხაროდ, ჩემი შვილები ვერ წავიყვანე(ფინანსების გამო).პედაგოგი და მოსწავლე ყველა სივრცეში იგივეა,მაგრამ საჯაროში ,სადაც ამდენი ბავშვია ერთდ,რომელიც ყარს და სამართავად ძნელია,ჩემთვის ,როგორც მშობლისთვის წამგებიანია..იმდენი უფლება მიანიჭეს მოსწავლეებს,რომ უკადრის საქციელზე პასუხს ვერ მოთხოვ.სხვას კიდევ ხელს უშლის და ა.შ.ჩემს სკოლაში კი,დირექტორის წყალობით,მოსწავლეც და მასწა-იც თავის ადგილზეა.ყურადღებას აქცევს ჩაცმულობას,სწავლას და ყოფაქცევას.სამწუხაროა,მაგრამ სხვაობა არის.ცნობილი საჯარო სკოლის პედაგოგი ვნახე და ლამის გადავირიე..ნახევრად იშველი,ყავის ჭიქით ხელში შევიდა გაკვეთილზე..
08:05 / 28-05-2015
ლალუკა
0
თუ სწავლა გინდა ჩვეულებრივშიც კარგად ისწავლი, ბავშვი რომელიც თავის თავზე მუშაობს ყველგან შეძლებს სწავლას, კერძო სკოლაშიც დამყავდა, მაგრამ ტყუილად გადავყარე ფული, თვითონ დაჯდა ქიმიაც თავისით დაიწყო მომზადება, საერთოდ არ უვლია რეპეტიტორთან, ექსტერნად ჩააბარა და იმავე წელს ჯავახიშვილში საკმაოდ დიდი ქულებით მოეწყო, ასე რომ ბავშვზეა დამოკიდებული ყველაფერი, ღამის სამ საათამდე სიცივეში იჯდა და მეცადინეობდა, მცხვენოდა რომ მასზე ადრე დამეძინა, ფრანგული თავისით ისწავლა, ხატავდა და ბალეტზეც დადიოდა, ასე რომ ჩემი გოგონა რომ დავუფიქრდები გმირი იყო, სამსახურიც კარგი იშოვნა, რომ დაამთავრა.
15:37 / 24-05-2015
მსგავსი სიახლეები