ასწავლიან თუ არა სამოქალაქო უსაფრთხოებას სკოლებში და რამდენად სავალდებულოა ექსკურსიები
ასწავლიან თუ არა სამოქალაქო უსაფრთხოებას სკოლებში და რამდენად სავალდებულოა ექსკურსიები
ქობულეთის საშინელმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა, აფორიაქდნენ მშობლებიც და გაჩნდა მეტი ინტერესი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ. საინტერესოა, რამდენად არიან ჩვენი შვილები მზად მსგავსი შემთხვევებისგან თავის დასაღწევად, უტარდებათ თუ არა მასწავლებლებს სპეციალური სწვალება, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, როგორ გადაირჩინონ თავი და როგორ უშველონ ბავშვებს უბედური შემთხვევების დროს. ამ კითხვებით სხვადასხვა კომპეტენტურ უწყებას მივმართეთ.

თავდაპირველად ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს თემურ თორდინავას გავესაუბრეთ:
- თბილისის ყველა საბავშვო ბაღში განახლებულია საევაკუაციო გეგმები, რომლებზედაც დატანილია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოძრაოს და რა გზით უნდა
დატოვოს შენობა პერსონალმა და ბავშვებმა უბედური შემთხვევის დროს. იმავდროულად, ტარდება ტრენინგები, რომლებშიც პერსონალის გარდა ჩართულები არიან აღსაზრდელები, რათა მსგავსი შემთხვევის დროს იცოდნენ, როგორ მოიქცნენ. ეს ყველაფერი დეტალურადაა ასახული ამ სატრენინგო პროცესში. სხვათა შორის, მიმდინარე წელსაც ჩატარდა მსგავსი ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ.
ყველა საბავშვო ბაღშია სპეციალური ხანძარსაწინაარმდეგო სტენდები, სადაც ცეცხლმაქრები და სხვა ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებია მოთავსებული. შესაბამისი სამსახურების მიერ ამ მიმართულებით რეგულარულად ხდება ხარისხის მონიტორინგი. თუ არსებობს გარკვეული შენიშვნები ამ კუთხით, ვთქვათ, თუ დასატენი ან გასაახლებელია ცეცხლმაქრი, ვეხმარებით საბავშვო ბაღებს, რომ ეს ხარვეზები გამოასწორონ.

- ტრენინგი სავალდებულოა ყველა მასწავლებლისთვის, თუ სურვილის მიხედვით ესწრებიან პედაგოგები?
-
ტრენინგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმზრდელებისათვის, მაგრამ მათ გარდა ამ ტრენინგებში ჩართულები არიან დირექტორები, მეთოდისტები და ა.შ.

მასალაზე მუშაობის პროცესში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ს საგანგებო სიტუაციებისა და მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ერთ-ერთ კერძო სკოლაში სიმულაციური მიწისძვრის შედეგად გაჩენილი ხანძრის დროს მოსწავლეების ევაკუაცია განახორციელეს. აღნიშნული სწავლება სააგენტოს მიერ წამოწყებული კამპანიის "სამოქალაქო უსაფრთხოება სკოლებში" ჩატარდა. ჩვენ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ნინო გიორგობიანს დავუკავშირდით და ამ თემაზე რამდენიმე კითხვა დავუსვით:
- შს სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და მთავარი ამოცანაა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შს სამინისტრო საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა მნიშვნელოვან და საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე ინტენსიურად ახორციელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიებს.
ამჟამად, შს სამინისტროს მიერ ხორციელდება ორი საგანმანათლებლო კამპანია საჯარო და კერძო სკოლებისთვის: "სამოქალაქო უსაფრთხოება სკოლებში" და "მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისათვის".
პროექტი "სამოქალაქო უსაფრთხოება სკოლებში" ხორციელდება 2014 წლიდან, ხოლო "მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისათვის" დაიგეგმა და ხორციელდება 2015 წლიდან, ორივე პროექტი გაგრძელდება მომავალშიც.
mshoblebi
აღნიშნული პროექტები ემსახურება არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციასა და მოზარდების ინფორმირებულობას მართლმსაჯულების საკითხებზე, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა საგანგებო სიტუაციებისას (მიწისძვრა, ხანძარი, წყალდიდობა, ავტოსაგზაო შემთხვევა, ქიმიური ინციდენტი და ა.შ.) უსაფრთხოების ზომების შესახებ მათი ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს ექსკურსია უტარდებათ საგანგებო სიტუაციების მართვის ბაზაზე (თბილისის ზღვაზე), სადაც ეცნობიან სამაშველო სამსახურის მუშაობის სპეციფიკას, უტარდებათ პრაქტიკული მეცადინეობები, მაგალითად, მონაწილეობას იღებენ ხეობის გადალახვაში, ალპინისტურ კედელზე ცოცვაში და ა.შ. მაშველების მონაწილეობით ეწყობა სიმულაციური ჩვენებები სხვადასხვა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებასთან დაკავშირებით.
ევროკომისიის პროექტის "DIPECHO" ფარგლებში შერჩეულ საპილოტე სკოლებში ხორციელდება საგანმანათლებლო პროექტი "სამოქალაქო უსაფრთხოება სკოლებში", შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები პროექტში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ახალგაზრდებს უტარებენ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს საგანგებო სიტუაციების დროს რეაგირებაზე მზადყოფნის მიზნით.
mshoblebi
- რა პრინციპით არჩევთ სკოლებს, სადაც სწავლება "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" უნდა ჩატარდეს - მოთხოვნა უნდა გამოიგზავნოს სკოლიდან, რომ თანახმანი არიან მსგავსი ღონისძიებებისთვის, თუ როგორ ხდება ამა თუ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესვლა?
- პროექტი "მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის" ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და მასში მონაწილე სკოლებს არჩევს განათლების სამინისტრო. პროექტში ჩართულები არიან არაქართულენოვანი სკოლებიც.
"სამოქალაქო უსაფრთხოება სკოლებში" პროექტში ჩართულები არიან "DIPECHO"-ს ფარგლებში შერჩეული საპილოტე სკოლები.
ორივე საგანმანათლებლო პროექტმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, შს სამინისტროს ხშირად მოგვმართავენ პროექტებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში სკოლასა და შს სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე ხდება პროექტებში ჩართვა.

ზემოხსენებულ თემებზე სასაუბროდ განათლების სამინისტროსაც მივმართეთ. სამინისტროს წარმომადგენელი ქალბატონი ლალი როზომაშვილი გაგვესაუბრა აღნიშნულ საკითხებზე:

- უტრდებათ თუ არა მასწავლებლებს ტრენინგი ევაკუაციის შესახებ? თუ იციან რა უნდა გააკეთონ უბედური შემთხვევის დროს, როგორ უნდა დაიცვან ბავშვები და გადაარჩინონ საკუთარი სიცოცხლე?
- 2010 წლიდან დღემდე ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი "კატასტროფის რისკის შემცირება განათლებაში", რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ სამთავრობო (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო) და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები (ევროკომისია; გაეროს ბავშვთა ფონდი; გადავარჩინოთ ბავშვები; კატასტროფის ეროვნული ცენტრი; არბაიტელ სამარიტელთა კავშირი; წითელი ჯვარი). სწორედ ამ პროექტის ფარგლებში 12 საპილოტე სკოლის მასწავლებლებს ჩაუტარდათ და კვლავ უტარდებათ ტრენინგები ევაკუაციასთან დაკავშირებით.

- ზემოხსენებული ტრენინგის არსებობის შემთხვევაში, საინტერესოა, ამ ტრენინგზე დასწრება სავალდებულოა სკოლის ყველა მასწავლებლისთვის თუ ნებაყოფლობითია?
- საპილოტე სკოლებისთვის დასწრება სავალდებულოა, ხოლო სხვა სკოლებისთვის არსებობს შესაძლებლობა, სურვილისამებრ გაიარონ ტრენინგი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სპეციალისტები ატარებენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ოფიციალურად კურატორობა აღებული აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სკოლებზე;

- ავალდებულებს თუ არა სამინისტრო სკოლას, თვალსაჩინო ადგილას ჰქონდეს გაკრული საევაკუაციო გეგმა, ხანძარსაწინააღმდეგო დაფა და ხელსაწყოები?
- ყველა სკოლას გააჩნია ვალდებულება, თვალსაჩინო ადგილზე ჰქონდეს საევაკუაციო გეგმა და ხანძარსაწინააღმდეგო დაფა, რომელსაც არეგულირებს კანონი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ და შესამაბისი თემატური კანონქვემდებარე აქტები.

- თუ ტარდება მონიტორინგი საევაკუაციო გეგმის და ასევე ნახძარსაწინააღმდეგო დაფის არსებობის, თუნდაც იმავე ხელსაწყოების, ცეცხლმაქრების ვარგისიანობის შესახებ?
- პერმანენტულად სკოლებში ტარდება მონიტორინგი, რომელსაც ახორციელებს საგანგებო სიტუაციების სააგენტო, თუმცა მომავალში კანონში ცვლილებების საფუძველზე ეს მონიტორინგი უწყვეტ და სრულყოფილ სახეს მიიღებს.

- ისწავლება თუ არა სამოქალაქო უსაფრთხოება სკოლებში?
- საგანი "სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება" დამოუკიდებელ საგნად სკოლებში ისწავლება მე-4, მე-8, მე-12 კლასებში, რომელიც ეფუძნება 2011-2016 წლების ეროვნულ სასწავლო გეგმას. ამჟამად მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესი, იგეგმება რიგი ცვლილებები.

- როგორც ვიცით, ამჟამად შსს-ს მიერ ხორციელდება ორი საგანმანათლებლო კამპანია საჯარო და კერძო სკოლებისთვის: "სამოქალაქო უსაფრთხოება სკოლებში" და "მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისათვის". ამ უკანასკნელში ჩართვა ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და რამდენადაც ვიცით, მასში მონაწილე სკოლებს არჩევს განათლების სამინისტრო. გვაინტერესებს, რა კრიტერიუმებით არჩევთ სკოლებს ამ პროექტისათვის?
- სკოლების შერჩევისას გათვალისწინებული იქნა მათი სპეციფიკა: მდებარეობა (ცენტრი, გარეუბანი, დამცავი ბარიერები, გზის პირას და კორპუსებს შორის მდებარეობა); მოსწავლეთა რაოდენობა (მცირე კონტიგენტი და დიდი კონტიგენტი); სკოლაში სასწავლო ცვლის რაოდენობა (ერთცვლიანი, ორცვლიანი სწავლება), ევაკუაციის განხორციელების შესაძლებლობები, დარღვევათა რაოდენობა და დარღვევის ტიპები.
განსხვავებული ტიპის სკოლებში პროექტის განხორციელება საშუალებას იძლევა დასახული იქნას სხვადასხვა მიმართულებით პრობლემების გადაჭრის გზები, რაც შემდგომში მისაღები იქნება ყველა სკოლისათვის.

- ხომ არ იგეგმება პროექტ "სამოქალაქო უსაფრთხოება სკოლებში" განხორციელება ყველა სკოლაში, იმისათვის რომ ბავშვებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია, როგორ მოიქცნენ საგანგებო სიტუაციების დროს?
- პროექტის ფორმატით საქართველოს ყველა სკოლის დაფარვა რთულია, თუმცა DRR პროექტის მესამე ფაზა, რომელსაც განათლების სამინისტრო და გაეროს ბავშვთა ფონდი ახორციელებს, ითვალისწინებს აქტივობების რაოდენობრივ და შინაარსობრივ გაძლიერებას.

- ბოლო დროს გახშირდა ინციდენტები და უბედური შემთხვევები ექსკურსიების თუ ე.წ. "ზბორების" დროს. საინტერესოა, რამდენად აუცილებელი და სავალდებულოა სკოლებისთვის ექსკურსიები, რომლებიც ყოველ წელს, წელიწადში მინიმუმ ორჯერ ტარდება და გარკვეულ ფინანსებსაც მოითხოვს მშობლისგან, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ რისკებზე, რაც კოლექტიურ ტრანსპორტირებას თუ ლაშქრობებს ახლავს. ასევე სავალდებულო გახდა საცეკვაო თუ სხვა ანსამბლებისა და წრეების მიერ ბავშვების ტარება ე.წ. ფესტივალებსა და გასტროლებზე, რასაც ბოლოს უბედური შემთხვევაც მოჰყვა... საინტერესოა ამ საკითხებზე განათლების სამინისტროს პოზიცია.
- ბავშვის სწავლება და აღზრდა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესით არ შემოიფარგლება, უაღრესად მნიშვნელოვანია კლასგარეშე აქტივობების, მათ შორის საგანმანათლებლო ექსკურსიების განხორციელება, რაც მოსწავლის ინტელექტუალურ-შემეცნებით თვალსაწიერს ზრდის. ექსკურსიების ინიციატორი და შესაბამისად უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი არის სკოლა.
რაც შეეხება ე.წ. "ზბორებს", ფესტივალებსა და გასტროლებს, მათი ორგანიზება სპორტული და სახელოვნებო სკოლების პრეროგატივას წარმოადგენს და მათ უსაფრთხოებაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სკოლა პასუხისმგებელი ვერ იქნება.
ციცი ომანიძე
2340
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?