სკოლას ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია სკოლას ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. მას საგანმანათლებლოსთან ერთად აღმზრდელობითი ფუნქციაც აქვს. ბავშვის პიროვნული განვითარების პროცესი სწორედ სკოლის პერიოდში იწყება. ამ პერიოდში იღებს მოზარდი საწყის განათლებას და ამ პერიოდში უყალიბდება მას კრიტიკული აზროვნება.
როგორც სასკოლო პრაქტიკა გვიჩვენებს, სასკოლო მოტივაციის დაქვეითების პრობლემა თავს იჩენს სასკოლო სწავლების მე-2 და მე-3 საფეხურებზე გადასვლისას. გარდამავალ ასაკში ხდება სასწავლო მოტივაციის ასაკობრივი დაქვეითება. ამ დროს უაღრესად მნიშვნელოვანია გააზრება და განსაზღვრა იმისა, თუ რით შეიძლება მოსწავლეზე ზემოქმედება, მისი მოტივირება. მასწავლებელმა სწავლების პროგრამა ისე უნდა ააგოს, რომ როგორმე გადალახოს მე-6 - მე-8 კლასებისთვის დამახასიათებელი აკადემიური მოსწრების დაქვეითება.
თუ როგორ ცდილობს ამ პრობლების მოგვარებას წმ. გიორგის სახელობის სკოლა, გვესაუბრება ამავე სკოლის ფსიქოლოგი, მაია კოპალიანი:
სწავლის პროცესში მოსწავლის ჩართულობის შენარჩუნება დაწყებითი კლასებიდანვე მნიშვნელოვანია. ჩვენი მასწავლებლების უმრავლესობას კარგად აქვს გააზრებული, რომ მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, ძალიან რთულია დიდი ხნით ერთსადაიმავე საკითხზე ან აქტივობაზე ყურადღების კონცენტრირება. ამიტომ მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესი შეზავებული და დაბალანსებული იყოს მრავალფეროვანი ინტერაქტიული აქტივობებით, თამაშით სწავლების ელემენტებით. აქტივობების ამგვარი მონაცვლეობა, გარდა იმისა, რომ მოსწავლეებისთვის სახალისოსა და საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს, საშუალებას აძლევს მათ, დაზოგონ ფიზიკური და ფსიქიკური ენერგია და უკეთ აითვისონ შესწავლილი მასალა. ზედა საფეხურის მოსწავლეებთან მსგავსი შედეგების მისაღწევად ჩვენი მასწავლებლები იყენებენ სწავლა-სწავლების ეფექტურ აქტივობებს, მუშაობის მრავალფეროვან ფორმას, ე. წ. "ენერჯაიზერებსა" და სხვ...
ამყველაფერს, ცხადია, ხელს უწყობს ცხრილი, რომელიც არის მოსწავლეზე ორიენტირებული. ვგულისხმობთ იმას, რომ ძირიათად გაკვეთილებს შორის არის არა ძირითადი გაკვეთილები (მუსიკა, ხატვა, კერამიკა, სპორტი, ცეკვა და ა.შ.). ეს საშუალებას აძლევს მოსწავლეს, განიტვირთოს დაძაბული გონებრივი მუშაობის შემდეგ, გადაერთოს ფიზიკურ, მუსიკალურ თუ ესთეტიკურ აქტივობებზე და მხოლოდ შემდეგ ჩაერთოს კვლავ სასწავლო პროცესში.
სკოლაში გაკვეთილების თანმიმდევრობა ისეა დალაგებული, რომ ძირითად გაკვეთილებს შორის არის დამატებითი გაკვეთილები, რომ მოსწავლეებმა მოახერხონ ფსიქოლოგიური განტვირთვა. ძირითადი საგაკვეთილო პროცესის შემდეგ მოსწავლეები სადილობენ, რის შემდეგაც ერთი გაკვეთილი უტარდებათ ეზოში, სუფთა ჰაერზე, სადაც ძირითადად სხვადასხვა სპორტული აქტივობით არიან დაკავებულნი.
- რა როლს თამაშობს ამაში სკოლის ინფრასტრუქტურა?
- სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფიჭვნარი, გამწვანებული სივრცე და სპორტული მოედანი მოსწავლეებისთვის საუკეთესო საშუალებაა ეკოლოგიურად სუფთა და ჟანგბადით გაჯერებულ გარემოში გაერთონ, დაისვენონ და დაიმუხტონ პოზიტიური ენერგიით. ეზოში ისინი, სურვილისამებრ, ან სპორტულ აქტივობებში ერთვებიან, ან შემეცნებით-გასართობ თამაშებში, რომელსაც მათ აღმზრდელის თავაზობს.
- საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის ჩართულობის გარდა მნიშვნელოვანია აგრეთვე მათ მიერ საშინაო დავალებების მომზადების უზრუნველყოფა. როგორ ახერხებთ ამას?
- საშინაო დავალების მომზადება პირველიდან მეცხრე კლასის ჩათვლით სკოლაშივე ხდება. თუმცა უნდა ითქვას, რომ სრულფასოვნად, დავალების 100%-ს, მოსწავლეები სკოლაში მხოლოდ დაწყებით საფეხურზე (I-III კლასებში) ამზადებენ. მე–3კლასიდან კი დავალებების მცირე ნაწილი შინ მიაქვთ, რათა ეტაპობრივად განუვითარდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა და დავალების დამოუკიდებლად შესრულების უნარი. ამდენად, III-VI კლასების მოსწავლეები დავალების დაახლოებით 80–90%-ს ასრულებენ სკოლაში, დანარჩენს კი შინ. თუმცა აქ მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების, დავალების შესრულების ტემპის და ა. შ. გათვალისწინებაც მნიშვნელოვანი მომენტია. რაც შეეხება ამ მეთოდის გამართლებულობას, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სკოლა ამ პრინციპით უკვე19 წელია მუშაობს და შედეგებით ჩვენც ძალიან კმაყოფილებივართ და მშობლებიც.
R