ვასიკო კეჟერაძისა არ იყოს, ამ შეკითხვას მთელი ცხოვრება ველოდი... ეს ინტერვიუ მერვეკლასელმა გოგონამ ჩაწერა თავის საყვარელ მასწავლებელთან, ჩვენი საიტის პროექტ-ექსპერიმენტის ფარგლებში. მას სურს გაგვაცნოს ერთი არაჩვეულებრივი და განათლებული ქალბატონი, მისი ქართულის პედაგოგი თინათინ ანასაშვილი.
- არ მინდა საუბარი ჩვეულებრივი კითხვებით - "როდის და სად დაიბადეთი" დავიწყო. მინდა პირდაპირ თქვენს პროფესიაზე გადავიდეთ. თქვენ ლიტერატორი ხართ. ბავშვობიდან გინდოდათ ამ სფეროს დაუფლებოდით? რატომ მაინცდამაინც ქართული?
- ლიტერატურა მართლაც ჩემი ბავშვობის სიყვარულია, ერთადერთი და ნამდვილი. ეს სიყვარული ოჯახიდან მომყვება. რატომ მაინცდამაინც ქართული? ალბათ იმიტომ, რომ "ყოველი საიდუმლო ამა ენასა შინ ადამარხულ არს". ლიტერატურა კი ოდითგანვე სიბრძნის დარგია, "საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი".
- როგორც ვიცი, ჟურნალისტი იყავით... მოგვიყევით ამაზე...
- ჰო, ჟურნალისტი ვიყავი, მთელი შვიდი წლის განმავლობაში. ეს იყო უსაზღვროდ საინტერესო და შრომატევადი საქმე, მაგრამ არა "ჩემი". თუმცა მან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მომცა.
- რომელი ჯობია, ბავშვებთან ურთიერთობა თუ რადიო?
- ბავშვებთან ურთიერთობა თუ რადიო? რა საკითხავია, ბავშვები. ეს გაძლევს საშუალებას, საკუთარ სულში მარადი ბავშვი შეინარჩუნო - ლაღი, გულწრფელი, უმანკო და არა ჭირვეული ინფანტი. რადიოს ხიბლი აქვს, ბავშვებთან ურთიერთობას - მადლი.
- რომელიმე მწერალსა და წიგნს ხომ ვერ გამოარჩევდით?
- ძნელია ერთი რომელიმე მწერლისა თუ წიგნის გამორჩევა. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპსა თუ განწყობაზე განსხვავებულ მწერლებს დავასახელებდი. თუმცა მარადიული "ვეფხისტყაოსანია" და ფსალმუნები. აქ ყველა კითხვაზეა პასუხი.
- რომელ საუკუნეში იცხოვრებდით (ოღონდ ტერიტორიულად კვლავ საქართველოში) და რას შეცვლიდით?
- რომელ საუკუნეში ვიცხოვრებდი? ვასიკო კეჟერაძისა არ იყოს, ამ შეკითხვას მთელი ცხოვრება ველოდი. რამდენიმე ვერსია მაქვს:
1. აიეტისა და მედეას ეპოქაში და იმ საზიზღარ იაზონს ფეხსაც არ დავადგმევინებდი ჩვენს მიწაზე. არც მედეას ქალური ღირსების შეურაცხყოფის უფლებას მივცემდი ვინმეს, თუნდ მილიონი ოქროს სანაცვლოდ. მაგრამ ეს მერე იყო...
2. ვიბრძოლებდი დიდგორის ომში, თუმც არა მგონია, რამე შემეცვალა - ესეც აღმაშენებლის ეპოქა.
3. აუცილებლად, აუცილებლად ავირჩევდი "ოქროს ხანას", რომ ერთხელ მაინც შევხვედროდი რუსთაველს.
4. ჰო, აუცილებლად ერეკლე მეორის დროს და იმ ოხერ გეორგიევსკის ტრაქტატს სულ ნაკუწებად ვაქცევდი.
- ხშირად ოცნებობთ ხოლმე? რა არის თქვენი ოცნება?
- ხშირად ვოცნებობ, ძირითადად ბავშვურ, სასაცილო რამეებზე. სხვა შემთხვევაში კი გეგმები მაქვს, ხან რომ ვახორციელებ და ხან - ვერა.
- ისე ვერ გაგიშვებთ, ჩემს თაობაზეც რომ არ გკითხოთ. რას იტყვით ამ ახალ თაობაზე?
- მე მიყვარს თქვენი თაობა, მომწონს კიდეც. თავისუფლები ხართ, ლაღები, მაძიებლები. ეპოქის შვილები, ვფიქრობ, ეპოქაზე აღმატებულნი.
- ძველი თაობის რაიმე ისეთ თვისებას ხომ ვერ გაიხსენებდით, რომელიც "ახლებს" არ აქვთ?
- "შვილებს" "მამების" თავშეკავებულობა აკლიათ, ალბათ. ის გულის სითბო, უფროსებისადმი პატივისცემა, მოკრძალება, რაც, ვფიქრობ, უფრო ეპოქის ნაყოფია და არა თაობის ნიშანი.
- და ბოლოს, ჩვენ, ახალგაზრდებსა და ზოგადად ქართველებს, რჩევა მოგვეცით, რომელიც თქვენი აზრით, უკეთესობისკენ შეგვცვლის.
- არ ვიცი, მაქვს თუ არა უფლება, ვინმეს რამ ვურჩიო. უფრო ვისურვებდი შეგვესრულებინა მაცხოვრისეული - "იყვარებდეთ ურთიერთას", რადგან "დედამიწას სიყვარული ატრიალებს".
თაკო სვიმონიშვილი